16.05.2011

 

 

 

როცა ნაყოფი მომწიფდა...

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის საფეხბურთო ისტორიაში 2011 წლის 14 მაისი განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს. ამ დღეს ქალაქის წარმომადგენელმა საფეხბურთო კლუბმა პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედლები.

 

 


ალბათ ”ზესტაფონის” კონკურენტებიც კი დაგვეთანხმებიან, რომ გუნდმა ალალად იზეიმა ტრიუმფი. გია გეგუჩაძის დამოძღვრილებმა მთელი სეზონი უაღრესად სტაბილურად განვლეს.


რა თქმა უნდა, ამ ბიჭების ღვაწლი განუზომელია ქალაქის წინაშე. ახლა გვინდა გავიხსენოთ ის საფეხბურთო ტრადიციები, რომლებსაც ზესტაფონი ატარებს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში ამ ქალაქის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბები არაერთი ცნობილი მოთამაშე გამოდიოდა (გურამ პეტრიაშვილი, ჟორა ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, ქართლოს ცინცაძე, გურამ ნიშნიანიძე, გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე, ნოდარ კიკნაძე, ზაზა გურიელიძე). 1962 წელს იმერლებმა მოიპოვეს საქართველოს თასი. ბოლოს და ბოლოს, არც ისე დიდ ხნის წინ ჩვენი გაზეთის მკითხველს შევთავაზეთ ფოტო, რომელზეც ასახულია უკვდავი მსახიობი სერგო ზაქარიაძე, თავის საფეხბურთო გუნდთან ერთად. ბატონი სერგო იმ გუნდის კაპიტანი იყო...

 

90-იანი წლებიდან ზესტაფონის საფეხბურთო კლუბები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თავის სიტყვას ამბობდნენ. არაერთ ცნობილ ფეხბურთელს დაუცავს ამ ქალაქის ღირსება - აკაკი დევაძეს, მამუკა მაჭავარიანს, როინ კერძევაძეს, მერაბ მეგრელაძეს, მამუკა ხუნდაძეს, ზვიად ენდელაძეს, ვეფხია გვენცაძეს, დემურ კაკუბავას, მამუკა წერეთელს, ოდისეი ავრამიდისს...


განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ის ხალხი, რომელმაც წლების განმავლობაში ფეხბურთისადმი ერთგული სამსახურით დღევანდელი ტრიუმფი შეამზადა. ოდინდელმა მარგველებმა - მალხაზ ღონღაძემ, , თამაზ გაბრიჭიძემ და სხვებმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ზესტაფონურ ფეხბურთს. არ იქნება, ვასილ ხაჭაპურიძე არ ვახსენოთ. ადამიანი, რომელმაც ზესტაფონში პირველად გაჭრა ევროფანჯარა და ყველაფერი გაიღო ფეხბურთისთვის.


საქართველოს ახალ ჩემპიონს უდიდესი გამოწვევა ელის წინ. ჩემპიონთა ლიგა მართლაც მეტად საპასუხისმგებლო საჯილდაო ქვაა. გვწამს, ”ზესტაფონი” არც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში შეირცხვენს თავს.

 

 

  ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"
   
FC ZESTAFONI © 2005