ბუბა დაუშვილი: ”ამ შანსისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”
ჩემპიონობა გვინდა და ჩემპიონობას ვიმსახურებთ
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ბევრი ამრეზით უყურებს, მაგრამ ფაქტია, ჩვენს პირველობაზეც არიან სანაკრებოდ ვარგისი ფეხბურთელები. ბუბა დაუშვილმა ძირითადში ითამაშა და როგორც ხორვატიასთან, ისე ისრაელთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.
"ზესტაფონის" საყრდენი თავის თავს არ ღალატობს - ბრძოლა მინდვრის ყოველი გოჯისთვის, საკუთარი ღირსების შეგრძნება და თავდადება ამ ფეხბურთელის საფირმო ნიშანია.
- ბუბა, მოდი თავდაპირველად შევაფასოთ ხორვატიის ნაკრებთან გამართული შეხვედრა, რომელმაც ყველას უდიდესი სიხარული მოგვანიჭა.
- მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა ამ შეხვედრას. ეს იყო განსაკუთრებული მატჩი. ძველი თაობის ადამიანებისგან ვიცი, როგორ ცხოვრობდა ხალხი ფეხბურთით. ახლა ის დრო დაბრუნდა და უფლება არ გვქონდა, სხვანაირად გვეთამაშა. ჩემი აზრით, ჩვენი გამარჯვება განაპირობა იმან, რომ თითოეული ფეხბურთელი 100 პროცენტით დაიხარჯა მინდორზე. მქონდა განცდა, რომ საკუთარ თავს ვაჯობეთ.
- რამ განაპირობა აღთქმულ მიწაზე განცდილი მარცხი - ამის ერთ-ერთი მიზეზი გადაღლილობაც ხომ არ იყო?
- კი, რა თქმა უნდა, გადაღლილები ვიყავით, მაგრამ თავის გასამართლებლად ეს არ გამოდგება. დარწმუნებული ვარ, ებრაელებთან კიდევ მოგვეცემა თამაშისა და რევანშის საშუალება. სხვათა შორის, არც იმის იმედს ვკარგავ, რომ შესარჩევ ციკლს ჯგუფში ბოლოს ებრაელებზე უკეთეს ადგილს დავიკავებთ. ისეთი ჯგუფია, რომ ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. ოთხ ნაკრებს აქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი.
- ძალიან კარგია, რომ სწორედ ამ შანსზე ვსაუბრობთ. არადა, თავიდან ეს ზღაპრად გვეჩვენებოდა...
- სამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში არის ძალიან რეალური შანსი და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, შეუძლებელი გავაკეთოთ ამ შანსის გამოსაყენებლად.
- საინტერესოა, რა გითხრათ ისრაელთან მატჩის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ?
- განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ვიბრძოლეთ, არ გაგვიმართლაო. ისიც დაამატა, მომავალ მატჩებში უკეთესად უნდა ვითამაშოთო.
- კრიტიკოსები ამბობენ, საქართველოს ნაკრები მაინცდამაინც ლამაზ ფეხბურთს ვერ აჩვენებსო...
- ლამაზი ფეხბურთი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. დამეთანხმებით, შედეგი ტაბლოზე რჩება. ითამაშო ლამაზი ფეხბურთი და წააგო, ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია. მოედანზე როცა გადიხარ, უპირველეს ყოვლისა, 3 ქულისთვის უნდა იბრძოლო. ბოლოს და ბოლოს ქართველ გულშემატკივარს მოსწყინდა ამდენი წაგება. თამაშის ხარისხი თანდათან უფრო უკეთესი გახდება. სადღეისოდ კი მთავარი მაინც შედეგია.
- გადავინაცვლოთ ეროვნულ ჩემპიონატზე. როგორ ფიქრობთ, დასრულდა თუ არა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ორმატჩიანი ჩავარდნა?
- ორი ისეთი თამაში ვერ მოვიგეთ, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. როგორც "კოლხეთთან", ისე "სიონთან" აშკარა უპირატესობას ვფლობდით და უამრავი საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელებმა ვიცით, რომ მთავარი ბრძოლები წინაა და ჯერ დაკარგული არაფერია. გულშემატკივრებსაც მინდა იგივე ვუთხრა. ახლა გვჭირდება მათი გვერდში დგომა და გამხნევება. მინდა, მათ ყურები არ ჩამოყარონ. ჩვენ კი არა, ხანდახან ევროპის წამყვანი კლუბები კარგავენ გაუთვალისწინებელ ქულებს. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო, როცა ორი მატჩი ვერ მოვიგეთ და საქმე გავირთულეთ, მაგრამ ყოველივე ამის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება.
- შარშან ევროთასებზე "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატმა" დაამარცხა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სულ ცოტა დაგვაკლდა უკრაინული ბარიერის გადასალახავად. წლეულს თუ გაიზარდა "ზესტაფონი" იმდენად, რომ "კარპატის" დონის გუნდის ბარიერი გადალახოს?
- "კარპატის" შემდეგ გუნდი აშკარად გაიზარდა. სხვა რომ არაფერი, საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის მეტი გამოცდილება
გვაქვს. წლეულს უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ ევროთასებზე, ვიდრე შარშან. ამისთვის ცდას და მონდომებას არ დავაკლებთ. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კენჭისყრაზე. მოკლედ, ევროტურნირებს იმედიანად ვხვდები, მაგრამ ჯერ მთავარი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებაა.
ჩვენი გულშემატკივარი უკვე კარგა ხანია ელოდება ოქროს მედლებს. მიმაჩნია, რომ სწორედ წელს უნდა გატყდეს ნავსი. ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა.
- ისრაელის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მეტოქემ თავში ფეხი ჩაგარტყა. ტკივლის ხომ არ გრძნობ?
- ერთ-ერთი ებრაელი ფეხბურთელის მუხლი მომხვდა. იმ მომენტში მართლაც ძალიან მეტკინა, მაგრამ სერიოზული არაფერია.
- მაშ, "ვიტ ჯორჯიასთან" ჩვეულებრივად ითამაშებ?
- კი, ვითამაშებ. "ზესტაფონს" ხვალიდან შევუერთდები. ღამის 2 საათზე ისრაელიდან ჩანთები უნდა ჩამოვიდეს. რაღაც შეფერხება იყო ბარგთან დაკავშირებით.
|