07.03.2010

 

 

 

”ბაიას” სტუმრობა მარგვეთში

 

 

 

 

 

2011 წლის 7 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ზუგდიდის ”ბაიას”.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - თორნიკე გორგიაშვილის მეტად სახიფათო დარტყმის მოგერიება სტუმართა გოლკიპერმა გოგიტა სომხიშვილმა კი მოახერხა, თუმცა დამატებაზე ყველას შოთა გრიგალაშვილმა დაასწრო და თავის გუნდი დააწინაურა. გოლი მატჩის დაწყებიდან 56-ე წამზე გავიდა. 13-ე წუთზე, ყველასათვის მოულოდნელად, ანგარიში გათანაბრდა - გოლი საკმაოდ კურიოზული გამოვიდა, ბურთმა ადგილი მასპინძელთა კარის ბადეში ირაკლი ქობალიას ფეხთან შეხების შემდეგ მოძებნა ...

მატჩი იმერელთა გაუთავებელი შეტევების ”აკომპანემენტით” მიმდინარეობდა და 25-ე წუთზე ზესტაფონელების ეს უპირატესობა გატანილ გოლში კიდევ ერთხელ აისახა - ”ზესტაფონის” სწრაფი კომბინაცია შეტევის მარცხენა ფლანგიდან შოთა გრიგალაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა, იქ კი ყველას ნიკოლოზ გელაშვილმა დაასწრო, თავური დარტყმით დალაშქრა ზუგდიდელთა კარი და 12 გატანილი გოლით მიმდინარე ეროვნული პირველობის ბომბარდირთა დავას თავში მოექცა. საინტერესოა ისიც, რომ ეს გოლი ”ზესტაფონის” ბომბარდირისათვის იმერული კლუბის მაისურით გატანილი საიუბილეო 50-ე გოლი გახლდათ. ამის შემდეგ ზესტაფონელთა კიდევ ერთი ფორვარდის ჯაბა დვალის ჯერიც დადგა - 34-ე და 45-ე წუთებზე გატანილი გოლებით ჯაბამ დუბლიც გაიფორმა და მიმდინარე ჩემპიონატში თავის ”საგოლე მონაგარი” 10 ბურთამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველ საგოლე ეპიზოდში იმერელთა ფორვარდმა თორნიკე გორგიაშვილის მიერ უძლიერესად დარტყმულსა და მეკარე სომხიშვილის მოგერიებულს დაამატა, ხოლო მეორე შემთხვევაში ასისტენტობა მას ნიკოლოზ გელაშვილმა გაუწია.

პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარშიც ზესტაფონელები სახიფათო მომენტებს მრავლად ჰქმნიდნენ, თუმცა სტუმართა დამწუხრება მხოლოდ ორ ეპიზოდში მოახერხეს. 72-ე წუთზე, ბრწყინვალე დარტყმით, თორნიკე აფციაურმა მეხუთედ აიღო ზუგდიდელთა კარი. სტუმართა რბევას საბოლოო წერტილი კი 82-ე წუთზე გიორგი ონიანმა დაუსვა - იმერელთა ცენტრალურმა მცველმა ზესტაფონელთა დებიუტანტ გიორგი ფოფხაძის მიერ სახიფათოდ დარტყმულს საგოლედ დაამატა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით - 6-1.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი):
როგორც ჩანს ჰაერში ვიყავით და “ზესტაფონმა” მიწაზე დაგვიშვა. “ბაიას” ასეთი უნიათო თამაში არ მახსოვს. მეტოქე ჩვენზე ძლიერი რომაა, აშკარაა - მეტიც, “ზესტაფონი” დღეს საქართველოს საუკეთესო გუნდია”.
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ყველას გარჯით კმაყოფილი ვარ, თუმცა, ვთვლი, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. საკმაოდ კურიოზული გოლი გავუშვით, მაგრამ მეტოქეს არ მინდა ის 3-4 მომენტი დავუკარგო, რომლებიც ჩვენს კართან შეიქმნა. ეს ყველაფერი პირველ ტაიმში, მეორეში კი, თამაში უფრო მეტად გაიხსნა და ის მომენტები, რაც ჩვენმა გუნდმა შექმნა, ღია თამაშის დამსახურება უფრო იყო”.

 

07.03.2011 - ”ზესტაფონი” - ”ბაია” (ზუგდიდი) 6-1

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ მატჩს ”ზესტაფონი” 12 მარტს გამართავს. საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” უმასპინძლებენ და სწორედ ამ მატჩით დაასრულებენ საშინაო შეხვედრების 4-მატჩიან სერიას.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005