ჭირი, რომელიც თავს არ დამალავს.
ქართულ ფეხბურთს მინდვრები სჭირდება.
|
ასეთ მინდორზე ფეხბურთელი არ გაიზრდება.
|
ქართულ სტადიონებზე მინდვრის საფარის უხარისხობა - ესაა პრობლემა, რომელზეც ფეხბურთელები, ჟურნალისტები, ფეხბურთის სპეციალისტები ხშირად საუბრობენ ... სტადიონების თემის მოწესრიგების გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა-განვითარებაზე საუბარი ხომ მხოლოდ საუბრად რჩება. ის, რომ ”ქართული მოედნების” პრობლემა ისევ ”იქაა”, ”სადაც” შარშან შემოდგომაზე ”დავტოვეთ”, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრებმაც ცხადჰყო. გამომდინარე იქიდან, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” საქართველოში სათამაშო მოედნების მოწესრიგების საკითხს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ჩავთვალეთ საჭიროდ შემოგთავაზოთ ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის პუბლიკაცია, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს გაზეთ ”ოლიმპში” დაიბეჭდა და რომელიც სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება.
”ერთ- ერთ უკრაინულ ინტერნეტ-საიტზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისადმი მიძღვნილი პატარა და ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე. ამ სტატიაში მოხსენიებულია ის უკრაინელი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს ჩვენს ქვეყანაში რომ უთამაშიათ. შეჯამებულია საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგები და გამახვილებულია ყურადღება პრობლემაზე, რომელიც რატომღაც ყველას ძალიან ხშირად გვავიწყდება.
”გვავიწყდება” ალბათ უფრო ზოგადი ნათქვამია. ქართულ მედიას ეს სატკივარი მუდამ ახსოვს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ყოველდღიურ საზრუნავზე გადაგებული ჩვენი კლუბების ხელმძღვანელები ამას ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ.
დროა, კარტები გავხსნათ: ალბათ მიხვდით, ჩვენს გავერანებულ მინდვრებს ვგულისხმობთ, სადაც ფეხბურთის თამაში, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა. სადღეისოდ ჩვენი ერთადერთი დანიშნულება წამყვანი ევროპული კლუბებისთვის ფეხბურთელების მიწოდება შეიძლება იყოს. ეს ჩვენს გუნდებში ძალიან კარგად იციან და აქცენტს ხშირად ახალგაზრდა ფეხბრუთელებზე აკეთებენ, მაგრამ არის მეორე უკიდურესობაც - ახალგაზრდა ფეხბურთელი ნამდვილად ვერ გაიზრდება ისეთ მინდვრებზე, ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქს რომ ”ამშვენებს”.
ბოლოს და ბოლოს, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როგორ შეიძლება იგი საფეხბურთოდ მოვნათლოთ, როცა სულ ორი კარგი მინდორი გვაქვს.... გვესმის, რომ ძალიან რთულია გაკიცხო ის ხალხი, თეთრს თეთრზე რომ აწებებს თავისი კლუბის საკეთილდღეოდ. კიდევ უფრო რთულია დირექტივებით ელაპარაკო ფეხბურთში ბევრისმნახველ ადამიანს, ამას არც ვაპირებთ. უბრალოდ, ვთხოვდით მათ, რომ ნებისმიერ ფასად შეძლონ და ერთი კარგი მინდორი გააკეთონ საკუთარი გუნდისთვის, იმ ბიჭებისთვის, დღეს რომ შეაღეს დიდი ფეხბურთის კარი და ხვალ რომ კიდევ მეტი უნდათ.
საქართველოს ჩემპიონატს რამდენიმე ძალიან კარგი ლეგიონერი დაუბრუნდა. ეს უდავოდ მისასალმებელი ტენდენციაა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ ამ ბიჭებს არ მოსწყინდებათ ”თამაში ჭვავის ყანაში”, არ დაჰკრავენ ფეხს და იქ არ გაიქცევიან, საიდანაც დაგვიბრუნდნენ.
ერთიცაა: თავად ვყოფილვარ არაერთი ქართული გუნდის ევროპული ვოიაჟის თანამონაწილე და არ შეიძლება, კეთილი შურით არ გშურდეს იმისა, თუ როგორ უვლიან მინდორს. არა გვგონია, აქ მხოლოდ ფინანსები იყოს მთავარი, ზოგჯერ ქადა ცალი ხელითაც იჭმევა. ძალიან კარგია, რომ ბოლო დროს ამბიციური კლუბები მოგვიმრავლდნენ. ჩვენი პირველობის მოწინავე სამეული ისეთია, ნამდვილად შეუძლია, ევროთასებზე ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო, მაგრამ რთული არ არის ევროთასებზე წარმატებით თამაში მაშინ, როცა ევროსტანდარტების დონის მინდორზე მხოლოდ წელიწადში რამდენიმეჯერე თამაშობ?
არადა, ერთი ან ორი მერცხალი ამ კუთხით გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს. კარგი, მოუარე მინდორს, მაგრამ რა გამოდის? მხოლოდ შენს სტადიონზე ხომ არ უმასპინძლებს მოწინააღმდეგეებს? ზოგადად საქართველოში თებერვალში თამაში სასურველი რომ არ არის, ამაზე ადრეც ვილაპარაკეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ თუ ნორმალური მინდვრები გვექნა, მერე აღარც თებერვლისა შეგვეშინდება და ზამთრის სუსხში ტალახბურთის ნაცვლად ფეხბურთს ვიხილავთ.”
|