25.03.2011

 

 

 

გამოტოვებული მატჩი დინამოელთა დუბლიორებთან

 

 

 

 

2011 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის 20-ე ტურის გამოტოვებული მატჩი. "ზესტაფონის” რეზერვისტები თბილისში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, მნათობიშვილი, ფერაძე, კიკნაველიძე, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე (შარვაძე, 60), ჭანკოტაძე, ჩიხლაძე (ღირდალაძე, 46), სარდალიშვილი, ლომია.

შეხვედრა კარგი საყურებელი და უხვგოლიანი გამოდგა. პირველი სახიფათო მომენტი პირველივე წუთებზე შეიქმნა-ერთ-ერთი დინამოელი სტუმართა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და რომ არა იმერელთა გოლკიპერ კახაბერ მეშველიანის საიმედო თამაში, მასპინძლები დაწინაურდებოდნენ კიდეც. სტუმართა მეკარის საიმედო ასპარეზობის მიუხედავად, 16-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა - გოლი დინამოელი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. ზესტაფონელებმა სცადეს ოპონენტისათვის თავის ”კონტრარგუმენტების” შეთავაზება, თუმცა თბილისელთა ”დაცვითი რედუტები”, რომელთაც გამოცდილი გულვერდ თომაშვილი და მარკო მაროვიჩი საიმედოდ იცავდნენ, შეხვედრის პირველ ნახევარში მარგველთათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მასპინძლებმა კი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ იხეირეს - 40-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ოთარ ხეცაძემ სტუმართა კარში დანიშნა პენალტი, რომელიც გოლად გიორგი ციმაკურიძემ აქცია.

მეორე ტაიმი სტუმრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს. ზესტაფონელბმა რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს, რომელთაგან ერთ-ერთი (58-ე წუთზე) ზურაბ ღირდალაძის თბილისელთა გოლკიპერ გიორგი ნადირაძესთან პირისპირ გასვლით მთავრდებოდა, მოვლენათა ამგვარ განვითარებაში კი დინამოელი ბექა ჟვანია ჩაერია და სტუმართა ახალგაზრდა ფორვარდი ”ბოლო იმედის ჯარიმით” შეაჩერა, რისთვისაც არბიტრისაგან წითელი ფერის ბარათი დაუყოვნებლივ მიიღო.

ამის შემდეგ ზესტაფონელთა უპირატესობა აშკარა გახდა, მოედანზე განვითარებული მოვლენები ”ცალკარას” ეპიტეტს ნამდვილად იმსახურებდნენ - კარის აღების შესაძლებლობები გიორგი ჭანკოტაძეს და ზურა ღირდალაძეს მიეცათ, ხოლო დავით ფერაძეს ფაქტიურად ცარიელი კარის აღებაში გიორგი ნადირაძემ სასწაულებრივად შეუშალა ხელი. და მაინც, 68-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - მიმდინარე სეზონში 23-ე გატანილი გოლით საბა ლომიამ იხეირა. მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმრებმა დინამოელები საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს მიაჯაჭვეს და თბილისელთა გამოცდილ მცველებს მრავლად ოფლიც აღვრევინეს. ორ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყო მიზანთან საბა ლომია, თუმცა მეტად ხელსაყრელი მომენტების რეალიზება არ მოხერხდა. ორ ეპიზოდშიც მატჩის არბიტრს დინამოელთა დასჯა ”უმაღლესი საფეხბურთო სასჯელით” შეეძლო, თუმცა ”საფეხბურთო თემიდის” წარმომადგენელმა ამის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა. 85-ე წუთზე კი საფეხბურთო იღბალმა საბოლოოდ ”შეაქცია ზურგი” ზემოიმერლებს - დინამოელთა ერთ-ერთი იშვიათი კონტრიერიში საგოლე დარტყმით ოთარ კვერნაძემ დააგვირგვინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3-1.

შედეგად, მარგველებმა სატურნირო ცხრილში ისევ საპატიო მესამე ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო დუბლიორთა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი დინამოელები სულ უფრო შორდებიან მდევრებს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005