05.03.2011

 

 

 

თებერვლის მოვლენები - "ზესტაფონი" შეუდარებელია

გუნდი - "ზესტაფონი", მწვრთნელი - გია გეგუჩაძე

 

 

 

 

გაუარესებული კლიმატური პირობების გამო უმაღლესი ლიგის გუნდებმა თებერვალში არათანაბარი რაოდენობის მატჩები ჩაატარეს; ყოველივე ამან კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატის კალენდარზეც ზეგავლენა იქონია და ჩვენს (გაზეთ ”ლელოს”) ტრადიციულ რუბრიკაზეც!

 

 

დავაკონკრეტებთ: თებერვლის ცხრილს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ გასულ თვეში ერთდროულად ოთხმა გუნდმა ("ვიტ ჯორჯიამ", "ზესტაფონმა", "ბაიამ", "ოლიმპმა") სხვებზე უკეთ ისპარეზა და ერთნაირი რაოდენობის ქულაც დააგროვა. თუმცა, XXII ჩემპიონატის რეგლამენტის გარდა, სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი: კერძოდ, "ზესტაფონმა" და "ბაიამ" ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, პოტენციურად უფრო მეტი ქულის მოგროვებაც შეეძლოთ;

ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ "ზესტაფონმა" და "ბაიამ" თებერვალში ("ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპისგან" განსხვავებით) წაუგებლად იასპარეზეს. აღარაფერს ვამბობთ მეტოქეთა ფაქტორზეც: "ზესტაფონს" გასულ თვეში სამი ურთულესი მატჩის ჩატარებამ მოუწია (უშუალო კონკურენტებთან - "დინამოსთან" და "ოლიმპთან" და ამ ბოლო დროს საგრძნობლად მოყოჩაღებულ "სპარტაკთან") და ყოველივე ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენს არჩევანზეც. თუმცა, ნურც "ვიტ ჯორჯიასა" და "ბაიას" წარმატებულ თამაშსაც დავივიწყებთ: მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვეტერინარებმა" ბოლო სამ მატჩში შვიდი ქულა მოაგროვეს და ამ კლუბისთვის შეუფერებელ სახიფათო ზონას, ალბათ, საბოლოოდ დაშორდნენ; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე ეტაპის წინ "ვიტ ჯორჯია" ორმა ლიდერმა, ჯაბა ლიპარტიამ და ირაკლი კლიმიაშვილმა დატოვა.

არანაკლებ ქებას იმსახურებს ზუგდიდის "ბაიაც": მოკრძალებული ფინანსური პირობების მიუხედავად, ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა თებერვალში წაუგებლად იასპარეზა და ასე მოტივირებულად თუ გააგრძელა თამაში, წესითა და რიგით, უმაღლეს ლიგაში დაქვეითების საფრთხეც არ უნდა დაემუქროს.

კიდევ ერთი შვიდქულიანი გუნდი რუსთავის "ოლიმპია" და, ერთის მხრივ, ჩემპიონის წარმატებული ასპარეზობა მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ გუნდის ქომაგთა ნაწილი გარკვეული ეჭვით უცქერდა "ოლიმპის" დებიუტანტი თავკაცის, ახალგაზრდა სპეციალისტის თორნიკე მაისურაძის სამწვრთნელო შესაძლებლობებს. თანაც, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ოლიმპში" რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა, ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის მანამდე უცხონი რომ იყვნენ; ამ ყველაფრის მიუხედავად, "ოლიმპი" კვლავაც მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას აგრძელებს და ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც ტიტულის შენარჩუნება სწადიათ.

გუნდი - "ზესტაფონი", მწვრთნელი - გია გეგუჩაძე


ახლა კი, ალბათ დროა გასული თვის საუკეთესო გუნდზე, "ზესტაფონზეც" ვთქვათ. პირველ ყოვლისა, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდი სრულიად ამართლებს ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსს; რაც მთავარია, "ზესტაფონმა" თითქმის 100 პროცენტით შეინარჩუნა პირველ ეტაპზე მოასპარეზე შემადგენლობა, გუნდის ორ წამყვან ფეხბურთელთან (ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ხიდეშელი) დაკავშირებული გაუგებრობაც (ასე დავარქვათ) წარსულს ჩაბარდა და საერთოდაც, ამ სეზონში ყველაზე სტაბილურად სწორედ იმერული კლუბი ასპარეზობს. აღარაფერს ვამბობთ თამაშის ხარისხსა თუ სანახაობრივ მხარეზე: ამ მხრივ კი, "ზესტაფონი", მართლაც, უკონკურენტოა!

"ზესტაფონის" კიდევ ერთი პლუსი მწვრთნელის ფაქტორიც არის: გია გეგუჩაძეს გუნდში ისეთი კონტინგენტი ჰყავს, საკუთარი იდეების რეალიზება რომ არ გაუჭირდება; რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა, როცა თითქმის თანაბარი ძალის ორი შემადგენლობა გეყოლება; მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი რესურსის ეფექტიანად გამოყენებაც და გეგუჩაძეც ჯერჯერობით, ამ მხრივ უშეცდომოდ მოქმედებს.

სხვათა შორის, ჩემპიონობის ფავორიტთაგან ერთადერთი სწორედ "ზესტაფონია", "ორივე ფრონტზე" ბრძოლას რომ აგრძელებს; ჰოდა, შემადგენლობის სწორი როტაციაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი უნდა აღმოჩნდეს ჩემპიონატისა თუ სათასო პაექრობების თავისთვის სასურველი შედეგით დამთავრებისათვის. ამას გარდა, "ზესტაფონის" ქომაგთა მსგავსად, ამ გუნდის შემადგენლობაში სამი ახალწვეულის გამოჩენის მოლოდინში, არ დავმალავთ და, ჩვენც ვართ: ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი ფოფხაძე და გორან გრუიცას დამატებით იმერული კლუბის საჩემპიონო ამბიციაც, ალბათ, ერთი-ორად გაიზრდება...

განსაკუთრებული ფაქტები


ისე როგორც ნოემბერ-დეკემბრის საფეხბურთო მოვლენების შეფასებისას, ამჯერადაც მხოლოდ დადებითსა თუ გამოსარჩევ ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ოღონდ, თანამიმდევრობას დავარღვევთ და თებერვლის დასაწყისშივე მომხდარ განსაკუთრებული ფაქტებით კი არ დავიწყებთ, არამედ ცხრილს "გამოვყვებით". ანუ, ისევ და ისევ, "ზესტაფონის" ირგვლივ "ვიტრიალებთ" და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ გუნდის შესაშურ შედეგიანობას. თანაც, იმერული კლუბის ორი ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი ბომბარდირთა სიასაც ლიდერობენ და თებერვალში პირადი მიღწევებითაც გაახარეს თავიანთი ქომაგები.

წინამძღვრიშვილმა "სპარტაკთან" მატჩში ამ სეზონის მეთერთმეტე გოლი გაიტანა და ისე როგორც წინა ათ შემთხვევაში, ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა თავი! უკვე მომდევნო ტურში კი ნიკოლოზ გელაშვილმა "ზესტაფონის" მაისურით 49-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო რეკორდსმენიც გახდა!

 

(იბეჭდება შემოკლებით ...)

 

გია ტუხაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005