თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი
2011 წლის 4 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ”დავით აბაშიძეზე” ”ზესტაფონმა” პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა.
ამ ნახევარფინალური წყვილის ორი კვირის წინ ქუთაისში გამართულ პირველ შეხვედრაში განცდილი მინიმალური მარცხის შემდეგ, ეროვნული თასის გათამაშების ფინალში გასასვლელად, მარგველებს მხოლოდ ორი ბურთის სხვაობით გამარჯვება აძლევდათ ხელს. მასპინძლებმა საპასუხო მატჩი აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს სტუმართა კართან. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯაბა დვალის წაქცევის გამო, მასპინძლებს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის დანიშვნის იმედიც მიეცათ, თუმცა მატჩის არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა ზესტაფონელთა ფორვარდის წაქცევაში წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
თავის მხრივ, ქუთაისელებმა თავის თამაში სახიფათო კონტრიერიშებზე ააწყვეს და რამდენიმეჯერ საკმაოდ სახიფათოდ ”უჩხვლიტეს” მასპინძლებს. მატჩის მიწურულს ზესტაფონელებმა ქუთაისელთა კართან ზედიზედ ორი მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა სტუმართა გოლკიპერი ომარ მიგინეიშვილი. სწორედ მისმა თავგანწირულმა თამაშმა არ მისცა მასპინძელ გუნდს საშუალება თავის გულშემატკივარი თასისათვის ბრძოლით გაეხარებინა. სამაგიეროდ, ძალიან გაიხარა სტუმართა ქომაგმა და ამ სიხარულის გამოსახატად მეტად ”ორიგინალურ ფორმას” მიაგნო - დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის არენის (რომელმაც სულ მალე ევროპული ტურნირების მაღალი რანგის მატჩებს უნდა უმასპინძლოს) VI სექტორში ფაქტიურად ყველა პერსონალური სავარძელია გამოსაცვლელი (ქვემოთ იხილეთ ფოტომასალა).
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ერთმანეთს ქუთაისის ”ტორპედო” და საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” დაუპირისპირდებიან.
|
04.05.2011 - ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 0-0 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი 33-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 8 მაისს ფოთში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი-1913"-ს წინააღმდეგ გამართავს. |