2011 წლის 13 თებერვალი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის გამო, 14 თებერვალს ზესტაფონში დანიშნული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩი მოგვიანებით გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მოედნის მდგომარეობა პირადად სფფ-ის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას შეუმოწმებია და მატჩის გადატანის გადაწყვეტილებაც მას შემდეგ იქნა მიღებული.
“ზესტაფონი”-“ტორპედოს” ჩატარების სავარაუდო თარიღად, ფედერაციაში 2 ან 3 მარტს ასახელებენ. ზემოიმერლებს რაც შეეხებათ, ისინი ესპანური შეკრებიდან ჩამოსვლის შემდეგ, თბილისში, კერძოდ, კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია “ოლიმპიკის” საფეხბურთო მოედანზე ვარჯიშობენ და თბილისის “დინამოსთან” დედაქალაქში 19 თებერვალს გასამართი 20-ე ტურის შეხვედრისთვის იქვე მოემზადებიან.