09.06.2011

 

 

 

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

ჩემპიონი და ქართული საქმე

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია

საქართველოს ჩემპიონის – „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია ძალიან დიდი ხანია, ფეხბურთით ცხოვრობს. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ სწორედ ილია კოკაიაა პირველი ქართველი, ვინც დაახლოებით 15 წლის წინათ გახდა ფიფას ლიცენზირებული აგენტი და თავის დროზე ისეთი სერიოზული ტრანსფერები განახორციელა, მთელი ევროპა ამაზე ლაპარაკობდა. ილია კოკაიას მოზრდილი წვლილი დონეცკის „შახტარის“ დღევანდელ წარმატებებშიცაა. მერე კი ქართულ გუნდს მოჰკიდა ხელი. ექვსი წელი მის „ზესტაფონს“ ხარჯის მეტი არაფერი ჰქონია. ცნობილი საფეხბურთო „ცუღლუტობებით“ „ზესტაფონს“ ჩემპიონობა აქამდეც რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ასეთი არაფერი უკადრებია. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდა კლუბს და ახლა „ზესტაფონი“ პირველად ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდეც მიიყვანა. აშენებს სტადიონსა და ბაზას. თავად ამბობს, ზესტაფონი ქართული საფეხბურთო მექა უნდა გახდესო...

საქმე კიდევ ბევრია, უახლოესი მიზანი და საფიქრალი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებია, „ზესტაფონი“ რომ პირველად ითამაშებს. ამბიციაც შესაბამისია – „ზესტაფონს“ ლიგის ჯგუფში მოხვედრა სურს. დანარჩენი კი ქვემოთ წაიკითხეთ. „ზესტაფონის“ პრეზიდენტმა ილია კოკაიამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

 

ექვსი წლის შემდეგ

„ჩვენ ამ ტიტულისკენ ექვსი წელი მივდიოდით. მართალია, „ზესტაფონი“ ჩემპიონობისთვის წინა სეზონშიც მზად იყო, მაგრამ ზოგიერთი კლუბის საქმისადმი სხვანაირმა მიდგომამ ამ ნაბიჯის გადადგმაში ხელი შეგვიშალა... ახლა კი, როცა უკვე ჩემპიონები ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე და იქ წარმატებულ გამოსვლაზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩანან ის ფეხბურთელები, ვისი მოყვანაც მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს, ხოლო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც „ზესტაფონს“ სრულფასოვნად მოერგებიან, ევროპაში მილიონები ღირს. აგერ, გვყავდა ხორვატი გრუიცა, მაგრამ მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და უკვე სამშობლოში გაემგზავრა. თუმცა ამ ფეხბურთელმა კლუბს ერთი სამსახური მაინც გაუწია – მისი მოსვლის შემდეგ დაცვის ხაზში კონკურენცია ამაღლდა, რაც ნებისმიერი გუნდისთვის აუცილებელია. მოკლედ, ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას ვიწყებთ და ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის პრეზიდენტი ვარ. ჩვენ სუფთად და ყოველგვარი მაქინაციების გარეშე გავხდით ქვეყნის ჩემპიონები“.

„ზესტაფონი“ და ფედერაცია

„არ შეიძლება, კლუბი ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირებული იყოს, თუმცა, რაც კარგად ჩანს, არც იმის უთქმელობა იქნება. ფედერაციის საკანონმდებლო ბაზა, დებულება და კიდევ ბევრი რამაა მოსაყვანი წესრიგში... ჩამოვიყვანეთ ხორვატი ლეგიონერი გრუიცა და ფედერაციაში მის დასარეგისტრირებლად 15 ათასი მოგვთხოვეს. ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ, რატომ გვახდევინებთ ამ ფულსო და ვერაფერი გვითხრეს. თურმე მეორე ლიგის რომელიღაც გუნდში 23 აფრიკელი ყოფილა და ამიტომ, ფედერაციაში ყველა ლეგიონერზე გადასახადი დაუწესებიათ. კი, მაგრამ, ბუნებრივად ისმის კითხვა – რომელიღაც მეორე ლიგის გამო მე რატომ მზღუდავ?! “...

წასვლა და 500 ბავშვი უფასოდ

„კი, მართალი ხართ, ფეხბურთიდან წასვლა ორჯერ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ორჯერვე გადავიფიქრე. მარტივად, იმ ფულით, რაც „ზესტაფონის“ კეთილდღეობისთვის მაქვს დახარჯული, ჩემს ოჯახსა და ახლობლებს მინიმუმ ერთი წელიწადი არაფერს გავუჭირვებდი. რომ იტყვიან, ჩვენს გემოზე ვიქნებოდით, მაგრამ... ერთხელ ოჯახმა მითხრა, შენი კარმაა ისეთი, ფეხბურთს ვერ ჩამოშორდებიო. მეორედ კი ზესტაფონელი გულშემატკივრები შემხვდნენ და მათ მითხრეს, ფეხბურთიდან რომ წახვიდე, ამ ბავშვებს რა პასუხს აძლევო. მეორედ მაშინ გადავიფიქრე. „ზესტაფონის“ საფეხბურთო სკოლაში 500 ბავშვი სრულიად უფასოდ ვარჯიშობს. ისინი, ფაქტობრივად, ქუჩას გამოვგლიჯეთ. თან თითქმის ყველა ეს ბავშვი გაჭირვებული ოჯახებიდანაა და ყველა ხარჯს კლუბი ფარავს. ამ 500 ბავშვიდან ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ დადგება, მაგრამ ერთი-ორმა მაინც რომ ითამაშოს კარგი ფეხბურთი, ესეც წარმატება იქნება“.

