03.05.2011

 

 

 

პრევიუ: ”ზესტაფონი” - ”ტორპედო”

 

 

 

 

 

მიმდინარე სეზონში ერთმანეთში გამართულ მატჩებს (4 ჩემპიონატზე, 1 თასზე) თუ გავითვალისწინებთ, მეტოქეთა შორის სრული თანაფარდობაა - ორ-ორი მოგება და ბურთებიც თანაბარი 3:3. იმის გამო, რომ ზესტაფონელებს ჩემპიონის ტიტულამდე ცოტაღა აშორებთ, ქუთაისელთათვის ევროლიგაზე მოსახვედრი ერთადერთი საშუალება თასის მოპოვებაა. ამდენად, ხვალინდელ დერბის, რიონისპირელთათვის ”სასიცოცხლო” დატვირთვაც აქვს.

 


შარშანდელ ევროტურნირებზე მონაწილეობის გამო, ”ზესტაფონი” თასის XXI გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ბათუმის ”დინამო” იქნა ძლეული (სტუმრად 2:1). გია გეგუჩაძის გაწვრთნილთა რუსთავის ”ოლიმპთან” სათასო წყვილი, იმთავითვე 1/4-ფინალში ფინალად იქნა გამოცხადებული. იმერლებმა, შინ 3:0 მოიგეს, სტუმრად კი 0:0 ითამაშეს.
ქუთაისის ”ტორპედომ”, თასისთვის ბრძოლის პირველ ეტაპზე, ოზურგეთის ”მერცხალი” 4:0 დაამარცხა, 1/8-ფინალში ზუგდიდის ”ბაიას” უმასპინძლა და დამატებითი დროის 21-ე წუთზე ნიკა საბანაძის მიერ გატანილი გოლით შეძლო წინსვლა. რაც შეეხება 1/4-ფინალს, აქ, იმერელთა მეტოქე ბოლნისის ”სიონი” იყო. სტუმრად გამართული შეხვედრის 46-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი, ამ გუნდების ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა, რამაც ”ტორპედო” ”ზესტაფონს” შეახვედრა.
აღნიშნულ მეტოქეთა განვლილ სათასო გამოსვლებს თუ გადავხედავთ, რამდენიმე საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ. ”ტორპედო” თასის ორგზის (1999, 2001) მფლობელია, ”ზესტაფონი” - ერთგზის (2008). თუ მოწინააღმდეგის გზიდან ჩამოშორება შეძლეს, ქუთათურები ფინალში თამაშის რაოდენობით, თბილისის ”დინამოს” (11) შემდეგ, მეორე მოწინავე ქართული გუნდი იქნება. დღეისათვის, ”ტორპედოსა” და ბათუმის ”დინამოს” 5-5 ფინალი აქვთ ზურგსუკან. ”ზესტაფონს” რაც შეეხება, თუ მან საკმარისი ფორით შეძლო მეტოქის დამარცხება, იგი მეხუთედ მოიპოვებს ფინალში თამაშის უფლებას და ამ მაჩვენებლით, ზემოთ ნახსენებ გუნდებს გაუტოლდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე (2005-2008წწ), ნახევარფინალში მოთამაშე ზესტაფონელებმა, ოთხივეჯერ შეძლეს ფინალში გასვლა. ”ტორპედოს” რაც შეეხება, მას 3-ჯერ (1992, 1993, 2003) მოუწია მოწინააღმდეგისთვის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების ”დათმობა”.
ცნობილია, რომ ზესტაფონური საფეხბურთო არენის ტრიბუნებზე 4558 დასაჯდომი ადგილია და ”დავით აბაშიძეზე” 4 მაისს ანშლაგს ელიან. რეგლამენტის თანახმად, მასპინძელი ვალდებულია, სტუმართა მხარეს ბილეთების სრული ოდენობის 5 პროცენტი მიჰყიდოს. ამ შემთხვევაში, ”ტორპედოს” გულშემატკივართა კვოტა 228 ბილეთს შეადგენდა. ”მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, ს.კ. ”ზესტაფონმა” კომპანია ”ვისოლს”, დასავლეთი ტრიბუნის მე-6 სექტორის ყველა ბილეთი (556) მიჰყიდა. მასპინძელთა პრესსამსახურის უფროს სერგო ფუტკარაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მასპინძელი მხარე, როგორც წესი, აღმოსავლეთი ტრიბუნის 2-ლარიან ბილეთებს გამოყოფს, თუმცა, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ამჯერად სტუმრებისათვის 3-ლარიანი ბილეთები მიეყიდათ.


რამაზ ჩხიკვაძე (”ტორპედო”): ესაა ჩვენი გუნდისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ყველა სერიოზულად ემზადება. იმის მიუხედავად, რომ პირველ შეხვედრაში მოვიგეთ და ამით, მეტოქესთან შედარებით უპირატესობას ვფლობთ, მშვიდად ყოფნის უფლება არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ისეთი თამაში იქნება, სტადიონზე მისულ გულშემატკივარს მოსაწყენად არ ეცლება. იმის გარდა, რომ კლუბმა ზესტაფონური არენის ერთი სექტორის ბილეთები სრულად შეიძინა, იმედი გვაქვს, საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად, ზესტაფონში სხვა ქუთაისელი გულშემატკივარიც მრავლად ჩამოვა”.
სერგო ფუტკარაძე (”ზესტაფონი”):საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება რომ გვიწევს, ფაქტია. ხვალ ტრიბუნებზე ანშლაგს ველით და მერწმუნეთ, ვინც ამ შეხვედრის საყურებლად მოვა - არ ინანებს. იმერულ დერბის ყოველთვის პრინციპული ხასიათი ჰქონდა და იმედი მაქვს, სტადიონზე ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ”ზესტაფონის” მიზანი, ფინალში გასვლა და იქ გამარჯვების მოპოვებაა”.


იმის გარდა, რომ საინტერესო დერბიზე ანშლაგს ელიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აღნიშნული შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 18:00 საათიდან გადმოსცემს.


ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge

   
FC ZESTAFONI © 2005