გაზეთ ”ოლიმპის” პუბლიკაცია
”ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე”
კვირას ზესტაფონში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო. როცა ამას უყურებ კაცი, რწმუნდები, რომ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა, რომ ის ცოცხალია და მომავლის იმედითაც ივსები. კარგი ფეხბურთი, დიდებული ამინდი, 4 000 მაყურებელი, მხურვალე ქომაგობა, ორივე გუნდის თავდადება, ჟინი და მონდომება - ამაზე მეტი მართლაც რაღა უნდა ინატრო ადამიანმა. მით უმეტეს, ჩვენი ფეხბურთი ტელეეკრანებსაც დაუბრუნდა...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ოფიციალურ დევიზად გაუჩნდა ის, რასაც აქამდე აკეთებდა. "ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე" - გვაუწყებს სტადიონის თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ბანერი.
სწორი და მისასალმებელი მიდგომაა. კვირას ქართულ ფეხბურთზე ზრუნავდა არა მარტო "ზესტაფონი", არამედ თითოეული ის ადამიანი, რომელიც სტადიონზე მივიდა და რომელმაც "დავით აბაშიძეზე" ფეხბურთი ითამაშა. არ გვინდა გარჯა დავუკარგოთ თბილისის "დინამოს". მათ არაერთ ეპიზოდში გამოავლინეს მაღალი სათამაშო კლასი. არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არბიტრ თორნიკე გვანცელაძის გარჯა, რომელმაც მართლაც ბრწყინვალედ იმსაჯა ეს ურთულესი მატჩი. ყველა არბიტრი რომ ასე ირჯებოდეს, სამსაჯო სკანდალები თითქმის აღარ გვექნებოდა საქართველოს ჩემპიონატში.
ფინალი კი მართლაც დიდებული იყო: მატჩის განაცხადში მყოფმა ერთადერთმა ზესტაფონელმა გიორგი ჭანკოტაძემ უკანასკნელ წუთზე გატანილი გამარჯვების გოლით კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა ტრიბუნები. ეს დღე ისტორიულ მარგვეთში ალბათ კიდევ დიდხანს არ დაავიწყდებათ. მთლიანად ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იყო ის, რომ ვიპ-ლოჟაში ერთად ისხდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ზვიად სიჭინავა და საფეხბურთო კლუბ `ზესტაფონის~ პრეზიდენტი ილია კოკაია.
"ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე" - ეს დამღა ატყვია "ზესტაფონის" მშენებარე ბაზას, რომელიც კვირას ჟურნალისტებმა ერთად დავათვალიერეთ და მოვიხიბლეთ. ერთი გამზადებული მინდორი ისეთი საფარით, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ქალაქის მთავარი სპორტული არენისას. სულ მალე - კიდევ ოთხი მოედნის მშენებლობის პერსპექტივა, ჩოგბურთის კორტები, სასტუმროს პროექტი...
კვირას ძალიან ბევრი გარემოება დაემთხვა ერთმანეთს და თითოეული მათგანი ქართული ფეხბურთის მერმისისთვის ძალიან მნიშვნელოვნად გვეჩვენება.
|