პრევიუ: ”ზესტაფონი” - ”სიონი”
ხვალინდელი მატჩების მერე საქართველოს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება; მიზეზი კი სანაკრებო თამაშებია: შეგახსენებთ, რომ 26 და 29 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს ხორვატიასთან და ისრაელთან; ამას გარდა, ორშაბათს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, სანაკრებო მატჩებს საქართველოს ჩემპიონატზე არანაირი ზეგავლენა არ ჰქონდა (ჩვენს უპირველეს გუნდში აქ მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ერთეულებს თუ მიიწვევდნენ-ხლომე). ამჟამად კი სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა: თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ექვს ფეხბურთელს (გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, კახა ალადაშვილი, ბუბა დაუშვილი, ირაკლი მოდებაძე) უხმო... ვერაფერს ვიტყვით: საქართველოს ჩემპიონატისთვის მართლაც სოლიდური წარმომადგენლობაა და ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ არც ისეთი დაბალი დონის პირველობას ვატარებთ...
სანაკრებო პაუზამდე კი მართლაც საინტერესო ტური გველოდება ...
20.03.2011, 16:00. ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”.
”ზესტაფონი” - ”სიონი” (ბოლნისი) (I - 3:1, II - 4:0).
დისკვალიფიცირებულები: ალექსი ბენაშვილი (”ზესტაფონი”); გივი დიდავა, მიხეილ კობაური, მინდია ბობღიაშვილი (”სიონი”).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ზ. ჯვარიძე, დ. ჩიგოგიძე; თ. გვანცელაძე.
ერთი კვირის წინ ზესტაფონელ ქომაგებს, ალბათ, ვერაფრით აეხსნათ, თუ როგორ ვერ შეძლო საჩემპიონოდ „მომართულმა“ მათმა საყვარელ გუნდმა საშინაო მატჩში ერთ-ერთი აუტსაიდერის „კოლხეთის“ დამარცხება. თუმცა, ეს რომ დროებითი ჩავარდნა იყო, მომდევნო ტურმაც დაამტკიცა და „ზესტაფონის“ საჩემპიონო ამბიცია დღესდღეობითაც რეალურზე-რეალურია. ერთი შეხედვით, მასპინძლები ხვალინდელ მატჩშიც უპირობო ფავორიტად უნდა მიგვეჩნია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მეტოქის ბოლოდროინდელ წარუმატებელ ასპარეზობას: ბოლო ხუთ შეხვედრაში „სიონმა“ მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. ბოლნისელთა ბედად, კონკურენტებიც თამაშს-თამაშზე აგებდნენ, თორემ უმაღლეს ლიგაში 16-წლიანი ყოფნისას „სიონს“ პირველად დაემუქრებოდა პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე. ზედიზედ ოთხ მარცხს კი... საკადრო ცვლილებები მოჰყვა: როგორც გუშინ გვაცნობა ბოლნისური კლუბის პრესსამსახურის უფროსმა ჯემალ ჭიპაშვილმა, ამიერიდან „სიონის“ მთავარ მწვრთნელად ხვიჩა ქასრაშვილი იმუშავებს. სხვათა შორის, ქასრაშვილის ბოლო გუნდი... „სიონი“ იყო, საიდანაც წინა სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა და მას მერე ეს სპეციალისტი უმუშევარი იყო. და აი, თავის ძველ გუნდში დაბრუნება, თანაც როგორ მეტოქესთან და როგორი საკადრო პრობლემებით; შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია გამოცდილი მეკარე მირზა მერლანი, ხოლო მინდია ბობღიაშვილი წინა ტურში „დინამოსთან“ მატჩში გააძევეს და ახლა, ალბათ, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. ორი ასეთი გამოცდილი მეკარის არყოფნა, რაღა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია და ბოლნისელთა გუნდის ძველ-ახალი მწვრთნელი, ალბათ, დავით ლეგაშვილს დააყენებს კარში — საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი წინა ტურში, „დინამოსთან“ მატჩში ჰქონდა. სხვათა შორის, ბობღიაშვილის გარდა დისკვალიფიცირებულია „სიონის“ ორი გამოცდილი მცველიც: გივი დიდავა და მიხეილ კობაური.
გაზეთი "ლელო"
“ზესტაფონში” “სიონის” სტუმრობას, ამ უკანასკნელის სათავეში ხვიჩა ქასრაშვილის დაბრუნება ემთხვევა. ბოლნისური კლუბის მესვეურებმა, თბილისის “დინამოსთან” შუა კვირაში მარცხის შემდეგ იმსჯელეს და გიორგი ყიფშიძე მთავარი მწვრთნელობიდან დაითხოვეს. ბოლო ორ შემთხვევაში “სიონის” თავკაცად მუშაობისას, ამ სპეციალისტმა 7-მატჩიანი ზღვარი ვერაფრით გადალახა.
მეტოქეების განსხვავებული შესაძლებლობების გარდა, ქასრაშვილს წარმატებულ ხელახალ დებიუტში ხელს ალბათ საკადრო პრობლემებიც შეუშლის - ქვემოქართლელთა ძირითადი შემადგენლობის 3 ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. “ზესტაფონში” კი, თუ გუნდის განაცხადში ზურაბ მენთეშაშვილის გაჭიანურებულ ჩაუსმელობას არ ჩავთვლით, ყველაფერი რიგზეა.
www.worldsport.ge
|