05.04.2011

 

 

 

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

“ფედერაციაში სრული იურიდიული ქაოსია”

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რომ ტელევიზიის მეშვეობით გაიგო ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის სკანდალური მატჩის (“ვიტ ჯორჯია” - “ზესტაფონი” 1:1) პერიპეტიები, მასთან ერთად, ჩვენც გაგვაკვირვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმისადმი ასეთმა მიდგომამ, ყველაზე მეტად, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია გააკვირვა. იგი ამჟამად უცხოეთში იმყოფება და სატელევიზიო ეთერში იქიდან დარეკა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სცადა. ზვიად სიჭინავასთან მცირეხნიანი სიტყვიერი პოლემიკის დროს, არაერთი საინტერესო საკითხი გამოიკვეთა, რომელთა დასაკონკრეტებლად, “მსოფლიო სპორტი” იმერული კლუბის თავკაცს ტელეფონით დაუკავშირდა.

 


- ბატონო ილია, როგორც ვიცით, პრესასთან ურთიერთობას კარგა ხანს ერიდებოდით და რამ გამოიწვია თქვენი სატელევიზიო ჩართვა?

- მოგეხსენებათ, მე ეს თამაში არ მინახავს და მაინტერესებდა, ფედერაციის ხელმძღვანელის შეფასება მომესმინა. ჩვენ, ამ მატჩის მსაჯობით დაზარალებულებმა, ფედერაციაში პროტესტი კი არა, უბრალოდ წერილი გავაგზავნეთ, რათა მათ, ჯერ ერთი, მსაჯების მოქმედება შეეფასებინათ და მეორეც, გაგვეგო, მათი აზრით რა დააშავა გელაშვილმა. პრესით რასაც ვეცნობოდი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები იყო - ჩვენი მხარე ფეხბურთელებს “ფრთიან ანგელოზებად” აცხადებდა და მსაჯებს “მონსტრებად”, მეორე მხარე კი, რა თქმა უნდა, პირიქით. თქვენს საიტზე ლაშა სილაგავას კომენტარსაც გავეცანი და განმარტება კარგი იყო, მაგრამ ჩემთვის მაინც იყო დარჩენილი გაუგებრობები.
ჩემთვის მთავარი იყო ის, როცა ფედერაციის პრეზიდენტმა მომხდარი გაიკვირვა და ამ თამაშზე რაც მოხდა, ტელევიზიით გაიგო. წარმოგიდგენიათ? ფედერაციაში, რომელიც დღეს ეროვნულ ჩემპიონატს კურირებს, მის პრეზიდენტს არ ეუბნებიან ასეთი მატჩის თაობაზე. თურმე, მას იმაზე მეტი საქმე ჰქონია, ვიდრე ტურის ცენტრალური მატჩის სკანდალური დეტალების ცოდნაა.
მეორე მიზეზი ამ ჩართვისა იყო ის, რომ “ზესტაფონი” სულ წერილებს მწერსო და ამას, საკმაოდ შეწუხებული კაცის იერით აკეთებდა.
ეს ყველაფერი, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. წერილებს იმიტომ ვწერ ფედერაციას, რომ ერთმანეთთან სამუშაო რეჟიმში ვიყოთ. თუ ფედერაციის პრეზიდენტს უფრო კომფორტულად ტელევიზიის ეკრანთან მიაჩნია თავი და პრესის მეშვეობით ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას, ჩვენ არც ეს გვიჭირს.


- როგორც ვიცით, თქვენს შორის კონფრონტაციული დამოკიდებულება არაა.

- ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ჩვენსა და ფედერაციას შორის არც შეიძლება კონფრონტაციული დამოკიდებულება იყოს. ჩვენ თუ ფეხბურთის განვითარება გვინდა, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ბევრი რამეა დასახვეწი ფედერაციის მუშაობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში გამოვიდე და დროშით ხელში ვიმიტინგო. ვერავინ დამიმტკიცებს იმას, რომ ფედერაციას საათივით აწყობილი აქვს საქმე, თუნდაც მენთეშაშვილის საქმიდან გამომდინარე.


- მენეთეშაშვილამდე იყო ხორვატი ლეგიონერის, გრუიცას გაჭიანურებული დარეგისტრირება.
- ეს ფეხბურთელი სწორედ ისეთი მომენტისთვის ავიყვანეთ, რაც დაგვიდგა ცხინვალის “სპარტაკთან” თამაშამდე. 2 მცველი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა ამ თამაშს, ხიდეშელი უვარჯიშებელი და სიცხიანი იყო და დავრჩით 18 წლის მამუკა კობახიძის იმედზე. არ დაგვირეგისტრირეს, რადგან ფედერაცია ითხოვდა 15 ათას ლარს ლეგიონერის განაცხადში დამატებისთვის. ფულადი ურთიერთობის მოგვარების მრავალი გზა არსებობს, რის მოსაძებნადაც 8 წერილი მივწერეთ ფედერაციას - პასუხი ვერ მივიღეთ. ისიც შევთავაზეთ, რომ ურთიერთჩათვლის საფუძველზე მოგვეხდინა ანგარიშსწორება, მაგრამ ამაოდ. ვითამაშეთ ის თამაში, გადის 2 დღე და ფეხბურთელს არეგისტრირებენ. მას შემდეგ ისევ მივწერეთ - თუ ფული იყო გადასახდელი, ჩვენ ხომ არაფერი მოგვიცია, რა ახალი დოკუმენტი მიიღეთ ისეთი, რომ თამაშიდან ორ დღეში დაარეგისტრირეთ. ველოდებით ამ დოკუმენტს და დღესაც არ მიგვიღია.
პარადოქსია, მაგრამ პასუხებს მარტო ტელევიზიიდან ვღებულობ. თუ იმისთვისაა მოსული, რომ იქ თავისი პიარი იკეთოს, ფედერაცია არაა ის ადგილი, სადაც ვინმემ ეს უნდა აკეთოს. ჩემი აზრით, ფედერაციის პრეზიდენტი რომელიმე კლუბის მენეჯერი, ან მეპატრონე კი არა, ბევრად მაღალი რანგის პერსონაა. იგი, მთლიანობაში, ქართული ფეხბურთის საჭირბოროტო პრობლემების გადასაჭრელად უნდა მუშაობდეს. მის სიტყვას დიდი ფასი აქვს და როცა რაიმე იურიდიულ საკითხებზე აკეთებს კომენტარს, შესაბამისი კონსულტაცია უნდა ჰქონდეს მიღებული.
რასაც ვაკვირდები, ფიფას რაღაც სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. გემახსოვრებათ, ჩვენთან მიმართებაში საკმაოდ გახმაურებული იყო პოლ კესანის საქმე - ჩვენ მან რასისტობაში დაგვწამა ცილი. ჩემთვის გასაგებია, ფეხბურთელს სხვა ქვეყანაში უნდოდა სათამაშოდ გადასვლა და კონტრაქტის დარღვევით რომ კომპენსაცია არ მოგვეთხოვა, ვიღაცამ ურჩია და ასეთი რამ ათქმევინა. ფიფამ დაარღვევინა მას კონტრაქტი და სხვაგან თამაშის უფლებაც მისცა. გაოგნებული ვიყავით ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ რას გავაწყობდით. მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ კონკრეტულად ზვიად სიჭინავას აქვს ფიფასთან რაიმე პრობლემა - მაშინ ფედერაციის სხვა ხელმძღვანელობა იყო სათავეში. ზოგადად ქართულ ფეხბურთს აქვს პრობლემა ფიფასთან - ამას ვხედავ და ვიძახი.
სანამ “ზესტაფონს” ჩავუდგებოდი სათავეში, ფიფას ლიცენზირებული აგენტი ვიყავი და ძალიან ბევრი ფედერაციის მეშვეობით ვურთიერთობდი ამ ორგანიზაციასთან. ვუყურებდი მოლდოვასა და უკრაინის ფედერაციების ურთიერთობას ფიფასთან და მერწმუნეთ, სულ სხვა ურთიერთობა იყო. იყო საკითხები, 2-3 საათში წყდებოდა, მაქსიმუმი 3 დღე ყოფილიყო. საქართველოდან გაგზავნილი იმავე შინაარსის და სპეციფიკის საქმეები კი თვეობით “იჭედება”.
საინტერესოა, რატომ ხდება ეს? იქნებ, იურიდიულად არასწორად ვაკეთებთ საქმეს. მენთეშაშვილის ტრანსფერი მხოლოდ ჩვენი ფედერაციის მონაწილეობით განვახორციელეთ. ყველაფერს მასთან ვათანხმებდით - ებრაულ კლუბთან კონტაქტს, მათ საბანკო რეკვიზიტებს, ბანკში ფულის გადარიცხვას. ჩვენ ყველანაირ ვადებში ჩავეტიეთ და ფეხბურთელის ტრანსფერი ვერ მივიღეთ. ვკითხულობთ, რაშია საქმე - პასუხს ვერც ახლა ვღებულობთ.
იმას კი არ ვამბობ, რომ ფედერაცია არაფერს აკეთებს - აკეთებს, მაგრამ რაღაცაშია საქმე, ისეთი იურიდიული კაზუსებია მათ მუშაობაში, მე მის შეფასებას ვერ გავაკეთებ.


