ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.
ჩემპიონობა, თასი... ორივე მიზანი გვაქვს
”ზესტაფონ”-მა სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თემურ მახარაძის მორიგი დაბრუნების შემდეგ ზემოიმერლები ბრწყინვალედ ათამაშდნენ და დანაკარგიც მალევე აინაზღაურეს. ”ზესტაფონ”-მა პირველ წრეში 30 ქულას მოუყარა თავი, ლიდერ ”ოლიმპ”-ს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და ზესტაფონელები ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან. გარდა ამისა, ისინი თასზეც აგრძელებენ ასპარეზობას და იქაც მაღალ მიზნებს ისახავენ. ”ბორჯომ”-თან თამაშის შემდეგ გუნდის წარმატებების მთავარ შემოქმედ თემურ მახარაძეს ბევრ საინტერსო საკითხზე ვესაუბრეთ...
-პირველ წრეს როგორ შეაფასებთ,კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით?
- გუნდში ჩემი მოსვლის შემდეგ, ”ზესტაფონ”-ს ჩემპიონატში არ წაუგია. უფრო მეტიც, ცხრა შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ფორმის პიკს მივაღწიეთ და ამის დასტური იყო ბოლო ტურში ”ბორჯომ”-თან ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრა. ღირსეული მეტოქე გვყავდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და შანსი არ დავუტოვეთ. ლიდერ ”ოლიმპ”-ს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით. ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გაგვიჩნდა, რომ ჩემპიონობისათვის ვიბრძოლოთ. წინ რთული და საინტერესო სეზონი გველის, იოლი არ იქნება,მაგრამ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
- ”ზესტაფონი” თასზეც განაგრძობს ბრძოლას, იქ რა მიზნებს ისახავთ?
- თასის გათამაშება ჩვენთვის ჩემპიონატზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქაც კარგი შანსები გვაქვს. ჩვენი ორი ძირითადი კონკურენტი ”ოლიმპი” და ”ვიტ-ჯორჯია” გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა, რაც საქმეს უფრო გაგვიადვილებს. ევროთასების საგზურის მოპოვება თასის გათამაშებიდანაც შეგვიძლია. წინა ორ ფინალში საოცრად არ გაგვიმართლა. იმედია, წლეულს მოჯადოებულ წრეს გავარღვევთ... მოკლედ, ჩემპიონატშიც და თასზეც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ. კარგი იქნება დუბლს თუ გავახერხებთ.
- ორ ფრონტზე ბრძოლა არ გაგიჭირდებათ? მითუმეტეს, სამ უშუალო კონკურენტთან ( ”ოლიმპი”, ”ამერი”, ”დინამო”) ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლითი მატჩები გაქვთ...
- რა თქმა უნდა, რთული იქნება და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამ სირთულეებს მომზადებულები შევხვდეთ. დასახულ მიზანს რომ მივაღწიოთ, შემადგენლობის გაძლიერება აუცილებლად დაგვჭირდება. მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს და 2-3 ძლიერი ფეხბურთელი თუ არ დავიმატეთ, გაგვიჭირდება. მარტო ლიდერებთან კი არა, ნებისმიერ მეტოქესტან რთული ბრძოლები გველის.
- კანდიდატები თუ გყავთ შერჩეული?
- რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით და გვინდა, რომ ისინი ჩვენს გუნდში ვიხილოთ, მაგრამ მათ ვინაობას ამ ეტაპზე ვერ გავახმაურებ. გამორიცხული არ არის, რომ კვლავ უცხოელი ფეხბურთელები მოვიწვიოთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლეგიონერი ორი თავით აჯობებს ადგილობრივს.
- ბრაზილიელი ვიეირას თამაშით კმაყოფილი ხართ?
- ვიეირა კარგად ჩაჯდა გუნდის შემადგენლობაში. ადაპტაციის პერიოდიც არ ჰქონია, ისე შეეწყო გუნდს. ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია და ”ზესტაფონი”-სთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი მოსვლის შემდეგ ჩვენი სტანდარტულებიც გაცილებით სახიფათო გახდა. ”ბორჯომ”-თან ოთხი კუთხური ჩააწოდა და ორს გოლი მოჰყვა... ის შესანიშნავად ასრულებს სტანდარტულებს, არც სისწრაფე აკლია და არც ტექნიკა. მოკლედ, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.
- სანტოსზე რას იტყვით, ის როდის გამოჩნდება ძირითად შემადგენლობაში?
- იმავეს თქმა შემიძლია სანტოსზეც. კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, მეორე წრიდან ისიც ჩაჯდება გუნდის ძირითად ბირთვში. ყველანაირ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სანტოსი მცველია, ამ პოზიციაზე კი პრობლემები თითქმის არ გვაქვს. 9 ტურის განმავლობაში გოლი არ გაგვიშვია და მცველების თამაშით კმაყოფილი ვარ. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ასეთ ვითარებაში სანტოსი კი არა მალდინი რომ მყავდეს, აწყობილ დაცვას ვერ გადავახალისებ.
- სხვა ახალწვეულებით თუ ხართ კმაყოფილი?
- რა თქმა უნდა ! მათი მოსვლის შემდეგ გუნდი უკეთესად ათამაშდა და ე.ი. გაამართლეს. დაცვაში ბრწყინვალედ ირჯება ედიკ საჯაია, რომლის სახით ძალიან დიდი ძალა დაგვემატა. არ დაგვავიწყდეს, რომ იგი ”ზესტაფონ”-ში მოუმზადებელი ჩამოვიდა, თუმცა, მის თამაშს ეს არ დასტყობია. წარმოიდგინეთ, გუნდთან ერთად რომ გაივლის შეკრებას, ”ზესტაფონი”-სთვის რამხელა სარგებლის მოტანა შეეძლება. კარგად შეეწყო გუნდს ახალგაზრდა ნიკოლოზ კვასხვაძე. ნიჭიერი ბიჭია და თუ ბევრს იმუშავებს, დიდი ფეხბურთის თამაშსაც შეძლებს. პარალელურად ”ზესტაფონი”-ს ახალგაზრდული გუნდის თამაშებსაც ვადევნებ თვალს და მინდა ვთქვა, რომ იქაც არის 2-3 საინტერესო ფეხბურთელი, რომლებიც მეორე წრიდან ძირითად გუნდთან იქნებიან. სასიხარულო ამბავია ისიც, რომ ვარჯიში განაახლა თურმანიძემ და გაზაფხულიდან ისიც შემოგვიერთდება.
- დაგეგმილი თუ გაქვთ სად მოემზადება ”ზესტაფონი” მეორე წრისათვის?
- მზადების პირველ ეტაპს ბაკურიანში გავივლით. შემდეგ კვიპროსზე ან ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც სერიოზულ გუნდებთან გვექნება ამხანაგური შეხვედრები. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა გადაგვეშალა და მიზნის მისაღწევად სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. მომავალს იმედით ვუყურებ და მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგს მოიტანს.
|