17.02.2011

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან.

 

 

 

 

 

 

გიორგი ფოფხაძე. www.worldsport.ge-ს ფოტო.

გეცოდინებათ, “ზესტაფონი” სულ რამდენიმე დღის წინ გიორგი ფოფხაძით გაძლიერდა. 24 წლის მარცხენა მცველი “მსოფლიო სპორტთან” საუბარში არ მალავს, თუ რატომ ამჯობინა იმერული კლუბი თბილისის “დინამოს”. არადა, ფოფხაძე იანვრის დასაწყისიდან “დინამოში” ვარჯიშობდა, ტესტ-მატჩებში თამაშობდა და... დანარჩენი ინტერვიუდან.
გიორგის 7 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. საქართველოში უმაღლეს ლიგაში თბილისის “თბილისში” თამაშობდა, მერე დანიის “ვიბორგში” გადავიდა და 4,5 წელი გაატარა ამ კლუბში, “ვიბორგის” ფანებმა ზედიზედ ორჯერ გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
ახლა კი, ინტერვიუ ფოფხაძესთან.

 


- “ზესტაფონის” ვარიანტზე ადრეც იყო ლაპარაკი თუ ნაუცბათევად გადაწყდა?

- მოლდოვის “შერიფში” შემეძლო დარჩენა, მაგრამ “ზესტაფონი” ვარჩიე. ”შერიფს” არაფერს ვუწუნებ, ძლიერი გუნდია, მაგრამ იქაც იგივე პრობლემა შემექმნებოდა, რის გამოც დანიიდან წამოვედი. ვიბორგში ოჯახი ვერ მიმყავდა, მეუღლესა და პატარა შვილს იშვიათად ვნახულობდი. ეს რომ არა, დანიაში დავრჩებოდი.


- ერთი კვირაა, “ზესტაფონში” ვარჯიშობთ. შთაბეჭდილებები?
- ძლიერი გუნდია და რა თქმა უნდა, გუნდში მყოფ ფეხბურთელებს ადრეც ვიცნობდი. ასე რომ, ადაპტაციის პრობლემა არაა. ჩემპიონობისთვის და თასის მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ. ეს რეალურად შეუძლია “ზესტაფონს”.


- ისე, “ზესტაფონში” საკმაო კონკურენციაა დაცვაში.
- ასეც უნდა იყოს. ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს, რომ მის უკან სხვა ფეხბურთელია და თუ კარგად ვერ ითამაშე,შემადგენლობის მიღმა დარჩები.


- 19 თებერვალს “დინამო”-“ზესტაფონია”. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩია...
- თბილისში ვვარჯიშობთ და ჯერ ზუსტად არ ვიცი, გამოიგზავნა თუ არა კლუბში ფურცელი “ვიბორგიდან”. წესით, პრობლემა არ უნდა იყოს. ასე რომ, “დინამოსთან” თამაშის უფლება მექნება და ვნახოთ. მართლაც საინტერესო მატჩი იქნება.


- თქვი, “ვიბორგიდან” ჩემი წამოსვლის მიზეზი ოჯახისგან სიშორე იყოო. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივა – ეს ფაქტორი არ მოქმედებდა?
- კარგად ვხვდები, რომ დღეს საქართველოს ნაკრების კანდიდატიც კი არ ვარ. ისე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ნაკრები ყველაზე ბევრს ნიშნავს. “ვიბორგში” ყოფნისას უფრო ძლიერი დანიური კლუბებისგან მქონდა წინადადებები, მაგრამ იყო რაღაც, რაც მაჩერებდა გუნდში. ფანებმა ზედიზედ ორჯერ დამასახელეს გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და წასვლა მიჭირდა. გულით ვმოქმედებდი და არა - პრაგმატულად. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი. კიდევ ერთი მომენტი იყო: “ვიბორგი” ყოველი სეზონის წინ, ან სეზონის შუაში ფეხბურთელებს ყიდულობდა, თითქოს ძლიერდებოდა, სუპერლიგაში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. შარშან კი უკვე ცხადი იყო, რომ გადასვლის შანსი ნულის ტოლი იყო და უკვე აღარ შემეძლო. “ვიბორგის” პრეზიდენტს შევხვდი და შევთანხმდით, არ მინდოდა დარჩენილი საკონტრაქტო ექვსი თვის ხელფასი, თავისუფალი აგენტის სტატუსით ახლავე გამიშვით-მეთქი. ასეც მოხდა.


- იანვარში თბილისის “დინამოში” ვარჯიშობდი და ამხანაგური მატჩებიც ჩაატარე. თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა, რომ “დინამოში” რჩებოდი, მაგრამ რუსეთის “კრილიაში” წახვედი. ბევრი თუ გამართლებდა, ბევრმაც გაგამტყუნა. სიმართლე გვაინტერსებს - რატომ წახვედი “დინამოდან”?
- ჯერ ერთი, “დინამოს” ფეხბურთელი ვიყავი? კონტრაქტზე ხელი რომ მომეწერა, როგორღა წავიდოდი. ყველაფერს ზუსტად ვიტყვი: “დინამოში” მითხრეს, რომ მარცხენა მცველი სურდათ, მაგრამ ჩემში არ იყვნენ დარწმუნებულნი. მაინც მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ სეზონის ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავი “დინამოში”. სამი კვირა ვიყავი “დინამოში”, საკონტროლო მატჩებში ვითამაშე, გოლიც გავიტანე, მაგრამ არავინ არ მოსულა და კონტრაქტზე ხელის მოწერამდე არ მისულა საქმე. პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, წესით როგორც ხდება - თუ სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, ავტომატურად საქმე მიდის კონტრაქტის დეტალებზე და ხელმოწერაზე.


- ანუ, გასინჯვაზე იყავი?
- ასე გამოვიდა. ფეხბურთში სიტყვიერი შეთანხმებით არ ხდება ყველაფერი. ისეთი მიამიტიც არ ვარ... შესაძლოა, “დინამოში” არეული სიტუაცია რომ იყო, იმიტომ ვერ მოხერხდა. ტრავმა რომ მიმეღო, გამიფორმებდნენ კონტრაქტს? რა თქმა უნდა, არა. კიდევ ვამბობ, სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებაზე ვიყავი, კონტრაქტზე კი საქმე ვერ მიდგა. გამოჩნდა “კრილიას” ვარიანტი, მივედი “დინამოს” მწვრთნელ კახა კაჭარავასთან და ვუთხარი, უნდა წავიდე მეთქი. შესაძლოა, გაბრაზდა, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და იქ წავალ, სადაც უფრო ხედავენ ჩემს შესაძლებლობებს და კონტრაქტს მთავაზობენ, თანაც, უფრო კარგი პირობებით. “კრილიას” ვარიანტი რეალური იყო, მაგრამ იქ სულ სხვა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ახლა აღარ ღირს საუბარი. უბრალოდ, სანამ “კრილიაში” პირველივე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებდი, უკვე ვიცოდი, რომ იქ არ დავრჩებოდი. უბრალოდ, აღარ ღირს განსახილველად. “დინამოზე”, მგონი, ნათლად ავხხსენი. მე ბრაზი არ დამიტოვებია გულში - არც კაჭარავას და არც მურთაზ შელიას მიმართ. პირიქით, მადლობას ვუხდი მათ. გავიგე, ვიღაც-ვიღაცეებს უთქვამთ, აი, მოღალატეაო და გუნდიდან გაიქცაო. არასერიოზულ საუბრებს ყურს არ ვუგდებ. კიდევ ვიმეორებ, “დინამოში” რომ მეტი ყურადღება გამოეჩინათ და კონტრაქტი გაეფორმებინათ, ახლაც იქ ვიქნებოდი, თუმცა დღეს “ზესტაფონში” ვარ და მართლა ბედნიერად ვგრძნობ თავს.



 ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005