სეზონის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა.
2011 წლის 19 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ თბილისის ”დინამოს” ესტუმრა.
მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საკმაოდ მძიმე მინდორზე გაიმართა, პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. იგრძნობოდა, რომ ორივე გუნდი შედეგზე იყო ორიენტირებული და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად უფრთხოდა. პირველი სახიფათო მომენტი ძალიან უცნაურ სიტუაციაში შეიქმნა - დინამოელმა შემტევებმა გიორგი ონიანის წინააღმდეგ აშკარად უხეშად ითამაშეს, რის შესახებ მატჩის არბიტრ თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტმა ზაზა მენთეშაშვილმა ალმის შესაბამისი მოძრაობით ანიშნა. ყველასათვის გასაკვირად, რეფერიმ თამაში არ გააჩერა და დინამოელი რობერტინიოც დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა. სტუმართათვის საბედნიეროდ, ბრაზილიელის დარტყმა უზუსტო გამოდგა... მალევე გუნდებმა ”ჩხვლეტები” გაცვალეს - დონალდ ჯუისისა და შოთა გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმები შესაბამისად როინ კვასხვაძემ და გიორგი ლორიამ გააუვნებელყვეს.
შეხვედრის მეორე ნახევარიც, პირველის მსგავსად, დაძაბულ პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები სათამაშო მოედნის თვითოეული მეტრისათვის თავგანწირვით იბრძოდნენ. მატჩის ბოლოსკენ იმერლებმა ბურთის დაჭერა შეძლეს და თბილისელთა ”კარის გასაღების” გეგმაზომიერ ძებნას შეუდგნენ, რაც ეროვნული სტადიონის მძიმე საფარზე საკმაოდ მძიმე საქმე გამოდგა. ამის მიუხედავად, მატჩის მიწურულს მარგველებს მაინც მიეცათ დედაქალაქიდან სამი ქულის წაღების შანსი - სტუმართა სწრაფი იერიში დარტყმით ნიკოლოზ გელაშვილმა დააგვირგვინა, თუმცა დინამოელები მეკარე გიორგი ლორიამ და მისივე კარის ძელმა გადაარჩინათ - ფრე 0-0.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
კახა კაჭარავა: “დინამოსა” და “ზესტაფონის” დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, მინდორმა რისი საშუალებაც მოგვცა, პირველ ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ და მომენტებიც გვქონდა. მეორე ტაიმზე იგივეს ვერ ვიტყვი. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და გუნდს შეთამაშება სჭირდება. ორი ტურში ორი ქულით კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო?!”
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენ საკუთარი მიზანი გვქონდა დასახული. საბოლოო ჯამში, სხვა შედეგს ველოდით. თანაბარი თამაში იყო. ქულით კმაყოფილი არასოდეს ვიქნებით, მაგრამ “დინამო” “დინამოა”. ცოტა შეცვლები დავაგვიანეთ, მაგრამ მოხდა ისე როგორც მოხდა. ჩემპიონატში ერთი მიზანი გვაქვს – ჩემპიონობა, რომლის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”.
|
19.02.2011 - ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-0 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 23 თებერვალს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” იქნება ...
|