26.04.2011

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან

ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა

 

 

 

 

 

ტურით ადრე ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი "ოლიმპი" ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონს" უკვე 9 ქულით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ სასწაული არ მოხდა, ძალიან მალე რუსთავული კლუბი ექსჩემპიონად უნდა მოვიხსენიოთ. მართლაც ძნელი წარმოსადგენია, დარჩენილ ხუთ ტურში "ზესტაფონმა" ამხელა უპირატესობა გაფლანგოს; თან, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სეზონში ჩემპიონობას თუ რომელიმე გუნდი იმსახურებს, სწორედ "ზესტაფონი" - ორი კვირის განმავლობაში ორივე უშუალო კონკურენტსაც მოუგო და საერთოდაც, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთსაც უჩვენებს. აღარაფერს ვამბობთ იმ არცთუ უმნიშვნელო ფაქტზორე, რასაც მთავარი მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების კვალიფიკაცია ჰქვია - გია გეგუჩაძე ორწელიწადნახევარია, კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობით სარგებლობს და ამ სეზონში მართლაც საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს...

 

მატჩის შემდეგ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად მატჩზე ვილაპარაკოთ: თამაშის ხარისხით კმაყოფილი ბრძანდებით?
- რთული შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ გასული სეზონის გამარჯვებულთან და უშუალო კონკურენტთან. ამიტომ გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. მთლიანობაში, კარგად ითამაშა "ოლიმპმა", ჩვენ კი ნერვიულობა გვეტყობოდა. ბედმა გაგვიღიმა, პირველივე ტაიმში ორი გოლი რომ გავიტანეთ და მოგება შევინარჩუნეთ.

- თამაშის ხარისხით კმაყოფილი ბრძანდებით?
- იმის გათვალისწინებით, რომ რთული სათამაშო გრაფიკი გვაქვს და თამაში ყოველ ოთხ დღეში გვიწევს, მთლიანობაში ურიგო ხარისხის ფეხბურთს არ ვაჩვენებთ.

- ამითაც იყო გამოწვეული, მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დამაჯერებლად რომ ვერ ჩაატარეთ?
- ალბათ, მიზეზი ესეც იყო, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი.

- და მაინც, უკვე "ზესტაფონს" ჩემპიონობას ულოცავენ.
- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და მას ვერ დავაკნინებ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის და ჩემპიონობაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ასეთი შემადგენლობით გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის მზად კი არის, მაგრამ ევროპულ ტურნირებზე ღირსეული გამოსვლისთვის საკმარისი რესურსია?
- ჯერ ჩვენ საართველოს ჩემპიონატზე ვფიქრობთ. ევროტურნირებზე ფიქრს ზაფხულისთვის დავიწყებთ.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტი ადრე ჩემპიონობას არც ითხოვდა. წელსაც სულ ერთია, ევროპის ლიგაზე გახვალთ თუ ჩემპიონები გახდებით?
- არა, რატომ არის სულ ერთი, წელს ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და უპირატესობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

 

  გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005