თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი
2011 წლის 19 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის პირველი მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქუთაისში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” ესტუმრა.
პრინციპული მეტოქეების სათასო დაპირისპირების პირველი მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ და, როგორც ქუთაისელთა და ზესტაფონელთა დაპირისპირებებს ტრადიციულად სჩვევია, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის პირველი ნახევრის განმავლობაში გუნდები ტერიტორიული უპირატესობის დასაუფლებლად თავგამეტებით იბრძოდნენ. აქედან გამომდინარე, სახიფათო მომენტების განსაკუთრებული სიუხვით ტაიმი ნამდვილად არ გამოდგა დასამახსოვრებელი ...
მეორე ნახევრის საწყისი წუთები ისევ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ხოლო ტაიმის შუაწელისაკენ ქუთაისელები გააქტიურდნენ და რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს სტუმართა კარს. ერთ-ერთმა ასეთმა შეტევამ ორრაუნდიანი სათასო დუელის პირველი ეპიზოდის ბედიც გადაწყვიტა - 65-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი სეთურიძის მიერ სახიფათოდ ჩაწოდებულს გიორგი მეგრელაძე გამოეხმაურა და თავის გუნდს გამარჯვების მომტანი გასროლით შეეწია. იმის მიუხედავად, რომ გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, შეხვედრის ბოლომდე მასპინძელთა კართან რაიმე განსაკუთრებული ხიფათის შემცველი მომენტი აღარ შექმნილა, ”ტორპედოს” მინიმალური გამარჯვება - 1-0.
ამ ნახევარფინალურ წყვილში ფინალისტის ვინაობას გაარკვევს განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ქუთაისელი ტორპედოელები დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 4 მაისს გამართავენ ...
მატჩის შემდეგ (გაზეთი "ლელო"):
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "ვულოცავ "ტორპედოს" გამარჯვებას. ფაქტია, რომ საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, განმეორებითი შეხვედრა უკეთესი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ უკეთეს მოედანზე ვითამაშებთ. შანსები თანაბარია და ვეცდებით, შინ ეს შანსები მაქიმალურად გამოვიყენოთ."
გია გიგატაძე (ტორპედო): "წინ ძალიან რთული 90 წუთი გველის. მძიმე თამაში იქნება. შანსები თანაბარია და კიდევ ერთხელ ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრების გახარებას."
|
19/04/2011 - ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 1-0 |
დაწვრილებით:
|
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 23 აპრილს გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” რუსთავის სტადიონ ”ფოლადზე” დაუპირისპირდებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. |