- კესანის საქმის შემდეგ, ფედერაციის მეშვეობით თუ გამოიყენეთ ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლება?

- ფიფამ როცა მისცა კესანს თამაშის უფლება, მოვიკითხეთ ეს საკითხი და ველოდებოდით კომპენსაციის მიღების პროცედურის დაწყებას, მაგრამ გაირკვა, რომ იქაც დაგვიგვიანებია. არადა, ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში, კლუბი ფედერაციას უნდა გაეფრთხილებინა.
დღეს, ხორვატიას მოვუგეთ და ძალიან გვიხარია! თუმცა ეიფორიას ნუ მივეცემით და ყველაფერს საკუთარ ანგარიშზე ნუ მივიწერთ. კი, ფედერაციის დიდი ღვაწლიცაა ამ საქმეში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს თამაში მოიგო თემურ ქეცბაიას ნიჭმა, ნაკრების ფეხბურთელების თავდადებამ და საოცარმა გამართლებამ! მაგრამ, როცა ოჯახში ამდენი მოუგვარებელი პრობლემაა, ამას გამოსწორება უნდა. დღეს ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ერთ დღეს ამოყოფს თავს და… ბოსნიის დღეში არ აღმოვჩნდეთ.


- ბოსნიამდე ჯერ შორია - მათ 3 პრეზიდენტი ჰყოლია და ის მოკვეთაც იმიტომ მოხდა.

- ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმათ 3 პრეზიდენტი ჰყავდა თუ მათ საქმეში სახელმწიფო ერეოდა, მაგრამ ფაქტი ხომ ისაა, რომ ბოსნია ფეხბურთის გარეშე დარჩა. წარმოიდგინეთ თავი იმ ბიზნესმენების ადგილზე, ვინც ბოსნიურ ფეხბურთში ფული ჩადეს - მე არ მინდა ამ დღეში აღმოვჩნდე.


