2011 წლის 3 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დიდთოვლობის გამო გადადებული ორი მატჩი. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქუთაისის ”ტორპედოს”.
როგორც პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებებს სჩვევია, დღევანდელი შეხვედრაც ორივე გუნდისათვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. სადებიუტო ნაწილი მასპინძელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო შეტევის შემდეგ, 23-ე წუთზე ზესტაფონელების ეს უპირატესობა გატანილ გოლში მაინც აისახა - თორნიკე აფციაური-ნიკოლოზ გელაშვილის სწრაფი კომბინაცია შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ამ უკანასკნელის საჯარიმოში ჩაწოდებით დასრულდა, იქ კი ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო და ახლო მანძილიდან დარტყმით დალაშქრაომარ მიგინეიშვილის კარი. ქუთათურებმა როინ კვასხვაძისათვის დისკომფორტის შექმნა შორეული დარტყმებით სცადეს, თუმცა ზესტაფონელთა გოლკიპერი ყველა ამ ეპიზოდში მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას ...
შეხვედრის მეორე ნახევარში თვალსაჩინო გახდა ზემოიმერელთა უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. ქუთაისელთა თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანგარიშის გაზრდა ჯაბა დვალს, თორნიკე გორგიაშვილს და ორჯერ რატი წინამძღვრიშვილს შეეძლოთ და რომ არა ომარ მიგინეიშვილის საიმედო ასპარეზობა, საბოლოო ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა - ზესტაფონელთა მინიმალური გამარჯვება - 1-0.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გიგატაძე ("ტორპედო"): "ზესტაფონი” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ჩვენს ჩემპიონატში. ჩვენ მატჩს დიდი დანაკლისით შევხვდით. გირგი დათუნაიშვილის, ჩიკვილაძის და მეგრელაძის დაკლება, ყველა გუნდისათვის მტკივნეული იქნებოდა. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ". გია ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონი"):"ძალიან რთული თამაში იყო. დიდი მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩინებულად ითამაშეს და დამსახურებულადაც მოიპოვეს გამარჯვება".
შემდეგ მატჩს ”ზესტაფონი” 7 მარტს, ისევ შინ გამართავს. საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის შეხვედრაში იმერული გუნდი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლებს.