”ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე”
ამ სახელწოდების დიდი ბანერი, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შესვლისთანავე გეცემათ თვალში. ეს მხოლოდ რეკლამა არ გეგონოთ. ილია კოკაია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" ერთად ნამდვილად ზრუნავს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.
"ზესტაფონი"- "დინამოს" მატჩისთვის, იმერულმა კლუბმა მედიის წარმომადგენლებს ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა. ტრანსპორტი გამოყო და ჟურნალისტების ჯგუფი ქალაქში ჩაიყვანა. ერთგვარი ინფო-ტური "ზესტაფონის" მშენებარე ბაზის დათვალიერებით დაიწყო, სადაც ერთი სავარჯიშო მოედანი უკვე მზადაა. ჟურნალისტებმა ვერ დამალეს აღფრთოვანება მინდვრის მიმართ, რომლის საფარიც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული სტადიონის საფარსაც კი სჯობს. მოედანი იმდენად მწვანე და ხასხასაა, ხელითაც კი შევეხეთ, რომ დავრწმუნებულიყავით, ეს ნამდვილად ბუნებრივი იყო თუ არა.
სავარჯიშო მოედანი გუნდის სათამაშო მინდორსაც კი სჯობს. ასეთივე ორი მოედანი გვერდით იგება. მეორე ბუნებრივსაფარიანი მოედნის მოსამზადებელი სამუშაოები ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია და წვრილი ქვიშისა და ტორფის შეტანის შემდეგ, მასზე ბალახს გადააგებენ.
როგორც კლუბის პრესატაშემ განგვიმარტა, წლის ბოლოს ყველა სამუშაო იქნება დასრულებული და გუნდს სამი ბუნებრივსაფარიანი მოედანი ექნება განკარგულებაში.
"პირველი მოედნის ირგვლივ, სარბენი ბილიკი გაკეთდება. მეორე მოედანზე უახლოეს კვირებში საფარის დაგება დაიწყება. რაც შეეხება მესამე მინდორს, მასზე დროებით ცენტრალური სტადიონის საფარს დავაგებთ, რადგან იქ დრენაჟთან დაკავშირებით, რაღაცეებია შესაცვლელი, შემდეგ უკან წავიღებთ. მეორე და მესამე სტადიონებს შორის ჩოგბურთის კორტები კეთდება. აშენდება ტრენაჟორების დარბაზი და სასტუმრო. ბაზის გვერდით არის შენობა, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება და გადაწყდება. ასევე, გვერდით ასათვისებელი მიწაა და ამაზეც მიდის საუბარი, რომ იქ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაკეთდეს. წლის ბოლომდე კი, როგორც გითხარით, მინდვრები უკვე დასრულებული იქნება".
სასიხარულოა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ პატარა ქალაქების საფეხბურთო ქალაქებად ქცევას უწყობენ ხელს. ბანერი კი თავის შინაარს ამართლებს. "ზესტაფონი" ზრუნავს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.
|