08.02.2011

 

 

 

ბოლო მატჩი ”მარბელიას თასზე”.

 

 

 

 

2011 წლის 8 თებერვალს ”მარბელიას თასზე” გაიმართა დასკვნითი შეხვედრები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მეშვიდე ადგილისათვის მატჩში ბულგარეთის წარმომადგენელს, ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს ” დაუპირისპირდა.

 

დღევანდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე ბულგარეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ქვეყნის 2004 წლის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, პლოვდივის საფეხბურთო კლუბი ”ლოკომოტივი ” გახლდათ. შეხვედრა, რომელშიც ”მარბელიას თასის” გათამაშების მეშვიდე ადგილის მფლობელის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, მარბელიას საფეხბურთო ცენტრში გაიმართა და ადგილობრივი დროით 11:30 (თბილისის დროით - 14:30) საათზე დაიწყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველთა უპირატესობით დაიწყო და უკვე 9-ე წუთზე, ალადაშვილი-აფციაურის კომბინაციისა და შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში რატი წინამძღვრიშვილმა გახსნა. მალევე ჯაბა დვალმა ანგარიშის გაზრდის მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა და გუნდებმა რამდენიმე სწრაფი იერიში გაცვალეს. გატანა ქართველებსაც მართებდათ, ბულგარელებსაც შეეძლოთ გათანაბრება, თუმცა რატის გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გამოდგა.

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი პირველი ტაიმის მსგავსი სცენარით წარიმართა, გუნდები მრავლად ჰქმნიდნენ ხიფათს ერთმანეთის კართან, მაგრამ ანგარიში უცვლელი რჩებოდა. მატჩის დასკვნითი ნაწილი კი ქართველთა დიდი უპირატესობით წარიმართა, აშკარა გახდა ზესტაფონელთა უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. საბოლოოდ, იმერელთა ეს უპირატესობა კიდევ 2 გატანილ გოლში აისახა - 80-ე წუთზე ალექს ბენაშვილი- ნიკოლოზ ჩიხლაძის სწრაფი შეტევა ბულგარელმა იორდან ტოდოროვმა ავტოგოლით ”დააგვირგვინა”, ხოლო 82-ე წუთზე ირაკლი ძარიას წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად შოთა გრიგალაშვილმა აქცია. ზესტაფონელთა შთამბეჭდავი გამარჯვება - 3-0.

”მარბელიას თასზე” მეხუთე ადგილი დაისაკუთრა კიევის ”დინამომ”, რომლის დუბლშემადგენლობამ კრასნოდარის ”ყუბანს” პენალტების სერიაში აჯობა. მესამე ადგილის მფლობელი ტურნირის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელთა მძლეველი პრაღის ”სპარტა” გახდა. ჩეხებმა მესამე ადგილისათვის შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის ”ზენიტი” დაამარცხეს 2-1. ”მარბელიას თასის” 2011 წლის გათამაშების გამარჯვებული კი დნეპროპეტროვსკის ”დნიპრო” გახდა. ფინალურ მატჩში უკრაინელებმა ვარშავის ”პოლონია” მატჩისშემდგომი 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხეს.

 

08.02.2011 - ”ზესტაფონი” - ”ლოკომოტივი” (პლოვდივი, ბულგარეთი) 3-0

”ზესტაფონი”: კვასხვაძე (მეშველიანი, 82), ალადაშვილი (ბენაშვილი, 46), კობახიძე (გრუიცა, 66), ონიანი, ელიავა (ჩიხლაძე, 77), გორგიაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური (ფიფია, 61), ბაბუნაშვილი (ძარია, 54), დვალი (ლომია, 65), წინამძღვრიშვილი (ჭანკოტაძე, 77),

”ლოკომოტივი”: ტ. ტოდოროვი (სტავრევი, 71), გეორგიევი, კავდანსკი (სანდანსკი, 59), ი. ბენჟელუნი (მარჩევი, 90), ი. ტოდოროვი, ვიტანოვი (ეროი, 46), ზლატინსკი, ბარიენტოსი (ი. ბენჟელუნი, 46), სერჟინიო (დოიკიჩი, 46), ლაზაროვი, ოგუნსოტო (რაიმონდი, 46).

გოლები: წინამძღვრიშვილი (9), ი. ტოდოროვი (80, ავტოგოლი,), გრიგალაშვილი (82, პენალტი).

ხვალ, 9 თებერვალს, მალაგა-ბარსელონა-მიუნხენი-თბილისის მარშრუტით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება ...

 
 
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005