18.06.2011

 

 

 

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

ბომბარდირის გულისტკივილი - რატომ აღარ გვაჯილდოებენ?

 

 

 

 

ნიკა გელაშვილი მეორედ გახდა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი: მე-20 ჩემპიონატში 20 გოლით, დასრულებულში კი - 18-ით და "ლელომ" ახლახანს ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა. 25 წლის ფორვარდს 21-ე ჩემპიონატშიც ჰქონდა შანსი, მაგრამ ბრაზილიელმა აკინომ აჯობა და 16 გოლით მეორე ადგილს დასჯერდა.



- ამ თვრამეტი გოლიდან პენალტით ერთიც არ გამიტანია - სიამაყით ამბობს "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.

- ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირობა და საუკეტესო თავდამსხმელობა პრესტიჟულიც არის და პრაგმატულადაც სასურველია. ამ ტიტულებით ნორმალური ლიგისკენ გზას იოლად იკვლევენ.
- რა თქმა უნდა, ტიტული ბევრს ნიშნავს, მაგრამ ევროპელები საქართველოს ჩემპიონატს კარგად არ იცნობენ და ძალიან ძნელია გზა გაიკვალო.
უცხოელებს რა უნდა მოვთხოვთ, როცა ჩვენი ჩეპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს თავად არ ვაფასებთ. ადრე პროფლიგა "დიას" დაჯილდოებით ფეხბურთელებს ზეიმს გვიწყობდა. ბოლო ორი სეზონიამ ესეც არ ტარდება და გული მწყდება. მადლობა "ლელოს", რომ საუკეთესოები დაასახელა, მაგრამ სხვა განცდაა მასშტაბურ ღონისძიებაზე დაჯილდოება, როდესაც ხალხი გიყურებს და შენს შრომას აფასებს. ფეხბურთელისთვის ტაშზე და სახალხო აღიარებაზე დიდი სტიმული არ არსებობს.
ასე იწერება ისტორია, პრიზს სახლში მიიტან, შვილებს, მერე კი შვილიშვილებს აჩვენებ და იამაყებ, ამიტომ გვიხარია ბომბარდირობა, საუკეთესო ფეხბურთელობა და სხვა წოდებები. არადა, ამ ყველაფერის თავის მობმა ძნელი საქმე არ არის.

- გასული ორი სეზონის შემდეგ, ალბათ, ბომბარდირობის სურვილიც გქონდა და იმედიც.
- რა თქმა უნდა. თუმცა სერიოზული კონკურენტები მყავდა, წინამძღვრიშვილი, დვალი, მოდებაძე, მეგრელაძე. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე.

- "ლოკერენში" უნდა გადასულიყავი - ტრავმამ ტრანსფერი ხომ არ ჩაშალა?
- არა მგონია, ტრავმა ისეთი სერიოზული იყოს, ტრანსფერი ჩაშალოს. თუ ბელგიელები დაინტერესებულები არიან, წამიყვანენ კიდეც.

- ითქვა, ინდივიდუალურად ვარჯიშობსო. მოედანს ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე დაუბრუნდები?
- ვარჯიშის დაწყება კი მინდოდა, მაგრამ აქამდე ვერ შევძელი. კოჭ-სახსარი სამ ადგილზეა დაზიანებული და ჯერ არ ვიცი, ლიგის მატჩებამდე მოვმჯობინდები თუ არა. თუმცა "ზესტაფონს" ავსტრიულ შეკრებაზე მივყვები.

- ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით თავი ვერ გამოიჩინე. რა გაბრკოლებს, სხვა დონეა თუ ვერ გაშინაურდი?
- ბიჭებთან გაშინაურება პრობლემა არ ყოფილა, მეგობრული გუნდია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში თამაში ძალიან ძნელია - ბევრად მაღალია ტემპი, კლასი, სხვა ყველაფერი. ალბათ, საქართველოში მოთამაშეებს მეტი საერთაშორისო გამოცდილება გვჭირდება, ნაკრებში თავი რომ გამოვიჩინოთ. ამ დონიდან სანაკრებოზე უცებ ვერც გადაერთვები.

- ბევრის აზრით, საქართველოში უკეთესი მოედნები რომ იყოს, თავდამსხმელები უფრო შედეგიანები იქნებოდნენ.
- ცხადია, ასეა, სად კარგ მოედანზე რომ თამაშობ და სად საქართველოში. კარგ მოედანზე თავისუფლად არტყამ, აქ კი ფიქრობ, ბურთი უსწორმასწორო ადგილზე არ მოხვდეს და ფეხიდან არ აგიხტეს.

- რომელი იყო სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ლამაზი გოლი?
- ჩემთვისაც და გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ყველა, 18 გოლი, ისევე, როგორც ჩვენი ბიჭების გატანილი სხვა გოლები. ყველაზე ლამაზი კი სამტრედიაში გატანილი გოლი იყო, როდესაც ქუსლით ორი მცველი უკან მოვიტოვე და ლამაზი გოლი გავიტანე.

  მერაბ მამულაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005