2011 წლის 23 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ ”ფოლადზე” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ”ზესტაფონს” დაუპირისპირდა.
შეხვედრა ზესტაფონელთათვის ძალიან წარმატებულად დაიწყო - სტუმართა პირველივე შეტევა მასპინძელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა. მატჩის პირველივე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგიდანრუსთაველთა საჯარიმოს მიუხლოვდა და კარისკენ დაარტყა, ბურთი ფეხზე ქვემოქართლელთა მცველ ალექსანდრე კვახაძეს მოხვდა, რამაც ზესტაფონელის დარტყმულს მიმართულება შეუცვალა და ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის მიერ დაუცველ კუთხეში შევარდა.
33-ე წუთზე ზემოიმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - მასპინძელთა კართან კუთხურიდან ჩამოწედების შემდეგ, ბურთი საკუთარი საჯარიმოდან რუსთაველთა გოლკიპერმა მუშტით გამოიტანა, გამოტანილ ბურთს კი ირაკლი ძარია დაეუფლა და შორიდან დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. ზესტაფონელები ორბურთიანი ჰანდიკაპით დაწინაურების შემდეგაც ჰქმნიდნენ სახიფათო მომენტებს მასპინძელთა კართან, თუმცა, ყველა ეს მომენტი გაანიავეს და შეხვედრის 67-ე წუთზე ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - იმერელთა კართან შექმნილი სახიფათო სიტუაციით გიორგი მურველაშვილმა მშვენივრად ისარგებლა. დარჩენილ დროში მასპინძლები მატჩის გადარჩენას ცდილობდნენ, ხოლო სტუმრები კიდევ უფრო დაწინაურებას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის არბიტრ თორნიკე გვანცელაძის მიერ დამატებულ წუთებზე კი ქვემოქართლელთა ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნა, რაც ალექსანდრე კვახაძისა და ლუკა რაზმაძის მოედნიდან გაძევებით დასრულდა. მარგველებმა კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 2-1.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge): გია გეგუჩაძე: “ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. რასაც ვგეგმავდით, მივაღწიეთ. მთლიანობაში, აღვნიშნავ “ოლიმპის” კარგ თამაშს. ჩვენი მხრიდან ეს ნაკლებად იყო. გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა, რადგან რთული გრაფიკით მივდივართ – თამაში ყოველ ოთხ დღეში გვიწევს. ბედმა გაგვიღიმა, რომ 2 გოლი შევაგდეთ და უპირატესობა შევინარჩუნეთ – მხოლოდ ერთი გოლი გაუშვით. ამ გამარჯვებას მნიშვნელობას ვერ დავუკარგავ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის”.
საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 30 აპრილს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ”ბაია” იქნება ...