- საქართველოში, საკლუბო ფეხბურთის იმ დონეზე დაფინანსება, რასაც თქვენ აკეთებთ, ძვირი სიამოვნებაა. თვლით თუ არა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგით?
- ვთვლი, რომ კი - ვიღაცამ ხომ უნდა ააღორძინოს ქართული ფეხბურთი? ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის საშუალება. ჩემი პოლიტიკისთვის, მთავარი არაა საქართველოს ჩემპიონობა, თუ თასის აღება. ეს, ჩვენი მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი გზაა, რათა ევროტურნირებზე გავიდეთ და იქ წარმოვაჩინოთ ღირსეულად ქართული ფეხბურთი.
როცა ტელევიზიით ვუყურე, როგორ აფურთხებდა ჩვენი ფეხბურთელი მსაჯს და როგორ იგინებოდა, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება. ფედერაციამ რაც არ უნდა გადაწყვიტოს გელაშვილთან მიმართებაში, კლუბს მისი ვერდიქტი უკვე აქვს. მას არავითარ შემთხვევაში არ ეპატიება “ზესტაფონის” სახელის შერცხვენა.


- “დებატების” დროს ნახსენები იყო შარფი. როგორც მახსოვს, “ზესტაფონის” შარფით ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი დადიოდა ოფიციალურ თამაშებზე.

- ალბათ, ის არ გახსოვთ, როდის ჰქონდა გაკეთებული ეს შარფი - პრეზიდენტობამდე, თუ პრეზიდენტობის დროს. კიდევაც თქვა მან მის ინტერვიუში, რომ ეს ბოლო მატჩია, როცა “ზესტაფონს” ვგულშემატკივრობ, რადგან ხვალიდან, როცა ფედერაციის პრეზიდენტი გავხდები, ყველა გუნდს ერთნაირად ვუქომაგებო (ეს იყო 2005 წლის 26 მაისს, “ზესტაფონსა” და “ლოკომოტივს” შორის გამართულ თასის ფინალზე, არჩევნები კი 11 ივნისს ჩატარდა - ფ.კ.). გუშინწინ თუ ზვიად სიჭინავა “ბაიას” შარფს ატარებდა, დღეს რა ვქნათ, ვუსაყვედუროთ?
თუ მას ახალკაცის მოღვაწეობა რაიმე კრიმინალურ ასპექტში გადაჰყავს, რომ რაღაც კრედიტები ჰქონდა არასწორად აღებული - არსებობს ასეთი საკითხების მოკვლევისთვის პროკურატურა და მან შეისწავლოს. ამას ტელევიზორით ხომ ვერ გავარჩევთ, არა?
რა ვქნათ, ვიძახოთ ხმამაღლა, რომ ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ 100 ათას ევროზე მეტით აზარალა მისი ორგანიზაცია? პირადად ვთხოვე “ტაოპრივატბანკის” დირექტორს, მივიყვანე ფედერაციაში და შევახვედრე მათ. მოილაპარაკეს, რომ 345 ათას ევროს გადაიხდიდა ფედერაცია და ის ძველი კრედიტიც დაიხურებოდა. პრინციპული თანხმობა იყო, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი ორივე მხრიდან მოეწერებოდა, მაგრამ ფედერაციამ მოიტყუა. ბანკი იძულებული გახდა სასამართლოში შეეტანა და ამ გზით 475 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა ფედერაციას. რატომ არ კითხულობთ, ვინ აზარალა ქართული ფეხბურთი ამოდენა თანხით და ვინ უნდა გადაიხადოს იგი.
რა თქმა უნდა, ასეთი სიმართლე არავის მოეწონება - მასზე ტელევიზორში ვერ ვიყვირებდი იმიტომ, რომ არავის აინტერესებს ამის გაგება. გამოდიან ტელევიზიით და ამ ბანკის წინააღმდეგ პრესკონფერენციას აწყობენ. იცით, ეს რას გამოიწვევს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სესხის აღება დასჭირდება და ასეთი დამოკიდებულების გამო, ყველა ბანკი უარს ეტყვის.


- მგონი, თქვენ იყავით ერთი მათგანი, ვინც 2011 წლის 22 იანვარს ჩატარებულ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს არ დასწრებიხართ.
- სულმნათ ნოდარ დუმბაძეს აქვს ერთ-ერთ ნაწარმოებში ნათქვამი - ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ იყო დარჩენილიო. ასეთ დროს ვთვლი, რომ არც იყო საჭირო ჩემი ჩამოსვლა.


