21.05.2011

 

 

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

მართლა მწამს, რომ ლიგაში მოვხვდებით

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონობისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა. ილია კოკაიას არჩეულმა გზამ და გია გეგუჩაძის მუშაობამ გაამართლა და პატარა იმერული ქალაქი საფეხბურთო კლუბის დამსახურებულ ჩემპიონობას აღნიშნავს.

გია გეგუჩაძე განვლილ გზას "ლელოსთან" იხსენებს.

- მეორე ეტაპზე ზედიზედ ოთხი შეხვედრა ფრედ რომ ითამაშეთ, ბევრი დაეჭვდა, "ზესტაფონი" ტრადიციულ "გმირობას" ხომ არ იმეორებდა, ანუ საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდებოდა. პირადად თქვენ ჩემპიონობაში არასოდეს დაეჭვებულხართ?
- არასოდეს, რადგან საკმარისი გამოცდილება მაქვს საიმისოდ, რომ ვიცოდე - ყოველთვის ვერ მოიგებ. გუნდს აქვს აღმასვლა და ჩავარდნა, რაც ნორმალური პროცესია და ყოველთვის ვერ გათვლი, როდის რა მოხდება. ფეხბურთს უცნაურობა ახასიათებს, უტევ, მომენტებს ქმნი, მაგრამ ზოგჯერ ბურთი კარში არ შედის. სხვათა შორის, შარშანდელთან შედარებით რომ გავიზარდეთ, ცუდ მინდვრებზე მოპოვებული გამარჯვებებიც ადასტურებს. საქმეს პრაგმატულადაც მივუდექით და გასვლაზე ბევრი ქულაც მოვიპოვეთ იმ გუნდებთან, რომელთა მოედნებზეც ძნელი იყო ჩვენთვის ჩვეული ფეხბურთის თამაში. ამიტომ სტადიონზე გასვლისას შედეგზე გვქონდა აქცენტი გადატანილი.

- მაღალი კლასის მოთამაშეები "ზესტაფონს" გასულ წლებშიც არ აკლდა, მაგრამ არ ჰყოფნიდა ხასიათი, ან გუნდი არ იყო დაღვინებული..
- ფეხბურთი ის სფეროა, სადაც არაფერი იმალება, მათ შორის არც ის, რაც კულუარებში ხდება და ამისთვისაც მომზადება გჭირდება. მიხარია, რომ წლეულს ჩვენი კლასის შესაფერისი მედლები მოვიპოვეთ და ყველა აღიარებს, "ზესტაფონმა" სუფთა ფეხბურთით გაიმარჯვაო. ფეხბურთელები მეცხრე ცაზე არიან, რადგან წარმატებას საკუთარი შრომით მიაღწიეს.

- საქართველოში გარიგების გარეშე ჩემპიონობა სცილასა და ქარიბდას შორის გავლას ჰგავს.
- ჩვენც ასე გავიარეთ დაბრკოლებები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

- "ზესტაფონი" ყველაზე დაბალანსებული გუნდია, კონკურენცია არის მეკარეებშიც და თავდამსხმელებშიც. თუმცა არიან ძირითადად შემცვლელი მოთამაშეებიც - მათი მოთოკვა და გუნდის ინტერესებისთვის მომართვა ძნელი არ იყო? ფეხბურთელების ნაწილს მაინც ეგოიზმი ახასიათებს.
- ეს ცოტა პროვოკაციული შეკითხვაა, რადგან ფეხბურთელებს ძირითადებად და შემცვლელებად არ ვახარისხებ და თითოეულ მათგანს ვენდობი. თამაშის სტრატეგიის შედგენისას გონებაში იმ სვლებზეც ვფიქრობ, რომლებიც მაშინ იქნება საჭირო, თუ საწყისმა ტაქტიკამ არ გაამართლა. ამ დროს სკამზე დარჩენილ მოთამაშეს თავისი როლი აქვს, სხვათა შორის, არანაკლები, ვიდრე ძირითადში დაყენებულს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებშიც შეიძლება დარწმუნებული იყო - მოედანზე შესვლისას აუცილებლად გაიტანს. ასე რომ, ვენდობი ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც გუნდში მყავს, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც დუბლებიდან მთავარ გუნდში გამოსაწრთობად და გასაზარდელად ვიწვევ.

- გაძლიერებაზე "ბარსელონაც" ფიქრობს და უარს "ზესტაფონიც" არ იტყოდა, მით უფრო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე. თუმცა თქვენ გუნდის რადიკალური განახლება არ გახასიათებთ.
- შემადგენლობის რადიკალური შეცვლა არ ივარგებს, რადგან ამ გუნდს ორწელიწადნახევარია ვაკოწიწებთ, მაგრამ გაძლერება საჭიროა.

- უცხოელთა დამატებაზე ფიქრობთ?
- პრიორიტეტს ყოველთვის ქართველს ვანიჭებ. დაკვირვებული ვარ, ბევრ უცხოელს კარგად დაუწყია, მაგრამ მერე გაჩერებულა, რადგან თავიანთი მოთხოვნები აქვთ და საქართველოში ჩამოსული მაინც დისკომფორტს გრძნობდა. ამიტომ გაცილებით ადვილია ქართველებთან მუშაობა - ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და მეგობრობენ, ეს კი მოედანზეც გადადის. თუმცა კონკრეტული პოზიციის გასაძლიერებლად ძლიერ უცხოელზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი.

- გუნდი სად მოემზადება?
- 5 ივნისს ფეხბურთელები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, 7-ში მზადებას ზესტაფონში დავიწყებთ, 21 ივნისიდან 5 ივლისამდე კი შეკრებას ავსტრიაში მოვაწყობთ და გვსურს, რაც შეიძლება ძლიერ გუნდებს შევხვდეთ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ჩავერთვებით. ჩემპიონობით გამოწვეული დიდი სიხარული დიდი პასუხისმგებლობაც არის, იმიტომ, რომ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში გვიწევს გამოსვლა და საქართველო ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ. ჩვენ ჩავარდნის უფლება არ გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ სწორად მოვემზადებით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით.

- ქართული გუნდისთვის ეს დღემდე მიუღწეველი შედეგია.
- მეგობრებიც ხშირად მსაყვედურობენ, მოთხოვნათა თამასას ძალიან მაღლა სწევო, მაგრამ ფეხბურთში თუ არ მოითხოვე, ვერაფერს მიაღწევ. "ზესტაფონში" პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჩემპიონები და ამისაც ბევრს არ სჯეროდა. ჩემი აზრით, ეს პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.

მიზნის მიღწევისას მთავარი რწმენაა, მე კი ის მაიმედებს, რომ ფეხბურთელებსაც სწამთ და სჯერათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას შევძლებთ. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

- ზამთარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გუნდში დააბრუნეთ ხიდეშელიც და გელაშვილიც. როგორც ჩანს, უსიამოვნება შერიგებით დასრულდა.
- სერიოზული არაფერი მომხდარა. ისინი მეგობრები იყვნენ, არიან და დარწმუნებული ვარ, იქნებიან. ვფიქრობ, ასეთი აჟიოტაჟი იმიტომ ატყდა, ეს ამბავი უცხოეთში რომ მოხდა, მაგრამ ეს ნებისმიერ გუნდში ჩვეულებრივი ამბავია.

- რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზაფხულში გელაშვილი ბელგიაში, "ლოკერენში" გადადის?
- ვერაფერს გეტყვით. პირდადად მე გელაშვილის წასვლა არ მინდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი დიდი იმედი მაქვს.

 

  მერაბ მამულაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005