15.06.2011

 

 

 

 

ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან

 

 

 

 

 

 

 

"ლელომ" გასული სეზონის საუკეთესო შემცვლელად "ზესტაფონის" 23 წლის თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილი დაასახელა. მისი შეცვლაზე შესვლა მოწინააღმდეგისთვის ცუდის ნიშანი იყო - ძირითადში თამაშს მოწყურებული თავდამსხმელი თავს არ ზოგავდა, 13 გოლი გაიტანა, ცამეტჯერვე შეცვლაზე და სეზონში ყველაზე მეტი - 4 "დუბლი" შეასრულა!

 


- გასულ სეზონში ყველას შეახსენე თავი. ალბათ, ამით იყო სეზონი დასამახსოვრებელი.
- მიხარია, რომ "ლელომ" საუკეთესოებში დამასახელა. შემცვლელის კვალობაზე ცოტა მართლაც არ გამიტანია. თუმცა მეტიც შემეძლო. იყო მომენტი, ძირითადში დამკვიდრების შანსი მომეცა, რამდენჯერმე სასტარტოშიც მათამაშეს, მაგრამ ისე ვერ გამოვიჩინე თავი, როგორც შეცვლებისას.

- თავის დროზე ხომ "ამერშიც" ასე იყო - შეცვლაზე გაგქონდა.
- მაშინ 17 წლის ვიყავი და შეცვლაზე თამაშს ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევდი. ახლა 23 წლის ვარ, მეტი ამბიცია მაქვს, ფორმაშიც ვარ და მეტის გაკეთებაც შემიძლია. ალბათ, მეტი შანსი მომეცემა.

- "ზესტაფონში" დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, გეტყობა, არ გაკმაყოფილებს.
- ნაკრებში რომ არ მეთამაშა, მაინც უკმაყოფილო ვიქნებოდი. მაგრამ ჩვენ ძლიერი თავდასხმის ხაზი გვყავს და ვცდილობ, მწვრთნელის კეთილგანწყობა დავიმსახურო. უკმაყოფილება არ ნიშნავს, რომ ვბუზღუნებ, ეს ერთსულოვანი გუნდა და მწვრთნელის აზრს პატივს ვცემ.

- 17 წლისა ნაკრებში გათამაშეს, ახლა თუ გრძნობ ან იცი, რომ ნაკრებში ყურადღებას გაქცევენ?
- მე არ ვიცი, ქეცბაია ყურადღებას მაქცევს თუ არა, მაგრამ იმას კი ვხედავ, ვინც თავი გამოიჩინა, ნაკრებში თითქმის ყველა მიიწვია. ეს მაიმედებს, რომ ადრე თუ გვიან შანსს მეც მომცემს. თუმცა ახლა "ზესტაფონის" დუბლებში ვარ და გამოძახებას არც ვიმსახურებ. არაფერია, ჩემს შანსს დაველოდები.

- "ზესტაფონში" ჩარიცხვის შემდეგ შენთვის რა შეიცვალა?
- ბევრი რამ. არადგილობრივისთვის ზესტაფონში ცხოვრება, გზაში ხშირად ყოფნა შეიძლება ძნელია, მაგრამ გუნდია ძლიერი. ეს ყველაფერი საჭიროც იყო, რადგან სეირნობა-გართობისკენ გული აღარ მიმიწევს, სულ რეჟიმში ვარ და ვგრძნობ, ძალიან შევიცვალე. ასეც სჯობდა, რათა ნამდვილი პროფესიონალის ცხოვრება მესწავლა. ფეხბურთის თამაში თუ გინდა, ყველაფერი უნდა გაიღო და რამდენიმე წელი დაუთმო. კარიერა დიდხანს არ გრძელდება და უნდა მოითმინო. თანაც, მჯერა, რომ თამაში შემიძლია, წინსვლის შანსი მაქვს და ყველაფერი მართლა ჩემზეა დამოკიდებული.

- მომავალ სეზონში ბომბარდირობა მიზნად თუ გაქვს?
- რა თქმა უნდა. ბომბარდირობა მაშინაც მინდოდა, როდესაც უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ვატარებდი. წლეულსაც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. მაქსიმალურად შევეცდები, ბომბარდირი გავხდე.

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში კარგია, მაგრამ აქედან რას ელი?
- თუ გაგვიმართლა და ძალიან ძლიერი მეტოქეები არ შეგვხვდა, მესამე ეტაპამდე გაღწევა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც შეგვიძლია, იქ უკვე ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები იქნებიან

- შენი აზრით, დღეს ქართული კლუბები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მზად არიან?
- წინასწარ მხოლოდ ის ვიცი, რომ მესამე ეტაპზე სუსტი მეტოქე აღარ ითამაშებს. რა შეუძლია "ზესტაფონს", ეს უშუალოდ ტურნირზე გამოჩნდება. ევროპის ლიგაში მოხვედრა უფრო რეალური მგონია.

- ეს გუნდი სამი წელი ყალიბდებოდა და ბევრი იმედოვნებს, რომ ბრძოლა შეგიძლიათ.
- მართლაც ასეა, შარშანდელზე უკეთესი გუნდი გვყავს, ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით ჩავატარეთ და, რაც მთავარია, დამსახურებული ჩემპიონები ვართ. ახლა არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ, როდესაც იცი, რომ ოქროს მედალს პატიოსანი თამაშით აღწევ, ასეთი ჩემპიონობა ორმაგად სასიხარულოა.
მოთამაშეების მხრივაც საუკეთესოდ დაკომპლექტებულები ვართ, გვყავს ყველაზე დაბალანსებული გუნდი, სადაც სერიოზული კონკურენციაა.

- უმაღლეს ლიგაში შენი სადებიუტო სეზონის შემდეგ ჩემპიონატის დონე უკეთესობისკენ შეიცვალა?
- რომ ვთქვა, დიდი პროგრესია-მეთქი, მოგატყუებთ. თითქმის იგივე დონე და ბევრად უარესი სტადიონები და მოედნებია. როდესაც ესეც კი სანატრელია, რომელი მაღალი დონის და ლამაზ ფეხბურთზეა ლაპარაკი? ისედაც ხომ დავფრინავთ, ასეთ მოედნებზე კი, საერთოდ... სიმართლე ეს არის. დიდ ფულს და გრანდების პირობებს არავინ ითხოვს, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, თამაშის საშუალება მოგვცენ?! ორი სტადიონია, სადაც ფეხბურთი მსიამოვნებს, ზესტაფონში და ეროვნულზე, ამბობენ, ახლა ქუთაისშიც აკეთებენო და გამიხარდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელები რაზე ვფიქრობთ.



  მერაბ მამულაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005