- თქვენ გული დაგწყდათ, რომ ეს ადგილი არ იყო დარჩენილი და იმიტომ არ ჩამოხვედით, თუ პრინციპულ მოსაზრებათა გამო შეიკავეთ თავი სიჭინავას დანიშვნაში მონაწილეობისაგან?
- არა, უბრალოდ იმ წარმართულმა საარჩევნო კომპანიამ და 20-მა საარჩევნო სუბიექტმა რომ წარადგინა, ეს ჩემი აზრით, ყოველგვარ მარაზმს გასცდა და არ მინდოდა მეც მათ შორის ვყოფილიყავი.


- ამიტომაც ხომ არაა თქვენი კლუბისადმი ასე “განსაკუთრებული” დამოკიდებულება - იქ გრუიცას, აქ მენთეშაშვილის საქმეები, ახლა “ვიტ ჯორჯიასთან” არჩათვლილი გოლი.
- არავითარ შემთხვევაში, არც მიგრძვნია რაიმე ცუდი. ჩვეულებრივად დავდიოდი ფედერაციაში, მოლაპარაკებებს ვმართავდი და სხვა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს. შეიძლება მე ვცდები, არასწორად ვლაპარაკობ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი იურიდიულ ჭრილში გადადის.
ბატონმა ზვიადმა ახსენა, რაღაც ვალი დაგიფარეთო და კმაყოფილი უნდა იყოთო. მოვიკითხე ეს ყველაფერი და აღმოჩნდა - სფფ-ს ჩვენი კლუბიდან აღებული ჰქონდა ვალი, რომლის დაფარვა დააგვიანა. ჩვენ კი, მისი გადახდა საგადასახადო კუთხით დაგეგმილი გვქონდა. ეს სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან აქეთ შეგვექმნებოდა პრობლემები. ვალის პროცენტის სამ წერილობით მოთხოვნაზე პასუხი არ გვითხრეს, მეოთხეზე კი ზეპირად მოგვახსენეს - არ ვეთანხმებით ამ ვალსო.
როცა 2 იურიდიული სუბიექტი ვერ თანხმდება, მიდიან სასამართლოში. ბუნებრივია, შევიტანეთ საქმე არბიტრაჟში და როგორც კი საქმეს “ტაოპრივატბანკის” მსგავსი სუნი აუვიდა, ფული იმწამსვე გადმოირიცხა. ვკითხულობ, საჭირო იყო ასეთი “კონცერტი”? ჩემთვის გაურკვეველია რას აკეთებს ფედერაციის იურიდიული სამსახური.


- ფედერაციისვე დაფუძნებულ არბიტრაჟში სიმართლის საპოვნელად მისვლა, ყოველთვის დადებით შედეგს მოიტანს?

- მეც მაგას გავიძახი, რომ უნდა დაფუძნებულიყო დამოუკიდებელი სპორტული არბიტრაჟი. როცა მას რომელიმე კლუბი, ფედერაცია, ან პროფლიგა აფუძნებს, ეს კანონის დარღვევაა და შემდეგ მეპატიჟებიან, მოდი და ამ ჩემს არბიტრაჟში გავარჩიოთ საქმეო. ეს არბიტრაჟი აპირებს ჭანტურიასა და “ზესტაფონის” დავის გარჩევას. ვკითხულობ - სად აპირებენ მერე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას? მერწმუნეთ, არცერთი სასამართლო მათ განაჩენს აღსრულებაში არ მიიღებს.
ფედერაციას რომ არავითარი იურიდიული ავტორიტეტი აქვს, იგივე მენთეშაშვილის ტრანსფერმა აჩვენა. კლუბმა ვერ მიიღო ვერავითარი დადასრურებული პასუხი კითხვაზე - რატომ არ მოხდა ამ ფეხბურთელის დარეგისტრირება. ის რომ ძალიან ცუდ დღეშია, ვინ უნდა აგოს პასუხი? ვერ თამაშობს, ხელფასს ვერ ღებულობს და ვისი ბრალია - ფიფასი, სფფ-სი, ებრაული კლუბის? მისი უფლებების დასაცავად, ვინმეს სახელზე ხომ უნდა შეიტანოს სარჩელი, არა?


