ჩვენი მეტოქე - კიშინიოვის “დაჩია”
როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გამართულმა კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე მოლდოვის ჩემპიონი კიშინიოვის საფეხბურთო კლუბი ”დაჩია” იქნება.
“დაჩია” 1999 წელს დაარსდა. საშინაო თამაშებს კიშინიოვში ატარებს. სხვანაირად ამ კლუბს “ლურჯ-ყვითლებად” (ფორმის ფერები), ”დაკებად” და “მგლებად” მოიხსენიებენ.
ევროტურნირებზე დებიუტი კიშინიოველებს 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ. უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტაინის “ვადუცთან” შინ 2:0 დამარცხდნენ, სტუმრად კი მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ტურნირს გამოეთიშენ. 2008-2009 წლებში, ისევ უეფას თასზე, ”დაჩია” სერბულ “ბორაცს” ვერ გასცდა (შინ 1:1, სტუმრად 1:3). ბოლო ორ სეზონში კი ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა: 2009-2010 წლებში სლოვაკური “ჟილინათი” დაიწყო და დაასრულა (შინ 0:2, სტუმრად 1:0) კიდეც, ხოლო შარშან პირველად შეძლო ერთი ბარიერის დაძლევა. მონტენეგროს “ზეტასთან” ნათამაშები ორი ფრის (0:0, 1:1) შემდეგ, ბურთების უკეთესი სხვაობით მოლდოველებმა იხეირეს. ხოლო მეორე რაუნდში, შვედურ “კალმართან” ვეღარას გახდნენ (შინ 0:2, სტუმრად 0:0).
მოლდოვურ კლუბში “ზესტაფონში” ნათამაშები 2 ფეხბურთელი ირიცხება: ნახევარმცველი ლევან კორღალიძე და მცველი დავით გამეზარდაშვილი. კორღალიძეს ადგილობრივი სპორტული გამოცემები კლუბის ლიდერად მიიჩნევენ. განაცხადში ერთი ქართველიცაა: მცველი მამუკა ლომიძე.
ქართველთა გარდა მოლდოვას ჩემპიონს განაცხადში კიდევ ექვსი ლეგიონერია: მაკედონიელი გორან დიმოვსკი და ტოგოელი აბდულ-გაფარ მამახი მცველები არიან, რუსი რუსლან კარტოევი – ნახევარმცველია, ხოლო ნიგერიელი ბაბატუნდე კოლინსი, განელი ერიკ საკეი და რუსი ალექსანდრ ნეჩაევი – თავდამსხმელები.
“დაჩიაში” 2007-2009 წლებში “ზესტაფონის” ამჟამინდელ ფორვარდ ჯაბა დვალსაც უთამაშია.
კიშინიოვური გუნდის მთავარი მწვრთნელი 43 წლის იგორ დობროვილსკია – წარსულში ცნობილი ფეხბურთელი. საბჭოთა კავშირისა (1986-1991) და რუსეთის (1992-1998) ნაკრებების წევრი. მწვრთნელობა ჯერ კიდევ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე დაიწყო - 2004-2006 წლებში ტირასპოლის “ტილიგულის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო, 2007-2009 წლებში მოლდოვის ნაკრებს ედგა სათავეში, ხოლო “დაჩია” შარშან ჩაიბარა და კიშინიოვური დებიუტი ჩემპიონობით გაილამაზა. კლუბმა ტირასპოლის” შერიფის მრავალწლიანი ჰეგემონია დაასრულა (9 ქულით გაუსწრო). ჩემპიონატში ჩატარებული 39 მატჩიდან 27 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
უეფას საკლუბო რეიტინგში კიშინიოვის “დაჩია” 267-ე ადგილზეა, 2549 ქულით.
|