უშუქობა და 12 მილიონი

„ამ ექვსი წლის მანძილზე, რაც „ზესტაფონში“ ვარ, 12 მილიონზე მეტია დახარჯული. ამ ფულით, დამეთანხმებით, შემეძლო კარგი იახტა შემეძინა, მდიდრული აგარაკი, მაგრამ არა, იმ სიამოვნებას, რასაც ახლა „ზესტაფონში“ ვიღებ, არაფერზე გავცვლიდი. ნელ-ნელა ჩვენი კლუბი უკვე ბრენდად ყალიბდება. უკვე ის დროა, როცა „ზესტაფონმა“ ევროპაშიც უნდა თქვას თავისი სიტყვა. ჩვენ ამისთვის არაფერს დავიშურებთ და რამდენად გამოგვივა ეს ახლავე, ერთ-ორ თვეში გამოჩნდება. გამოცდილება კი უკვე გვაქვს. მაგალითად, წინა ზაფხულს, როცა ლვოვის „კარპატს“ ვუმასპინძლეთ, ზესტაფონის სტადიონზე შუქი ჩაქრა და მატჩის შედეგზე აღარ ვდარდობდი, ვფიქრობდი, ოღონდ მალე ჩამთავრდეს ეს თამაში-მეთქი. ზესტაფონის სტადიონზე უკვე ბილეთებიც იყიდება და გულშემატკივარი ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, ფეხბურთი სანახაობაა, სანახაობაში კი მაყურებელმა ფული უნდა გადაიხადოს“.

სტადიონი და ბაზა

„ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ერთი ბუნებრივსაფარიანი, იდეალური მოედანი უკვე გავაკეთეთ და გუნდი იქ ვარჯიშობს. წლეულსვე დავამთავრებთ ბაზაზე საცხოვრებელ კორპუსს და ვაკეთებთ კიდევ სამ მოედანს. იქვე მდებარე ტექნიკუმის შენობის გადმოცემაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება, სადაც სკოლა-ინტერნატის მოწყობა გვაქვს ჩაფიქრებული და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მერე უკვე ზესტაფონი ნამდვილი ”საფეხბურთო მექა” იქნება. სტადიონის პროექტიც უკვე დამტკიცებულია და რეკონსტრუქციასაც მალე დავიწყებთ. ესპანელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ვიდეოტაბლოს დაგვიმონტაჟებენ“.

„ზესტაფონი“ და ტრანსფერები

„გვსურს, რომ კლუბი არც ერთმა ფეხბურთელმა არ დატოვოს, მაგრამ თუ კარგ წინადადებას მივიღებთ, ფეხბურთელის ტრანსფერს არ შევაფერხებთ. ჩვენ არ ვფიქრობთ ისე, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ მილიონები ავიღოთ და მერე მისი ბედი კლუბისთვის სულ ერთი გახდეს. რომელ კლუბშიც „ზესტაფონის“ ფეხბურთელი წავა, მან იქ აუცილებლად უნდა ითამაშოს. ჩვენ ფეხბურთელს უფრო იმ კლუბში გავყიდით, სადაც ის რეგულარულად ითამაშებს, ვიდრე იქ, საიდანაც უფრო სარფიან წინადადებას მივიღებთ. მიმაჩნია, რომ კლუბმა თავის სახელსა და ავტორიტეტზე უნდა იფიქროს. როცა გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა და იქ თამაში დაიწყო, „დინამოს“ მაშინდელ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას ნახევარი უეფა უკან დასდევდა და ქინქლაძეზე ელაპარაკებოდა. ჰოდა, ის სახელი ყველანაირ ფულზე მეტია. მსურს, რომ „ზესტაფონის“ შემთხვევაშიც ასე იყოს.   ჩვენი ფეხბურთელებიც უკვე აცნობიერებენ, რომ „ზესტაფონის“ ფეხბურთელები არიან და წასვლაზე, ოღონდ კონტრაქტი მალე დამიმთავრდესო, აღარავინ ფიქრობს. „ზესტაფონი“ ნელ-ნელა ტრადიციების კლუბად ყალიბდება. აქ თამაში საამაყო უნდა იყოს. ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, როცა საფეხბურთო კარიერას დაამთავრებს, მას ამ კლუბში დასაქმების პერსპექტივა ელის“...

იბეჭდება შემოკლებით ...

კობა ინასარიძე, გაზეთი ”პრაიმტაიმი”
   
FC ZESTAFONI © 2005