ინტერვიუ გიორგი ჭანკოტაძესთან
მატჩის მიწურულს "დინამოს" კარში გატანილი გოლით "ზესტაფონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ჩემპიონატის ერთ-ერთ საკვანძო შეხვედრაში კი გადამწყვეტი ბურთი იმერელთა 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ შეაგდო. "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე კრიტიკულ მომენტში თამამად ენდო და მანაც ეს ნდობა სრულად გაამართლა. ასე გაიცნო გულშემატკივარმა "ზესტაფონის" კიდევ ერთი ნიჭიერი აღზრდილი, რომელსაც "ლელოს" მკითხველსაც უფრო ახლოს გავაცნობთ.
- თავიდანვე გოლის მომენტი გავიხსენოთ. ზუსტად ისე დაარტყი, როგორც ჩაიფიქრე თუ ყველაფერი თავისით გამოვიდა?
- ფიქრისთვის ბევრი დრო არც მქონია. მივიღე თუ არა საბა ლომიას გადაცემა, უცებ გავიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა და ღვთის მადლით, მიზანსაც მივაღწიე. ის კი ნამდვილად არ დამიგეგმავს, კონკრეტულად რომელ კუთხეში უნდა წასულიყო ბურთი. ეს ჩემი ცხოვრებისა და კარიერის უბედნიერესი დღე იყო.
- ელოდი, რომ მოედანზე გასვლა მოგიწევდა?
- ბუნებრივია, დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ იმედი ნამდვილად მქონდა. ფსიქოლოგიურად კარგად შევემზადე და თამაშის დაწყებისთანავე საკუთარ თავს მოედანზე ვხედავდი. კარგად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, თუ მწვრთნელი ჩემს თამაშს საჭიროდ მიიჩნევდა.
- რა დაგავალა გია გეგუჩაძემ მოედანზე გასვლის წინ?
- მითხრა, ნუ ინერვიულებ და შენი ფეხბურთი ითამაშეო. მარცხნიდან შეტევა დამავალა, შოთა გრიგალაშვილმა კი ცენტრში გადაინაცვლა. თუმცა ისე მოხდა, რომ გოლისას შეტევის მარჯვენა ფლანგზე აღმოვჩნდი.
- ლომიასთან იდეალურად ჩანხარ შეთამაშებული.
- დიდი ხანია, დუბლებში ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა წყვილმა მთავარ გუნდშიც შეძლო თავის გამოჩენა. დუბლებში საბას უმეტესად ჩემი პასებით გააქვს ხოლმე, ახლა კი პირიქით, მისი გადაცემით გავიტანე. შესანიშნავი პასი იყო და ვალდებული ვიყავი, კომბინაცია გოლით დამესრულებინა. მე და საბამ მეორე დღეს "დინამოს" დუბლშემადგენლობის წინააღმდეგაც ვითამაშეთ. ის შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "ზესტაფონის" მთავარ გუნდში ერთადერთი ზესტაფონელი ხარ.
- ასეა და ძალიან ბედნიერი ვარ, მშობლიური ქალაქის გუნდში რომ ვთამაშობ. მინდა, აქ არაერთი სეზონი გავატარო და "ზესტაფონის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. სხვათა შორის, რუსთავში დავიბადე და ბავშვობა იქ გავატარე, ზესტაფონში კი ბოლო ხუთი წელია, ვცხოვრობ. ამის მიუხედავად, ჩემი ოჯახი ზესტაფონიდანაა და თავს ნამდვილ ზესტაფონელად მივიჩნევ. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელიც "ზესტაფონის" ასაკობრივ გუნდებში ჩემი მწვრთნელი იყო, და, რა თქმა უნდა, გია გეგუჩაძეს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა და საოცარი მოტივაცია მომცა.
- საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებად რას მიიჩნევ?
- ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თანაც საკუთარი თავის დახასიათება ძნელია, მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ შემტევი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, ართმევაზე უფრო მეტი მონდომებით თამაში მმართებს. თანამედროვე ფეხბურთს გამოკვეთილი გამთამაშებლები აღარ სჭირდება და ვალდებული ვარ, მოედანზე უფრო დიდი მოცულობის სამუშაო შევასრულო.
- ოდესმე თუ ყოფილხარ საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრების კანდიდატი?
- სამწუხაროდ, არა. ბედნიერი ვიქნები, თუ ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს მომცემენ.
- "დინამოსთან" არც სადებიუტო უმაღლესლიგური მატჩი ჩაგიტარებია და გოლიც არ ყოფილა პირველი.
- დიახ, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჯერ კიდევ შარშანწინ, ახალციხის "მესხეთთან" მატჩში მქონდა და ძირითად გუნდში არც ამ სეზონში მითამაშია პირველად, გოლი კი წინა სეზონში ზუგდიდის "ბაიას" გავუტანე. პირველი გუნდის სრულუფლებიან წევრად კი "დინამოსთან" შეხვედრამდეც ვგრძნობდი თავს. ხანდახან უმაღლესი ლიგის მატჩების განაცხადშიც ვხვდებოდი და "ზესტაფონის" შემადგენლობაში ესპანურ შეკრებაზეც ვითამაშე, რამაც ახალი გამოცდილება შემძინა.
- ასეთი მნიშვნელოვანი გოლის შემდეგ დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატში თამაშისთვის განწყობა ხომ არ გაგიჭირდება?
- არავითარ შემთხვევაში. კარგად ვიცი, რომ ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად კიდევ ბევრი შრომა დამჭირდება და მანამდე ვალდებული ვარ, საკუთარი შესაძლებლობები ისევ დუბლებში დავამტკიცო. ისიც ვიცი, რომ შრომა დამიფასდება და საკუთარ შანსს მოთმინებით დაველოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში კიდევ მომიწევს თამაში, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, ყველაფერი წინ მაქვს – ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ და ჩემთვის ისიც დიდი პატივია, ასეთი შესანიშნავი გუნდის წევრი რომ ვარ.
- "დინამოს" დამარცხებამ "ზესტაფონი" ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად აქცია.
- ფავორიტობა ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩემპიონობამდე სხვა მატჩების მოგებაც გვჭირდება. კარგია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. დიდი იმედი მაქვს, რომ გაუთვალისწინებელ ქულებს აღარ დავკარგავთ. "ზესტაფონი" ჩემპიონობას იმსახურებს, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიზნის მისაღწევად გუნდი და ქომაგები გაერთიანებულები ვართ. ზესტაფონელი გულშემატკივარი ჩვენთვის ნამდვილად მეთორმეტე მოთამაშეა.
.
|