“ზესტაფონის” საჩემპიონო ეპილოგი
ჩემპიონის რანგში, “ზესტაფონმა” პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და ქომაგებს მართლაც საჩემპიონო თამაში უჩვენა. ქვეყნის ახალი ჩემპიონის სანახავად მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრები საკმაო რაოდენობით მივიდნენ, თანაც მათ აშკარად გაუმართლათ – “ზესტაფონმა” საოცარი აღმავლობით ითამაშა და ბრწყინვალე სტილში დაამარცხა არც თუ სუსტი მეტოქე.
საჩემპიონო გზაზე მდგარი “ფეროელები”, ბოლო პერიოდში, უფრო შედეგზე იყვნენ ორიენტირებულნი. ეს არცაა გასაკვირი, ტიტულისკენ სავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ იყო... თუმცა გუშინ, როდესაც იმერლებს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხსნილი ჰქონდათ, ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდს კიდევ უკეთ თამაში შეუძლია. გუშინ, ”დავით აბაშიძეზე” მისულმა ფეხბურთის მოყვარულებმა ლაღად და ლამაზად მოთამაშე საყვარელი გუნდი იხილეს.
შეხვედრა მასპინძლებმა შეტევებით დაიწყეს და დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება. მე-3 წუთზე, აფციაურისა და ალადაშვილის მიერ გათამაშებული კუთხურის შემდეგ, კახამ ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ჩააგდო, სადაც “ვიტელმა” მცველებმა, მაღალ ნახტომში, თავურით შეძლეს ბურთის საჯარიმოს გარეთ გამოტანა, რომელიც გორგიაშვილს მიუვიდა. თორნიკემ ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და მარჯვენათი ძლიერად დაჰკრა, ბურთი ვეტერინართა ”ცხრიანში” აღმოჩნდა და მართლაც ლამაზი გოლი გამოდგა - 1:0.
მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებს მეტოქეზე ზეწოლა არ შეუწყვეტიათ. დასავლელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშში სხვაობის ორამდე გაზრდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში, მათ სიზუსტე ღალატობდათ.
მე-17 წუთზე, მატჩში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რასაც “ვიტელი” როსტიაშვილის გაძევება მოჰყვა. თბილისელმა ფეხბურთელმა ზედმეტად ხისტად გააკეთა ვარდნა ალადაშვილის წინააღმდეგ, რასაც ფეხბურთელებს შორის წალაპარაკება მოჰყვა. შესაბამისად, ტრიბუნებიდან, წესის დამრღვევის მიმართ, ფეხბურთელისათვის უსიამოვნო რეპლიკები ისროლეს, რასაც როსტიაშვილმა გინებით უპასუხა. მატჩის არბიტრმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და თბილისელ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
სამწუხაროდ, ბოლო დროს, მსგავსი ფაქტები ეროვნულ ჩემპიონატში მომრავლდა. მართალია, სასიამოვნო და მოსაწონი ნამდვილად არ არის, როდესაც სპორტსმენს შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ როდესაც ფეხბურთელი იგივე საქციელით პასუხობს, მაშინ იგი უფრო დიდ დანაშაულს ჩადის. ამიტომაც, ამ სიტუაციაში, არბიტრ ხორავას გადაწყვეტილება სადაო ნამდვილად არ იყო.
28-ე წუთზე, ზესტაფონელებმა მე-2 გოლი გაიტანეს. ამჯერად, თავი ნიკა გელაშვილმა გამოიჩინა. წლევანდელი ეროვნული პირველობის უპირველესმა ბომბარდირმა ალადაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებულზე მცველს დაასწრო და თავურით, მიქაბერიძისაგან შორეულ კუთხეში შეაგდო - 2:0.
კაცნაკლულ სტუმრებს კიდევ უფრო გაუჭირდათ აღმავლობით მოთამაშე იმერლების წინააღმდეგ თამაში. მალე, ზესტაფონელებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. გოლი ამჯერადაც კუთხურის გათამაშებას მოჰყვა. გორგიაშვილი-დაუშვილის ორსვლიანი გათამაშება, “ვეტერინართა” საჯარიმოში ბურთის ჩაგდებით დასრულდა, სადაც რამდენიმე სტუმარ მცველს დვალი და კობახიძე ებრძოდნენ. საბოლოოდ, დარტყმა ფეხის ჭვინტით მამუკა კობახიძემ შეძლო და 3:0.
ტაიმის დასრულებამდე, თბილისელთაგან ადამაძემ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო, თუმცა, გოლი არ გასულა - ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.
მე-2 ტაიმი ფაქტობრივად ფორმალობა გამოდგა. ფეხბურთელებიც და სტადიონზე შეკრებილებიც ელოდნენ მატჩის დასრულებას, რათა მათთვის საოცნებო წუთები დამდგარიყო და ნანატრი ოქროს მედლები დამსახურებულად მიეღოთ.
თამაშში კიდევ ერთი გოლი გავიდა, ისიც “ვიტ ჯორჯიას” კარში, ოღონდ ამჯერად, სტუმართა მოთამაშის, რევაზ ღანიაშვილის თავურით. “ვეტერინართა” მცველმა ბურთი მაღალ ნახტომში დაარტყა მეურვესთან ჭიდილში, მიქაბერიძეს მოგერიების შანსი არ ჰქონდა, არადა, ავტოგოლი რომ არა, ძალზე ლამაზი გამოდგა - 4:0. თამაშის ბოლომდე რაიმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არბიტრის საფინალო სასტვენს კი მხურვალე ოვაციები და ნამდვილი ზეიმი მოჰყვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კუთვნილი ოქროს მედლები და თასი გადასცა. მრავლად იყო ფოიერვერკები, მილოცვები და რაც მთავარია, გულწრფელი სიხარული პატარა ქალაქის მცხოვრებლებისა, რომლებსაც ესოდენ დიდი სიხარული სწორედ ფეხბურთმა მოუტანა.
|