- ერთ-ერთ კომენტარში, სფფ-ის პრეზიდენტი საუბრობს სოლიდარობის თანხაზე, რომელიც იმ კლუბებს აქვთ გადასახდელი, რომლებიც ფეხბურთელებს ასხვისებენ და ამაში თანხას იღებენ. საინტერესოა, თქვენ თუ ხართ პირნათელი ტრანსფერიდან იმ 5%-ის გადახდაში, რომელზეც არაერთხელ უთქვამს ზვიად სიჭინავას?

- ეს მეც წავიკითხე და გაოგნებული დავრჩი. ფიფას კანონით, სოლიდარობის თანხა ესაა თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მყიდველმა კლუბმა, ამ ფეხბურთელის აღმზრდელი კლუბის სასარგებლოდ, თუ იგი 23 წლამდე ასაკისაა. რა შუაშია აქ ფედერაცია? ერთადერთი გამონაკლისია, როცა ვერ დგინდება ფეხბურთელის აღმზრდელი კლუბი. მაშინ მყიდველი კლუბი მართლაც ვალდებულია ფედერაციაში გადაიხადოს ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერის ფონდში.
იმის ზეპირად ძახილი, რომ ფედერაციას ყველა ტრანსფერიდან ეკუთვნის სოლიდარობის 5%, ან კანონის უცოდინრობაა, ან ვინმეს შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩვენ სწორედ ეს გვაღელვებს - არ შეიძლება ფედერაციის პრეზიდენტმა ასეთი არაკომპენტენტური განცხადებები აკეთოს.


- ლეგიონერების 15-ათასიან გადასახადზეც გექნებათ საკუთარი აზრი.

- ამ საკითხზე გაგზავნილ ჩვენს წერილში ვკითხულობთ - რის საფუძველზე მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. პასუხი დღესაც არ მიგვიღია.
ამ საკითხზე ერთ საინტერესო შემთხვევას გეტყვით. ლეგიონერის გადასახადი პროფლიგის დებულებაშია დაფიქსირებული, რომელიც უკვე მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ვკითხულობ, თუ პრაქტიკულად არარსებული ლიგის დებულებით მეკუთვნის 15 ათასის გადახდა, ფედერაცია რა შუაშია?
ვიმეორებ - ფედერაციაში სრული იურიდიული ქაოსია. ყოველთვის ვეუბნები ამას პირად საუბარში პრეზიდენტს თუ ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირს. იურიდიული და ფინანსური მხარე ფედერაციის საქმიანობის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.


- ბოლოს, თქვენს კლუბზეც ვთქვათ. ითვლება, რომ საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ერთ-ერთი გამართული ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაა. ვიცით, რომ დიდი გეგმები გაქვთ. იქნებ, მათ შესახებაც გვითხრათ.
- ჩვენ კიდევ ბევრ რამეს ვაპირებთ. გვაქვს საწვრთნელი ბაზის, სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტები. გვინდა, რომ ზესტაფონში ფეხბურთს ნამდვილი ევროპული იერი მიეცეს. საქმის კეთებაში უამრავი პრობლემა ჩნდება, რომლის ლოკალიზაცია და გადაწყვეტა დროს მოითხოვს. ბაზაზე მეორე მოედანს ვაკეთებთ, მესამეც დაწყებულია, მაგრამ ვფერხდებით სარწყავი წყლის პრობლემის გამო. სტადიონს რაც შეეხება, უეფას სტანდარტებში რომ მოვთავსდეთ და ყველა საკვალიფიკაციო ეტაპის ჩვენთან ჩატარება გახდეს შესაძლებელი, გარკვეული ფართობის მომატება კიდევ გვჭირდება.
ფაქტი ისაა, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.


- ბარემ, ისიც ვთქვათ, თქვენი უცხოეთში ყოფნა რითაა გამოწვეული?
- მოგეხსენებათ, ფეხბურთს ძალიან ბევრი ფული სჭირდება. ეს ფული საშოვნია და ჩემი ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის აქტივები, რომლებიც ჩვენ უცხოეთში გაგვაჩნია. ამიტომ მიწევს ევროპაში ხშირი გადაადგილება და ახლაც ესაა ჩემი აქ ყოფნის მიზანი.
რაც შეეხება ჩვენს უახლოეს გეგმებს, გვინდა დასრულებული სახე მივცეთ ბაზას, სტადიონს, ასევე ინვესტორი დავაინტერესოთ ქუთაისში, ან ზესტაფონში შესაბამისი კატეგორიის სასტუმროს აშენების თვალსაზრისით. მაგრამ ამას ყველაფერს ნელ-ნელა განვითარება და ქართული საფეხბურთო სახლის სწორი მუშაობა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი ქუჩაში არ დაგვრჩეს.
მართალი გითხრათ, ორჯერ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ფეხბურთი მიმეტოვებინა. მესამედაც თუ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, უკვე აღარ შევცვლი. ბოლომდე მინდა გავაკეთო ის, რაც გასაკეთებელია. თუკი, ასეთი რამ ქვეყანას არ უნდა, ხალხს არ უნდა და ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ჩემი სურვილი სურვილად დარჩება.
მერწმუნეთ, ყველაფერს ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება - დაწყებული გუნდიდან, რომ ფეხბურთელმა ცოტა მეტ პროვოკაციას გაუძლოს. ჩვენ თუ გადავჭერით ეს ყველაფერი, ჩემი ბოლო ცდა ქართული ფეხბურთისთვის წარმატებით დაგვირგვინდება.
ძალიან მინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი განვითარდეს, სწორი გზით წავიდეს ეს პროცესი. აუცილებელი პირობაა კლუბების სწორი განვითარება, სხვანაირად, გლობალური წარმატება ვერ მოვა. მოდი, სიმართლე ვთქვათ - ლატვიის ნაკრებმაც ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. მერე რა? დღეს ლატვიაში ფეხბურთი აღარ არსებობს. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ნაკრებზე იყო აქცენტი გადატანილი. თუმცა, ჩემთვის ეროვნული ნაკრების ყველა წარმატებას განუზომელი სიხარული მოაქვს. პირადად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრები პრეროგატივა იყოს. გული მწყდება, რომ ისრაელთან თამაშზე ერთი ფეხბურთელი იყო მინდორზე, ვინც ქართულ კლუბში თამაშობს. ე.ი. რა გამოდის? ჩვენი ფეხბურთის რესურსი ილევა. შევსება ისევ და ისევ ეროვნული ჩემპიონატიდან სჭირდება. კი ხედავთ, 17-18 წლის ახალგაზრდების გადინებას, რა შედეგიც მოაქვს.
არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ როცა ფედერაციის დღევანდელი აღმასკომის შემადგენლობას გადავავლე თვალი, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – იქ, საღი აზრის მოსმენა აღარავის უნდა. აღმასკომში ვერცერთი კლუბის წარმომადგენელს, ვერცერთ ინვესტორს ვერ ნახავთ, იქ მხოლოდ დანიშნული რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები არიან. მაპატიეთ, იქ ს/კ “სამტრედიას” წარმომადგენელია, რომელიც არა მგონია, რამე გადაწყვეტილებას იღებდეს.
მე არ ვამბობ, რომ ჩემი აზრია მარტო საღი, მაგრამ როცა ქართულ ფეხბურთს მხოლოდ რამდენიმე ფულიანი სპონსორი ჰყავს და მისი აზრი არ გაინტერესებს, ეს უკვე, ქველმოქმედისთვის საინტერესო თემა აღარაა.

ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005