”ზესტაფონი” ჩემპიონია!
მთავარი მსაჯის საფინალო სასტვენმა ქართულ ფეხბურთში ახალი რეალობა დააფიქსირა: "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონია! იმერული კლუბი ქვეყნის მთავარ ტიტულს თავისი არსებობის შვიდწლიან ისტორიაში პირველად და სრულიად დამსახურებულად დაეუფლა. ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, "ზესტაფონი" კონკურენტთათვის მიუღწეველია. ქართულ გუნდებს შორის განვითარების ყველაზე სწორი, დინამიკური და პროგრესული გზით მიმავალი ეს კლუბი მიღწეულზე შეჩერებას რომ არ აპირებს, ეს განვლილი გზიდანაც ნათლად ჩანს.
"ზესტაფონის" პრეზიდენტმა და მეპატრონემ, ბიზნესმენმა ილია კოკაიამ ორი წლის წინ პირად საუბარში მითხრა: "როგორ ფიქრობ, დღესვე ვერ შევძლებ ისეთი ფეხბურთელების მოყვანას და იმ დონის გუნდის შექმნას, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა? მაგრამ ჩემპიონატის მოგება ერთია, სულ სხვაა ჩემპიონის ტიტულით ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა. დღეს "ზესტაფონი" ამისთვის მზად არ არის. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია არა ოქროს მედლები, არამედ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა". ეს რომ ლიტონი სიტყვები არ იყო, ამ ორი წლის განმავლობაში დამტკიცდა. ნებისმიერი კომპონენტის თვალსაზრისით "ზესტაფონი" დღეს ქვეყანაში საუკეთესოა: ყველაზე დიდი ბიუჯეტი (კლუბის წლიური ბიუჯეტი საშუალოდ 7 მილიონი დოლარი), საუკეთესო ინფრასტრუქტურა (სტადიონი და თანამედროვე საწვრთნელი ბაზა, რომლებიც კლუბის საკუთრებაშია), ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, სწორი საკადრო პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, პროფესიონალი მთავარი მწვრთნელი - ამ ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ, ერთი მხრივ, "ზესტაფონმა" მთელი სეზონი დამაჯერებლად ჩაატარა და, მეორე მხრივ, სწორი მუშაობის შედეგი ეროვნულ ნაკრებზეც აისახა. "ზესტაფონი" არის გუნდი, რომლიდანაც თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი - 6 ფეხბურთელი მიიწვია. შედარებისთვის: ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე გასული "დინამოდან" ნაკრებში ორი ფეხბურთელი იყო გამოძახებული.
ის, რომ ევროსაკვალიფიკაციო ბარიერების დაძლევაზეც შეიძლება გვქონდეს "ზესტაფონის" იმედი, თუნდაც წინა სეზონში გამოჩნდა. ამ გუნდმა შარშან ორი ეტაპი გადალახა და თანაბარ ბრძოლაში დაუთმო გზა უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ლვოვის "კარპატის", რომელმაც "ზესტაფონის" შემდეგ "გალათასარაი" გამოთიშა ტურნირს. სამი თვის წინ "ზესტაფონმა" ესპანეთში, "მარბელიას" ტურნირზე, კიევის "დინამოსთან" 2:2 ითამაშა, პოლონეთის ჩემპიონი, "ლეხი" 3:2, ხოლო ბულგარეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, პლივდივის "ლოკომოტივი" 3:0 დაამარცხა.
"ზესტაფონმა" ტიტული ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სარბიელზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიის" ძლევით გაიფორმა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა 4:1 მოიგეს და საჩემპიონო ზეიმს ჩაუყარეს საფუძველი. ეს გეგუჩაძის პირველი საჩემპიონო ტიტულია.
"24 საათი" ულოცავს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დამსახურებულ ჩემპიონობას. "ოქროს სეზონი" უკან დარჩა, წინ კი ახალი გამოწვევაა - ვფიქრობ, დრო მოვიდა, ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვდეს.
|