21.02.2011

 

 

 

ისევ მსაჯებისა და შეცდომების შესახებ ...

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” წარმომადგენლები, როგორც წესი, თავს იკავებენ მსაჯობის თემასთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარების გაკეთებისაგან, თუმცა, ამჯერად ჩავთვალეთ საჭიროდ გამოგვეტანა ფართო საზოგადოებრიობის სამსჯავროზე ეპიზოდი, რომელსაც თბილისის ”დინამოსთან” გასულ შაბათს გამართულ შეხვედრაში ჰქონდა ადგილი და რომლის შეფასებაც ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელს გვინდა მივანდოთ.

 

 

ამ ეპიზოდს შეეძლო პირდაპირი ზეგავლენა მოეხდინა შაბათს გამართული ლიდერთა მატჩის შედეგზე. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ანალოგიურმა ეპიზოდმა ერთხელ უკვე მოახდინა უშუალო ზეგავლენა სწორედ ამ გუნდებს შორის 2010 წლის 15 აგვისტოს გამართული XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრის შედეგზე (იხილეთ ვიდეო)...

საუბარია შაბათს გამართული დაპირისპირების 18-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდზე, რომელსაც იმერელთა კართან სახიფათო მომენტი მოჰყვა. მოედნის ცენტრთან ახლოს გიორგი ონიანისა და დინამოელი რობერტინიოს ორთაბრძოლა ზესტაფონელის გაზონზე წაქცევით დასრულდა, ხოლო დინამოელთა შემტევმა გააგრძელა თავის გუნდის იერიში, რომელსაც თამამად შეგვიძლია საგოლე ვუწოდოთ. შარშანდელ მატჩში მომხდარისაგან განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ამჯერად მთავარი მსაჯის ასისტენტმა ზაზა მენთეშაშვილმა, რომელმაც მომხდარი მშვენივრად დაინახა, თამაშის წესების დარღვევის შესახებ მატჩის არბიტრ თორნიკე გვანცელაძეს ალმის შესაბამისი მოძრაობით აცნობა. ამის მიუხედავად, რეფერიმ ასისტენტის ”შეხმიანება” ყურადღების ღირსად არ ჩათვალა და ამის შემდეგ დინამოს ფეხბურთელი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა. როგორც უკვე მოგეხსენებათ, სტუმართათვის საბედნიეროდ, ბრაზილიელის დარტყმა უზუსტო გამოდგა (იხილეთ ზემოთნახსენები ეპიზოდის ამსახველი ვიდეომასალა)...

ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ამ ეპიზოდის ბედი ვინმეს ბოროტმა განზრახვამ გადაწყვიტა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მსგავსი შეცდომების შედეგად საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უკვე არაერთგზის დაზარალებულა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთ შეცდომებს ადგილი მომავალში მაინც აღარ ექნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005