2011 წლის 15 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”.
იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი წარსდგნენ, ზესტაფონური არენის მწვანე მინდორზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. საკუთარი გულშემატკივრის მიერ შეგულიანებულმა მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტიეს ცხინვალელთა კარს, თუმცა სტუმართა დაცვისა და გოლკიპერ სოსო გრიშიკაშვილის საიმედო თამაშის წყალობით შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მასპინძლებმა საკუთარი ბედის შეტევაში ძებნა შესვენების შემდეგაც განაგრძეს და საკმაოდ სწრაფი გოლიც გაიტანეს - 52-ე წუთზე ირაკლი ძარიამ დროული გადაცემით ცხინვალელთა გოლკიპერთან პირისპირ ნიკოლოზ გელაშვილი დატოვა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულმა ზესტაფონელმა მიმდინარე პირველობაში თავის 15-ე გოლით გაახარა საკუთარი გუნდის გულშემატკივარი. გაშვებულმა გოლმა შიდაქართლელები აიძულა მატჩის გადასარჩენად ეზრუნათ, სტუმრებმა სცადეს ბურთის დაჭერა და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, თუმცა ამას როინ კვასხვაძის კართან განსაკუთრებული ხიფათი არ მოჰყოლია. მასპინძლები კი თავის შანსს მოთმინებით ელოდნენ და მატჩის მიწურულს სტუმრები კიდევ ერთი გოლით დაამწუხრეს - 80-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა გამოცდილ სოსო გრიშიკაშვილთან პირისპირ რატი წინამძღვრიშვილი დატოვა, ეს უკანასკნელი კი ცხინვალელთა კიპერს ოსტატურად გასცდა და ბურთი მახვილი კუთხიდან შიდაქართლელთა კარის ბადეში გადაგზავნა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლის შანსები ორივე გუნდის ფეხბურთელებს მიეცათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ზესტაფონელთა დამაჯერებელი გამარჯვება - 2-0.
საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 31-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსთავში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, რუსთავის საფეხბურთო კლუბ "ოლიმპთან" 23 აპრილს გამართავს. ხოლო მანამდე, 19 აპრილს, მარგველები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედოს” ესტუმრებიან ...