27.02.2011

 

 

 

 

”ზესტაფონმა” ოლიმპი დაიპყრო

 

 

 

 

 

2011 წლის 27 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. უპრინცეპულესი ხასიათის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” ...

 

ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა დაპირისპირებამ ზესტაფონში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, რომლის მინდვრის საფარსაც მატჩზე დამსწრე ოფიციალურმა პირებმა უმაღლესი შეფასება (”ხუთიანი”) მიანიჭეს, იმერელთა და ქვემოქართლელთა მრავალმა ქომაგმა მოიყარა თავი და შეხვედრამაც მოლოდინი გაამართლა ...

პირველივე წუთებიდან მასპინძლებმა ხელთ იგდეს თამაშის სადავეები. ზესტაფონელები რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ერთ ეპიზოდში მოხერხდა - 33-ე წუთზე, რუსთაველი მცველის შეცდომით ნიკოლოზ გელაშვილმა მშვენივრად ისარგებლა, გამოზომილი გადაცემით რუსთაველთა მეკარე გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ შოთა გრიგალაშვილი დატოვა და ამ უკანასკნელმა ბურთი სტუმართა კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა. ტაიმის მიწურულს იმერლებს მეორე ბურთის გატანის დიდებული შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ბურთი, რომელიც აშკარად ბადეში უნდა გახვეულიყო, რუსთაველმა დენის დობროვოლსკიმ საკუთარი კარის ხაზიდან თავით გამოიტანეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თავის გამოჩენის შესაძლებლობები ჯაბა დვალს, შოთა გრიგალაშვილს და ნიკოლოზ გელაშვილს მიეცათ, მაგრამ ყველა ამ ეპიზოდში სპორტულმა იღბალმა სტუმრებს გაუღიმათ. 73-ე წუთზე კი ანგარიში მაინც გაიზარდა - რუსთაველთა კართან დანიშნული კუთხური ზაალ ელიავამ და თორნიკე აფციაურმა სწრაფად გაითამაშეს და ამ უკანასკნელის ჩაწოდებულს ქვემოქართლელთა კარის ბადეში ადგილი ნიკოლოზ გელაშვილმა მიუჩინა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გოლი ნიკოლოზ გელაშვილისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შემადგენლობაში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 49-ე გოლი გახლავთ, თავად ფორვარდი კი იმერული კლუბის მთავარმეგოლედ სწორედ ამ გოლმა აქცია. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის ბოლო წუთებს, ზესტაფონელები თამაშის მიმდინარეობას ბოლომდე აკონტროლებდნენ და საქმე კანონზომიერ გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს - 2-0.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ეროვნული პირველობის სატურნირო ცხრილს ისევ ზესტაფონელები მოექცნენ სათავეში.

 

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):


თორნიკე მაისურაძე (“ოლიმპის” გენერალური დირექტორი): “პირველ ტაიმში, როცა თანაბარი თამაში იყო, უწყინარ სიტუაციაში სერიოზული შეცდომა დაუშვა ჩვენმა მცველმა, რითაც მეტოქემ ისარგებლა. ამის შემდეგ, მე-2 ტაიმში ინიციატიავას მოწინააღმდეგე დაეუფლა და მსაჯთან გაგრძელებული კამათით გართულმა ფეხბურთელებმა ვეღარ აიყვანეს გელაშვილი, რის გამოც დავისაჯეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ ვაგრძელებთ. წინ 15 ტურია და იმედი მაქვს, მსგავსი შეცდომები აღარ გამეორდება და დასახულ მიზანს, რაც ჩემპიონობის შენარჩუნებაა, შევასრულებთ.


გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, ჩვენი მოგება, ბიჭების თავდადებამ და გუნდის გონიერმა თამაშმა განაპირობა. იმაზე საუბარი, რომ “ზესტაფონმა” რამე გაინაღდა, ნაადრევია. რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ წინაა. ჩვენთვის ყველა დარჩენილი თამაში მნიშვნელოვანია. მთავარია, სწორად მივიღოთ ეს გამარჯვება და სწორად წავრმართოთ ჩვენი სამუშაო პროცესი”.

 

27.02.2011 - ”ზესტაფონი” - ”ოლიმპი” (რუსთავი) 2-0

დაწვრილებით:

 

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 3 მარტს ისევ შინ გამართავს. საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეცხრამეტ ტურის მატჩში ზემოიმერლები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს დაუპირისპირდებიან.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005