ილია კოკაია : ახალკაცის კანდიდატურის წამოყენება ჩვენთვის დიდი პატივი იქნება

•  საფეხბურთო კლუბი " ზესტაფონი " ბოლო დროს ქართული ფეხბურთის ერთ - ერთ ეპიცენტრად იქცა . თემურ მახარაძემ აუტსაიდერი ჯადოსნური ჯოხით პირველობის ერთ - ერთ ლიდერად აქცია . გარდა იმისა , იმერული კლუბისადმი ინტერესი კიდევ ორი ფაქტის გამო გაიზარდა :

კლუბის მფლობელსა და ნაკრების სპონსორ ფირმას , ავსტრიულ " დეკომეტალსა " და ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა . გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა . ამასთანავე , სფფ - ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნოდარ ახალკაცმა განაცხადა , რომ " ზესტაფონის " ხელმძღვანელებთან თანამშრომლობს . მოკლედ , კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან კითხვები საკმაოდ დაგროვდა :

- ბატონო ილია , ფეხბურთის ფედერაციიდან თქვენი მისამართით ბრალდებები გაისმა , თითქოს " დეკომეტალი " სფფ - სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ასრულებს .

- სისულელეა და საერთოდ , არც მინდა ამ თემაზე პოლემიკა წამოვიწყო . ფედერაციაში წარმოქმნილ კითხვებთან დაკავშირებით პასუხი უკვე გავაგზავნე , რომ ჩვენ ხელშეკრულების პირობას არ ვარღვევთ . ვალდებულებას აუცილებლად შევასრულებთ . სიტყვა არასდროს გამიტეხია და რაღა მაინცდამაინც ახლა შევრცხვებოდი ? ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა რომ გვტკიოდა და გვადარდებდა , ეროვნული ნაკრების სპონსორი სწორედ ამიტომ გავხდით .

- ნოდარ ახალკაცმა გაამხილა , რომ დიდი ხანია " ზესტაფონთან " თანამშრომლობს .

- დიახ , ნოდარი ჩვენი კონსულტანტია . საერთოდ , მამა - შვილი ახალკაცები დიდი ხნის წინ გავიცანი და ვურთიერთობთ . პატარა ახალკაცთან კავშირი გერმანიაშიც მქონდა . ვერ ვიტყვი , რომ " ზესტაფონთან " თავიდანვე თანამშრომლობდა , მაგრამ კლუბს ძალიან რომ გაუჭირდა , გვერდში დაგვიდგა და ყველა პრობლემას ერთად ვწყვეტდით . მართალია , 29 წლის არის , მაგრამ ასაკისთვის გაცილებით დიდი ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნია . რისი თქმა მინდა , იცით ? ის მხოლოდ დიდი პიროვნების შვილი არ გახლავთ , თავადაც ნიჭიერი კაცია . " ზესტაფონის " წინსვლა მისი თანამონაწილეობის შედეგია . აბა , რა გეგონათ , ილია კოკაიამ ზესტაფონში რატომ გაანათა ? არა , გენაცვალე , თანამოაზრეთა გუნდი ჩამოვაყალიბეთ , სადაც ვგულისხმობ სამწვრთნელო შტაბს , გაიოზ დარსაძეც ჩვენთან არის და ნოდარ ახალკაციც .

მართალია , დღეს " ზესტაფონი " წარმატებით ათამაშდა , ლიდერებს მივუახლოვდით და თასის აღების სერიოზული შანსიც გაგვიჩნდა , მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილების გრძნობა მაინც არ გვეუფლება . ჩვენ სულ სხვა დონეზე გვსურს განვითარება : ინფრასტრუქტურის , სათამაშო დონის და ა . შ . რაში გვჭირდება მხოლოდ ქვეყნის პირველობის მედლები და თასი , შემდეგ კი ევროპაში ისე მოუმზადებლად გასვლა , 0:8 რომ წავაგოთ ? საამისოდ დიდი შრომაა საჭირო და ამაში ნოდარ ახალკაცი სერიოზულად გვეხმარება .

- ვითომ , საშუალო ევროპული დონის გუნდის ჩამოყალიბება საქართველოში მოხერხდება ?

- მთავარია , რა გარემოში გვიწევს მუშაობა , მწვრთნელთა კვალიფიკაცია , ინფრასტრუქტურა და რა დონის გუნდები იქნება საქართველოში . " ზესტაფონის " განვითარება მეტოქეებზეც დიდადაა დამოკიდებული . კონკურენტი ხომ გვჭირდება ? ჩემპიონატში ორი - სამი გუნდი ამინდს ვერ შექმნის . ახლა კი განვითარების მრავალი წინაპირობა არ არსებობს . თუნდაც პირველობის კალენდარი ავიღოთ , ძალიან უაზროდაა შედგენილი .

- კალენდართან დაკავშირებით , კონკრეტულად რა პრეტენზიები გაგაჩნიათ ?

- კალენდარი მეტისმეტად გადატვირთულია . მესმის , რომ თამაშების სიმრავლე ხელს უწყობს მოთამაშის ზრდას , მაგრამ ბრაზილიას არ უნდა შევედაროთ . ვიყავი ამ ქვეყანაში და ვიცი , რომ იქ 24 საათი ფეხბურთი არ მობეზრდებათ , ღამის 3 საათზე რომ გაიაროთ , კოპა კაბანას პლიაჟზე თამაშობენ და რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია , ბრაზილიაში სათამაშოდ ყოველთვის სასურველი კლიმატია . საქართველოში სხვა პირობებია .

- როგორც ვხვდები , თქვენ გუნდების რაოდენობის გაზრდასა და ორწრიან ჩემპიონატს ემხრობით .

- მე მხოლოდ ახლანდელი კალენდრის უვარგისობა აღვნიშნე . გუნდების რაოდენობაზე კი სპეციალისტებმა იმსჯელონ .

- თავის დროზე " შერიფის " სამედიცინო ცენტრით აღფრთოვანებას ვერ მალავდით . იგივეთი " ზესტაფონი " თავს როდის მოგვაწონებს ?

- სამედიცინო ცენტრს აუცილებლად გავაკეთებთ . ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ . მთავარია , შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადება . ექიმები ქართველებს რომ გვყავს , მსგავსით ბევრი ვერ დაიკვეხნის . საუბარია კონკრეტული საქმის სპეციალისტებზე .

- რაც შეეხება გუნდის ინფრასტრუქტურის მშენებლობას , რა სტადიაზეა ბაზისა და სტადიონის რეკონსტრუქცია ?

- სათადარიგო ხელოვნურსაფარიან მოედანს მალე დავასრულებთ . მას ნიკა ყიფიანი გააკეთებს და 1000 კაცზე გათვლილი ტრიბუნაც დამონტაჟდება საჭირო შემთხვევაში , იქ შეიძლება გუნდმა და ფარმ - კლუბმა ითამაშონ . პროექტით 3 სათადარიგო მოედნის მშენებლობაცაა გათვალისწინებული . გუნდს ბაზა რომ ჰქონოდა , ის კორპუსი გარემონტდება და დამატებით 70 ადამიანზე გათვლილ კომფორტულ სასტუმროს ავაშენებთ .

- ცენტრალურ სტადიონზე არაფერი გითქვამთ .

- მოედნის საფარის შეცვლას მალე დავიწყებთ . ამის გამო , 8 მაისის შემდეგ , ანუ " დინამოსთან " მატჩის შემდეგ ორ საშინაო შეხვედრას ლანჩხუთში ჩავატარებთ . ასე რომ , მალე " თბილისის " სტადიონის მსგავსი საფარი ჩვენც გვექნება . ცენტრალური ტრიბუნა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გარემონტდება , გვერდით კიდევ ერთ ტრიბუნას დავამატებთ და 15 ათას მაყურებელზე გათვლილი ლამაზი არენა გვექნება.

- მართალია , თითქოს ნოდარ ახალკაცის კანდიდატურას თქვენი კლუბი წამოაყენებს ?

- ჯერ არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო თანხმობა ნოდარს ჯერ არ განუცხადებია . თუ ასე გადაწყვეტს და თავადაც ისურვებს , ახალკაცის კანდიდატურის წამოყენება ჩვენთვის დიდი პატივი იქნება .

 

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005