02.04.2011

 

 

 

სტუმრობა ვეტერინარებთან

 

 

 

 

 

2011 წლის 2 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. თბილისში, სპორტკომპლექს ”შატილის” საფეხბურთო მოედანზე, ”ზესტაფონი” ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ვიტ-ჯორჯიას” დაუპირისპირდა.

 

 

შეხვედრა ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო - სტუმრებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ხელთ იგდეს და ვეტერინართა ”კარის გასაღების” ძიება გეგმაზომიერად დაიწყეს. ამგვარი დასაწყისის გათვალისწინებით, ვეტერინართა მიერ 15-ე წუთზე გატანილი გოლი სტუმართათვის და მათი ქომაგებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - გურამ გურეშიძის კარგი გადაცემით გიგა ბეჭვაიამ მშვენივრად ისარგებლა. ის ცრუმოძრაობებით გასცდა სტუმართა მცველებს და როინ კვასხვაძის კარი აუღელვებლად დალაშქრა. მატჩის დებიუტში გაშვებული გოლის შემდეგ მარგველებმა მასპინძლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. თავდაპირველად გატანასთან ახლოს გიორგი ხიდეშელი გახლდათ, თუმცა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო 23-ე წუთზე ზაალ ელიავას ოსტატური გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლომდე ზესტაფონელებს მასპინძელთა დამწუხრების რამდენიმე შანსი კიდევ მიეცათ, თუმცა მომენტების რეალიზება არ მოხერხდა. განსაკუთრებით გამოსაყოფია ბუბა დაუშვილის სახიფათო დარტყმა, რომლის შემდეგაც თბილისელები ჯერ მეკარე არდალიონ მიქაბერიძემ, შემდეგ კი მისივე კარის ძელმა გადაარჩინა,

მეორე ტაიმში გუნდებმა ერთმანეთს გახსნილი ფეხბურთი დაუპირისპირეს და შესაბამისად, მომენტებიც ორივე კართან იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე საქართველოს ჩემპიონატისათვის იშვიათ სწრაფ ტემპსა და თავდადებულ ბრძოლაში წარიმართა. მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმრებმა მასპინძელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. ერთ-ერთ ეპიზოდში ზესტაფონელებმა გატანილი გოლითაც კი გაიხარეს, თუმცა ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მეკარისათვის დაბრუნებული ბურთის ხელში აღების გამო ვეტერინართა საჯარიმოში დანიშნული ”თავისუფალი დარტყმა” საგოლე ”გასროლით” კახა ალადაშვილმა დააგვირგვინა, მაგრამ მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ, რომელიც თავდაპირველად სტუმრებს აჩქარებდა ბურთის თამაშში შეყვანას, ვითელთა კარის აღების შემდეგ, დარტყმის განმეორებით შესრულების გადაწყვეტილება მიიღო (იხილეთ აღნიშნული მომენტის ამსახველი ვიდეომასალა)...

 

ბოლო წუთებზე თბილისელთა დამწუხრების დიდებული შანსები ბუბა დაუშვილსა და ორჯერ რატი წინამძღვრიშვილს მიეცათ, მაგრამ ზესტაფონელთა ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მატჩის ბოლოსკენ სიტუაცია მინდორზე ძალიან დაიძაბა და არბიტრმა სილაგავამ ზემოიმერლები სხვადასხვა ფერის ბარათებით ”დაასაჩუქრა” - ფრე 1-1.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე: ჩემი აზრით, მოსაგები თამაში გვქონდა. საკმაო უპირატესობას ვფლობდით, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. სამწუხაროა, რომ ქულები დავკარგეთ. მსაჯობა? არ მინდა ამაზე საუბარი და არჩათვლილი გოლის მომენტიც თქვენ განსაჯეთ. მსაჯს სასტვენი მიცემული ჰქონდა, დარტყმა შეიძლებოდა, ჩვენმა ფეხბურთელმაც დაარტყა და გაიტანა. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ

 

02.04.2011 - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-1

დაწვრილებით:

 

 

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 აპრილს ქუთაისში გამართავს. მარგველთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005