ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
მთავარია, ყველამ ერთად ვირწმუნოთ...
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდმა ალალად მიაღწია ამ საამაყო შედეგს. მარგველებს ახლა საზეიმოდ ნამდვილად არ სცალიათ. სულ ცოტა ხანში ისინი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავენ საქართველოს ღირსებას. ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის დაწყებამდე ”ზესტაფონის” თავკაც გია გეგუჩაძეს კიდევ არაერთხელ შევეხმიანებით. გუშინ გამოცდილ დამრიგებელს ინტერვიუ ვთხოვეთ და ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ბატონ გიასთან შეხვედრა.
- უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ჩემპიონობას. წლევანდელ სეზონში ”ზესტაფონმა” ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურა და, რაც მთავარია, გუნდმა ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი აჩვენა.
- გეთანხმებით, ჩვენ ლამაზი თამაშის ხარჯზე გავხდით ჩემპიონები. თქვენი ასეთი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, გუნდის ყველა ხელმძღვანელისთვის, თვითონ ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის. მიმაჩნია, რომ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით. აი, საზეიმოდ კი ნამდვილად არ გვცალია. ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. არაფერია იმაზე სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლო, როცა შენი ქვეყნის ღირსებას უპრესტიჟულეს ევროპულ ტურნირზე იცავ.
- სანამ სხვა თემებზე გადავიდოდეთ, ჩემპიონატის დარჩენილ ორ მატჩზე ვთქვათ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ”სიონთან” და ”ვიტ ჯორჯიასთან” გასამართ შეხვედრებში ”ზესტაფონი” ბოლომდე დაიხარჯება...
- ჩვენ შეიძლება დასვენების საშუალება მივცეთ რამდენიმე ფეხბურთელს, მაგრამ ეს არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ მოვდუნდებით და შედეგზე არ ვიზრუნებთ. პირიქით, ეს მატჩები ”ზესტაფონისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ”სიონთან”, ისე ”ვიტ ჯორჯიასთან” , მინდორზე გასული თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება. ძალიან გვინდა, საქართველოს ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ უძლიერესები ვართ.
- როგორ მოემზადება გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩებისთვის?
- ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 23 მაისს, ფეხბურთელებს შვებულებაში გავუშვებთ. 5-6 ივნისს ბიჭები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 7 ივნისიდან კი დავიწყებთ მზადებას. მოსამზადებელი შეკრების პირველი ეტაპი ზესტაფონში გაიმართება, 7-დან 19 ივნისის ჩათვლით. 21-ში ავსტრიულ შეკრებაზე გავემგზავრებით. 5 ივლისს საქართველოში დავბრუნდებით
და ზესტაფონში განვაგრძობთ მზადებას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.
- თუ არის ცნობილი ის გუნდები, რომლებსაც ავსტრიულ შეკრებაზე ეთამაშებით?
- ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მალე დავადგენთ ყველაფერს. ერთი კვირის განმავლობაში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ცხადია, ცვლილებები აუცილებლად მოხდება. მომსვლელ-წამსვლელების კონტურები თუ გამოიკვეთა?
- გვინდა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება, მათთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გვარ-სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ.
- ეს ფეხბურთელები ქართველები არიან?
- დიახ, ქართველები არიან.
- ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა მართლაც უდიდესი პასუხისგებლობაა. რეალურად შეუძლია თუ არა ”ზესტაფონს”, იბრძოლოს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად და თქვენი აზრით, სად გადის გუნდის შესაძლებლობების ზღვარი?
- თუ არ ჩავებით ამ ტურნირში და საკუთარ თავზე არ გამოვცადეთ ჩემპიონთა ლიგა, ისე ძალიან ძნელია თქმა, სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი. ჩვენ ბუნებით მაქსიმალისტები ვართ და ძალიან გვინდა ჯგუფურ ეტაპში შეღწევა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სულაც არაა არარეალური.
- რა თქმა უნდა, არარეალური არ არის. ჩემპიონთა ლიგაში პატარა ქვეყნის არაერთ კლუბს უთამაშია. ამავე დროს, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ფეხბურთელების თვითრწმენას.
- მართალი ბრძანდებით. ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. უნდა დავიჯეროთ ჩვენ, უნდა დაიჯერონ ფეხბურთელებმა, უნდა დაიჯეროს კლუბის თითოეულმა თანამშრომელმა, უნდა დაიჯეროს იმ მუშამ, რომელიც ზესტაფონის სტადიონზე მუშაობს. გულშემატკივრებმაც უნდა დაიჯერონ. მათ მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს გუნდი წარმატებაში.
- ცხადია, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კენჭისყრაზე. დაახლოებით ვიცით სავარაუდო მეტოქეები. იქნებ ჯერ ამაზე საუბარი ადრე იყოს, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი ამის თაობაზე...
- კენჭისყრაზე მართლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ისე კი თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ არ ვუშინდებით სირთულეებს და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ. არ ვისურვებდი მეტოქეს პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ კლუბს. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, როცა კენჭისყრის დრო მოახლოვდება.
- ბოლოს ზურაბ მენთეშაშვილსა და გოგი ფიფიაზე უნდა გკითხოთ. შეძლებენ ისინი თამაშს ჩემპიონთა ლიგაში?
- დიახ, შეძლებენ. ამ ფეხბურთელებს შვებულებას ვერ მივცემთ. ისინი ინდივიდუალური პროგრამით მოემზადებიან და ჩემპიონთა ლიგაშიც დაგვეხმარებიან.
|