ინტერვიუ გოგი ფიფიასთან...
ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობაა.
გოგი ფიფია ნაკრებშია. ”ზესტაფონი”-ს ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში გამოძახების შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო და ძალიანაც გაიხარა, ფიფიას წლეულს საუცხოო სეზონი აქვს და აუცილებლად იმსახურებს ქვეყნის უპირველეს გუნდში თავის გამოჩენის შანსს.
გოგის თავმდაბალ, მოკრძალებულ ადამიანად იცნობენ. ასეთებზე კი ნდობა სასიკეთოდ მოქმედებს. ვინც იცის, ნაკრებმა მისი სახით სრულფასოვანი შევსება მიიღო.
- რამდენად მოულოდნელი იყო შენთვის ნაკრებში გამოძახება?
- მოულოდნელი ნამდვილად იყო და პირველ რიგში, მინდა ნაკრების ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისათვის, რომელიც გამომიცხადა. ეს ჩემი დებიუტია ეროვნულ ნაკრებში და მინდა ვთქვა, რომ დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა.
- მომავალ თამაშზე რას იტყვი?
- ურუგვაი ნამდვილად ღირსეული მეტოქეა და ამ თამაშში წარმატების მიღწევა ჩვენი ნაკრების იმიჯისათვის მართლაც მნიშვნელოვანია.
- არადა, სამხრეთამერიკელების დამარცხება არ უნდა იყოს ადვილი. მით უმეტეს, ვერც ამჯერად მოხერხდა უძლიერესი შემადგენლობის შეკრება.
- კალაძის, ასათიანის, არველაძის და ხიზანიშვილის დონის ფეხბურთელების არყოფნა მართლაც ძალზე ძნელად შესავსები დანაკლისია, მით უმეტეს, ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა , მჯერა, რომ მაინც მოვახერხებთ ურუგვაელების დამარცხებას და თან ეს ლამაზი ფეხბურთისთ უნდა მოვახერხოთ.
- ჩვენ საკმაოდ დიდი დანაკლისი გვაქვს, ურუგვაელები კი მხოლოდ რეკობას მოისაკლისებენ. ამ სიტუაციაში გამარჯვება ორმაგად ძნელი იქნება.
- სხვათა შორის, ურუგვაელების შემადგენლობა დღეს წავიკითხე და მათ საკმაოდ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ: ფორლანი, ვარელა, როდრიგესი, მაგრამ მაინც მჯერა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.
- შენს გარდა კიდევ რომელი ”ზესტაფონელი” იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას?
- იონანიძე და ჭანტურიაც ნაკრების კანდიდატები არიან და მჯერა, რომ მათ შემდეგ თამაშებში კვლავ იხმობენ ქვეყნის უპირველეს გუნდში. მათ გარდა კიდევ არიან ჩვენს გუნდში ბიჭები, რომლებიც თავის სიძლიერეს დაამტკიცებენ და დროთა განმავლობაში მათაც უხმობენ ნაკრებში, მაგრამ ამჯერად რომელიმე მათგანის გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- ნაკრებში შენი გამოძახება ალბათ კლუბში სათანადო თამაშმა განაპირობა?
- რა თქმა უნდა. კლუბში რომ ცუდად მეთამაშა, ნაკრებში ვინ მიმიწვევდა.
- ისე, ბოლო პერიოდში არა მარტო შენს თამაშში შეინიშნება წინსვლა, მთლიანად ”ზესტაფონ”-მა მოუმატა.
- ამის ნათელი დადასტურება ჩვენს მიერ ბოლო ტურში მოქმედი ჩემპიონის, ბოლნისის ”სიონი”-ს დამარცხებაა, თან ”სიონ”-ს ისე ვძლიეთ, რომ გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გაირკვა. ახლა ვეცდებით, პირველი წრის დარჩენილი თამაშებიც წარმატებით ჩავატაროთ და კვლავ ჩავერთოთ ჩემპიონობისათვის ბრძოლაში.
- ”ზესტაფონი” მზად არის ჩემპიონობისთვის?
- რატომაც არა, გუნდში არც ფეხბურთელები არიან დასაწუნი და მწვრთნელიც, ბატონი თემურ მახარაძეც თავისი საქმის კარგი სპეციალისტია. აქედან გამომდინარე, ოქროს მედლებს იოლად არავის დავუთმობთ.
|