07.06.2011

 

 

 

 

 

ჩემპიონთა პირველი ვარჯიში

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა. ორკვირიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.

 

იმერეთი გუნდს კარგი ამინდით შეეგება და ეს ერთმანეთს მონატრებული ადამიანების განწყობაზეც აისახა. ქვეყნის ჩემპიონთა დღევანდელ ვარჯიშს საპატიო მიზეზით ერთბაშად 6 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი) გამოაკლდა. როგორც გახსოვთ, ყველა ეს ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას ხორვატებთან მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული. გია გეგუჩაძემ მათ შვებულება რამდენიმე დღით გაუხანგრძლივა და ”სანაკრებო ექვსეული” გუნდს 13 ივნისს შეუერთდება.

უშუალოდ ვარჯიში ძალიან ხალისიან და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დღევანდელი დღე ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - თითქმის ნახევარსაათიანი ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელები მწვრთნელმა შალვა ღონღაძემ ”დაისაკუთრა” და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილებინა.

გუნდთან ერთად ივარჯიშა 26 წლის თეიმურაზ ღონღაძემ, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მცველი გახლავთ და ბოლოს თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოში ასპარეზობდა. მოგახსენებთ იმასაც, რომ საკონტრაქტო ვადის ამოწურვის მიზეზით გუნდის რიგები დატოვეს გორან გრუიცამ, გიორგი ფოფხაძემ და ივო კატუშიჩმა.

ხვალიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005