ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
ბედნიერი ვარ, რომ სანახაობრივი ფეხბურთით გავხდით ჩემპიონები
“ამ სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ვიცი, რომ საუკეთესო თამაში წინ გვაქვს”, – თქვა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში “ზესტაფონის” მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.
7 წელი – ამდენ ხანს ელოდა “ზესტაფონი” ჩემპიონობას, ეტაპ-ეტაპ მიიწევდა და მართალია, გასულ წლებშიც ბევრი თვლიდა მთავარ ფავორიტად, ყოველთვის რაღაც აკლდებოდა. ამიტომაც, აქამდე კლუბის ოთახში ერთადერთი ტიტული, საქართველოს თასი იდო. “ზესტაფონს” საქართველოში გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს, ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ბევრი ფეხბურთელი ჰყავს “მივლენილი” და მაინც, გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გეგუჩაძე გახლდათ.
- როდის იგრძენით, რომ “ზესტაფონის” ჩემპიონობა გარდაუვალი იყო?
- მხოლოდ “სამტრედიასთან” მოგების შემდეგ, როცა ოფიციალურად გავინაღდეთ ჩემპიონობა. თუმცა, ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში თავდაჯერებულები ვიყავით და რწმენა გვქონდა.
- “ზესტაფონის” წარმატების მთავარ მიზეზებზე გვითხარით.
- კლუბში და გუნდში ერთსულოვნებაა. მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობს, ყველამ მშვენივრად იცის თავისი საკეთებელი. სწორედ ამან განაპირობა შედეგი.
- შეგიძლიათ, რომელიმე ფეხბურთელი ან რგოლი გამოჰყოთ?
- არანაირად. ყველა ფეხბურთელმა დაიდო წვლილი ამ წარმატებაში.
- ...და საუკეთესო მატჩი?
- სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ვიცი, რომ საუკეთესო თამაში წინ გვაქვს.
- აპრილში თბილისის “დინამოსთან” ზესტაფონში 1:0 მოიგეთ და ბოლო წუთზე საბა ლომიას პასით გიორგი ჭანკოტაძემ გაიტანა. გადამწყვეტ მატჩში, სადაც დიდწილად წყდებოდა ჩემპიონობის ბედი, ამ ორი გამოუცდელი ფეხბურთელის შეცვლაზე შეყვანას ბევრი ვერ გარისკავდა. აუცილებელი მოგება გსურდათ და ვა-ბანკზე წახვედით თუ სხვა მიზეზი იყო?
- ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. უშუალოდ იმ მატჩის მიმდინარეობა ითხოვდა, რომ ლომია და ჭანკოტაძე შემეყვანა.
- რამდენად სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეები არიან “ზესტაფონის” დუბლებში და თუ მიეცემათ მეტი დრო მომდევნო სეზონში?
- ეს მთლიანად მატზეა დამოკიდებული. ყურადღებას ვადევნებთ და პროგრესი არ გამოგვრჩება. მთავარია, ამ ფეხბურთელებმა წინსვლა არ შეწყვიტონ.
- საქართველოს წამყვანი გუნდებიდან “ზესტაფონი” ერთადერთია, რომელიც მუდამ ორი თავდამსხმელით თამაშობს...
- სამწუხაროდ, დღესდღეობით შემტევ ფეხბურთს ბევრი სკეპტიკურად უყურებს და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ასეთი, სანახაობრივი თამაშით გავხდით ჩემპიონები. ისიც სათქმელია, რომ გუნდში შეკრებილი შემადგენლობა ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალებას იძლევა.
- “ზესტაფონი” გასულ სეზონებშიც ითვლებოდა ფავორიტად, თუმცა მიზანს ვერ აღწევდა. წლეულს უკეთესი გუნდი გყავთ? თამაშის ხარისხს ვგულისხმობთ.
- დიახ, წინსვლას აშკარად ვხედავ. შარშანწინდელზე უკეთესი გუნდი შარშან გვყავდა, შარშანდელზე უკეთესი – წლეულს. და ყველაფერი იქით მიდის, რომ გაისად უფრო ძლიერები ვიქნებით. მიღწეულ შედეგს გამაგრება სჭირდება.
- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე შემადგენლობა არ გაძლიერდება? და თუ გაქვთ მოხაზული სავარაუდო წამსვლელ-მომსვლელების სია?
- ჯერჯერობით, არცერთ ფეხბურთელზე არაა გადაწყვეტილი, რომ გუნდიდან მიდის. ასევე, ნამატზეც ვერაფერს გეტყვით. ჯერ ჩემპიონატი არც დასრულებულა, ორი ტური დარჩა და ამდენად, გუნდში ცვლილებების საკითხს მოგვიანებით მივხედავთ.
|