ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
ჩვენი უძლიერესი ფეხბურთელების კარგ გუნდებში წასვლას მივესალმებით.
ესპანურ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”, შაბათს, “მარბელიას თასის” გათამაშების ეგიდით კიევის “დინამოს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. “მსოფლიო სპორტი” ქართველების თავკაც გია გეგუჩაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
- ბატონო გია, როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის გუშინდელ თამაშს. მით უფრო, გარკვეულ დეტალებში, ტურნირის პირველ მატჩთან შესადარებელი გაქვთ.
- რა თქმა უნდა, შესადარებელი ნამდვილადაა - თუნდაც ანგარიშიდან გამომდინარე. პირველ თამაშში “სპარტასთან” დიდი ანგარიშით დავმარცხდით. რომ გითხრათ, “დინამოსთან” თამაშისთვის რაღაც სპეციალური პროგრამით ვემზადებოდით, მართალი არ ვიქნები. გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ ჩეხებთან მატჩამდე დიდი დატვირთვების ქვეშ იმყოფებოდნენ ფეხბურთელები - სიმსუბუქე აკლდათ მოძრაობაში და როგორც ნახეთ, ის თამაში არ გამოგვივიდა.
კიევის “დინამოსთან” მატჩამდე, ფეხბურთელები შედარებით ნაკლებად დავტვირთეთ. შესაბამისად, ჩვენი თამაში უფრო ლაღი და სანახაობრივი გამოვიდა. თუმცა, ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ ვართ - სამუშაო კიდევ ბევრია.
- ვიდეომიმოხილვიდან გამოჩნდა, რომ “ზესტაფონის” დაცვას საკმაოდ დიდი სამუშაო ჰქონდა და შესაბამისად, ბევრი შეცდომებიც ამ რგოლში იყო.
- ეს ბუნებრივი პროცესია. ვიმეორებ, სამუშაო კიდევ ბევრია, თუნდაც დაცვის ხაზში. ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს უწევს რეგულარული თამაში - იგივე კობახიძეს, რომელიც ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ გამოუცდელია; გრუიცას, რომელიც ახალი მოსულია გუნდში და ბოლომდე ვერ ჩაჯდა ანსამბლში.
- დაცვის შეუთანხმებელ თამაშთანაა კავშირში ესპანეთიდან საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნებული გიორგი ხიდეშელის საკითხიც. იგი დაცვის ცენტრში რეგულარულად თამაშობდა, მაგრამ ჯერ ავადმყოფობამ, მერე კი დისციპლინის დარღვევამ გამოატოვებინა მთელი რიგი თამაშებისა...
- როგორც ყველას, თქვენც იგივე პასუხს გაგცემთ - რომ ჩამოვალთ საქართველოში, ხიდეშელის და გელაშვილის საკითხს დავსვამთ კლუბის ხელმძღვანელობასთან და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცნენ.
- არადა, საყოველთაო აზრით, ეს ფეხბურთელები გასაყიდად იყვნენ გამზადებული და მათგან კლუბს არცთუ უმნიშვნელო შემოსავალი უნდა მიეღო.
- “გასაყიდად”, ცოტა უხერხული ტერმინია. ერთს გეტყვით, ორივე ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი აქვს კლუბთან. თუმცა ის, რომ ჩვენი კლუბიდან ფეხბურთელები წავლენ - ეს გარდაუვალი პროცესია. მთავარია, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდეს კლუბისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც. ჩვენ ყოველნაირად მივესალმებით, რომ ჩვენი უძლიერესი ფეხბურთელები კარგ გუნდებში წავიდნენ, სადაც თავიანთ სათამაშო ოსტატობას კიდევ უფრო აიმაღლებენ, რათა მომავალში ეროვნულ ნაკრებს მოახმარონ საკუთარი კლასი და გამოცდილება.
- ისევ კიეველებთან მატჩს დავუბრუნდეთ. თქვენი რუსი კოლეგა იური სიომინი წუწუნებს, რომ პირველ ერთ საათში “დინამო” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და დიდი ანგარიშითაც უნდა დაწინაურებულიყოო...
- ამ წუთას კიდევ ვუყურე გუშინდელი მატჩის ვიდეოჩანაწერს და ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. დიახ, კიევის “დინამო” ჩვენზე გაცილებით გამოცდილი გუნდია, მაგრამ რომ არა ჩვენი შეცდომები, შეიძლება ანგარიშიც სხვაგვარი ყოფილიყო. იმიტომ ავირჩიეთ ასეთი სპარინგები, რათა თვალნათლივ შევხედოთ, რა მიმართულებითაა სამუშაო საიმისოდ, რომ ევროტურნირებზე გასულებმა სათანადოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი რეალური შესაძლებლობები.
- ტურნირის ბოლო მატჩი ბულგარელებთან გიწევთ. მეტოქის შესახებ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, თუ ამ შეხვედრასაც საერთო მომზადების კუთხით განიხილავთ.
- ეს ჩვენთვის არის სეზონის განახლებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ამდენად, ტურნირსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. უბრალო ამხანაგურ თამაშთან შედარებით, ტურნირის ჩარჩოში მოქცეული გუნდები, უფრო მეტად მოტივირებულნი არიან. ჩვენი სურვილია, ის შეცდომები, რასაც სპარინგზე უშვებს გუნდი, ოფიციალური ასპარეზობების დროს არ გაიმეოროს და შესაბამისად, გუნდმაც გარკვეული გამოცდილება შეიძინოს ძლიერ და მისთვის უცხო მეტოქეებთან ორთაბრძოლებში.
|