2011 წლის 30 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას”.
იმერულ-მეგრული დაპირისპირება მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ამ აქტიურობამ ნაყოფი უკვე მატჩის დებიუტში გამოიღო - ზუგდიდელთა კართან 8-ე წუთზე დანიშნული კუთხურიდან ბურთი სტუმართა საჯარიმოში თორნიკე აფციაურმა ჩაჰკიდა, ბურთს გიორგი ონიანი დაეუფლა და კარისკენ გაგზავნა სცადა, გზად ”მრგვალ საგანს” გიორგი ხიდეშელი შეეხო და ის ჯაბა დვალს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ზუგდიდელთა კარის დაუცველი კუთხე აუღელვებლად დალაშქრა.
მატჩი იმერელთა გაუთავებელი შეტევების ”აკომპანემენტით” მიმდინარეობდა და კარის აღების რამდენიმე კარგი შესაძლებლობის გაფლანგვის შემდეგ, 41-ე წუთზე ზესტაფონელების უპირატესობა კიდევ ერთ გატანილ გოლში აისახა - ”ზესტაფონის” მრავალსვლიანი კომბინაცია, რომლის დასკვნით სტადიაშიც მონაწილეობა ალექს ბენაშვილმა და ნიკოლოზ გელაშვილმა მიიღეს, შეტევის მარცხენა ფლანგიდან თორნიკე აფციაურის ზუგდიდელთა საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა. , იქ კი ყველას შოთა გრიგალაშვილმა დაასწრო, მეურვეს მოხდენილად გასცდა და მეორედ აიღო გოგიტა სომხიშვილის კარი. საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს გოლი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდების მიერ გატანილი საიუბილეო 800-ე გოლი გახლდათ.
პირველის ტაიმის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარშიც მარგველები სახიფათო მომენტებს მეტოქის კართან მრავლად ჰქმნიდნენ, თუმცა სტუმართა დამწუხრება მხოლოდ ერთ ეპიზოდში მოახერხეს - 69-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი თავით ზუგდიდელთა კარის ბადეში გადაგზავნა. შედეგად, ზესტაფონელები, რომლებსაც საქართველოს ჩემპიონის სანუკვარ ტიტულს ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ ოთხ ტურში ორი გამარჯვების მოპოვების აუცილებლობა აშორებს, მეტოქეს დიდი ანგარიშით - 3-0 ამარცხებენ.
საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 33-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 8 მაისს, ფოთში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი-1913"-ს წინააღმდეგ გამართავს. ხოლო მანამდე, 4 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მარგველები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლებენ. სათასო დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება ...