ბუბა დაუშვილი: ”შიში ჩემთვის უცხოა”
”ზესტაფონის” საყრდენი ქართული ფესვებიდან
ვინც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ბუბა დაუშვილი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. იგი ნელ-ნელა ყალიბდება მაღალი დონის საყრდენ ნახევარმცველად. აკი თემურ ქეცბაიამაც ანდო ადგილი ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში.
რაც მთავარია, დაუშვილი არ იცვლება. ის ისეთივე მორიდებული და ალალი ბიჭია, როგორც წლების წინ იყო, როცა პირველად გააცნო თავი საფეხბურთო თემს ”ზესტაფონში” კარგი თამაშით. ნაკრები, კლუბი, პერსპექტივები - დაუშვილს სწორედ ამ თემებზე ველაპარაკეთ.
- ფოთის ”კოლხეთთან” თამაში გამოტოვე, მაგრამ არ იქნება, ამაზე არ გკითხო - ის იმედგაცრუება უკვე დავიწყებულია?
- კი, ნამდვილად დავიწყებულია. ამ შეხვედრიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და რაც შეიძლება, მალე დავივიწყოთ. ახლა ”სამტრედიასთან” გველოდება შეხვედრა და ჩვენი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს.
- ჩემპიონობა და თასი - ვფიქრობთ, ”ზესტაფონს” ორივე ფრონტზე შეუძლია წარმატებით თამაში. გუნდი თუ არის მზად ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მენტალურად?
- დიახ, მზად ვართ. ”ზესტაფონი” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. წლეულს ჩემპიონობა ძალიან ახლოა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოქროს მედლების მოსაპოვებლად. თასზეც სულ ორად ორი ნაბიჯია გადასადგმელი. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის და სრული კონცენტრაცია გვმართებს.
- ” ზესტაფონი” ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. შენი აზრით, აქვს თუ არა იმის რეზერვი გუნდს, რომ წლეულს ევროთასებზე წარმატებით ითამაშოს?
- ევროთასებზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია კარგად თამაში. შარშან უკრაინულ
”კარპატთან” დამარცხებამდე ”ფაეტანოსა” და ”დუკლას” მოვუგეთ. წლეულს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად ვიბრძოლებთ.
ერთი რამ მინდა ვთქვა: კლუბში იქნება თუ ნაკრებში, მე ყოველთვის გასამარჯვებლად გავდივარ მინდორზე. არ არსებობს წინასწარ წაგებული თამაში. ჩემთვის ყველა მეტოქე ერთნაირია. შიში და რიდი არავისი მჩვევია. სხვა მხრივ, საკუთარ თავზე საუბარს ვერ დავიწყებ. ჩემი თამაში ისევ და ისევ თქვენი, ჟურნალისტების შესაფასებელია.
- მართლაც რომ ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად. ვიცით, რომ პატარაობიდანვე განსაკუთრებულად ეწყობი თითოეული შეხვედრისთვის. მაგალითად, უსმენ ლაზურ ”მრავალჟამიერს” ...
- მართალი ბრძანდებით. თამაშის წინ ჩვევად მაქვს ისეთი სიმღერების მოსმენა, სისხლს რომ აგიჩქროლებს. ეს განწყობის
ერთ-ერთი საშუალებაა.
- სულ მალე საქართველოს ნაკრებს ურთულესი მატჩი ელის ხორვატიასთან. შენთვის რას ნიშნავს ეს შეხვედრა?
- რამდენი ხანია, შესარჩევი ციკლის ამ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი არ გვქონია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ყველამ თავი უნდა დავდოთ. ხორვატია რომ უძლიერესი გუნდია, ამას თქმა რად უნდა. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დაუმარცხებლები ნამდვილად არ არიან.
- ცხადია, ქომაგობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
- წეღანაც გითხარით, შიში არავისი მჩვევია-მეთქი. ხორვატებთან თითოეული ჩვენი ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ გულშემატკივარს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისინი მე-12 მოთამაშედ უნდა იქცნენ საქართველოს ნაკრებისთვის.
|