11.04.2011

 

 

 

 

ნათელი ფერები “ფეროს” ქალაქში

 

 

 

 

 

“ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე” - ასეთი წარწერა აქვს ზესტაფონის “დავით აბაშიძის” სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე განთავსებულ მოზრდილ ბანერს. ახლა დავფიქრდეთ, ასეთი ბანერის გაკეთებას რა უნდა? ბევრი არც არაფერი, მოფიქრება და მცირე თანხა. მაგრამ ამის იქით არის მთავარი – მორალური უფლება.


ყველა კლუბი იტყვის, ჩვენ ქართულ ფეხბურთზე ვზრუნავთო? არა, თქმით იტყვიან, მაგრამ სიმართლისგან შორს იქნება. “ზესტაფონი” საქმით ამტკიცებს და აქ მარტო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა არ იგულისხმება. დავითვალოთ, იმერული კლუბის რამდენი ფეხბურთელი თამაშობს საქართველოს ამა თუ იმ ნაკრებში. მარტო თემურ ქეცბაიას გუნდში, მურთაზ დაუშვილი, ნიკა გელაშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, კახა ალადაშვილი (ბოლო სამს, ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშიათ, მაგრამ გამოძახებულნი იყვნენ) არიან, ანუ ქართული კლუბებიდან ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელთა ყველაზე მეტად “მიმწოდებელი” კლუბი “ზესტაფონია”. და ამაზე მეტი ზრუნვა რაღაა?


სანამ “ზესტაფონი”-“დინამოს” უმნიშვნელოვანესი მატჩი დაიწყებოდა, იმერული კლუბის პრესატაშემ სერგო ფუტკარაძემ ბაზა დაგვათვალიერებინა ჟურნალისტებს. გეცოდინებათ, “დავით აბაშიძეზე” “ზესტაფონის” ძირითადი გუნდი მხოლოდ თამაშობს და იქ არც ვარჯიშები იმართება და არც დუბლებისა და ჭაბუკთა გუნდების მატჩები. დუბლებიც და ჭაბუკებიც სხვა სტადიონზე თამაშობენ, ბაზა კი ცალკეა...


ბაზა სტადიონიდან 3-4 კილომეტრის დაშორებითაა (აღმოსავლეთით), იქ, ჯერჯერობით, ერთი სტანდარტული ბალახისსაფარიანი მოედანია და მასზე “ზესტაფონი” 2010 წლის 23 ნოემბრიდან ვარჯიშობს. უნდა ითქვას, ამ მოედნის საფარი “დავით აბაშიძის” მინდორს ოდნავადაც არ ჩამოუვარდება. ბაზაზე კიდევ 4 მოედანი კეთდება, აქედან ერთზე ხელოვნური საფარი დაიგება.
ერთ-ერთ ბალახისსაფარიან მოედანს (სადაც დრენაჟი უკვე გაკეთებულია) ერთ მხარეს ტრიბუნაც უკეთდება და იქ, დუბლებს, რაიმე გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში კი ძირითად გუნდსაც, შეეძლებათ მატჩების ჩატარება. ამ ყველა მოედნის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.


მხოლოდ მოედნები არა... იქვე უნდა აშენდეს სასტუმრო (60-ადგილიანი), რომელიც გაისად მზად იქნება. ასევე, ჩოგბურთის კორტები, აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და ასე შემდეგ. ანუ, სპორტული კომპლექსი იქნება. რა თქმა უნდა, არის პრობლემები (თუნდაც, წყლის), თუმცა, ეს ყველაფერი გვარდება.


“დავით აბაშიძეზე”, შესასვლელთანვე, სატრენაჟორო დარბაზია, მშვენივრადაა მოწყობილი ვიპ-ლოჟა და პრეს-ლოჟა. ერთიც, იყიდება ბილეთები (თანაც, საკმაოდ მკაცრი კონტროლია) და ამის ბრალიც იყო, რომ “ზესტაფონი”-“დინამოზე” ტრიბუნაზე თავისუფალი ადგილები დარჩა. ეგეც არ იყოს, ზესტაფონი პატარა ქალაქია და ნეტავ, საქართველოში ყველგან დადიოდეს 3-4 ათასი ქომაგი...

 


ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005