05.02.2011

 

 

 

”თრილერი” გრანდთან შეხვედრაში.

 

 

 

 

2011 წლის 5 თებერვალს ”მარბელიას თასზე” გაიმართა ნახევარფინალური სტადიის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც 5-8 ადგილებისათვის ტურნირში აგრძელებს ასპარეზობას, საბჭოთა და უკრაინული ფეხბურთის გრანდს, კიევის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” დაუპირისპირდა.

 

დღევანდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონი და 9-9-გზის თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის სუპერთასის 3-ჯერ და უკრაინის სუპერთასის 4-ჯერ მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის 2-ჯერ და ევროპის სუპერთასის მფლობელი, კიევის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” გახლდათ.

შეხვედრა, რომელიც მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 18:00 (თბილისის დროით - 21:00) საათზე დაიწყო. უკრაინული გუნდი, რომელიც უეფას ევროპის ლიგაზე თურქულ ”ბეშიქთაშთან” 17 თებერვალს გასამართი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრისათვის ემზადება, ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. მატჩის პირველიდან უკანასკნელ წუთამდე მოედანზე გახლდათ უკრაინული ფეხბურთის უკანასკნელი წლების მთავარი ვარსკლავი ანდრიი შევჩენკო.

შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა. ბევრს აქტიურობდა კიეველთა თავდამსხმელთა ”ტრიო” - ანდრიი შევჩენკო, ანდრიი იარმოლენკო და არტიომ მილევსკი. სწორედ ამ ორმა უკანასკნელმა მატჩის 15-ე და 39-ე წუთებზე შეძლეს როინ კვასხვაძის კარის ორჯერ აღება. კიეველთა კარის აღების შანსი ზესტაფონელებსაც მიეცათ - კახა ალადაშვილის მიერ ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა ოდნავ ასცდა ოლექსანდრ შოვკოვსკის კარს.

მეორე ტაიმში ქართველებმა თამაშის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ, რომელიც 68-ე წუთზე ზესტაფონელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილის მიერ გატანილ პირველ საპასუხო გოლში აისახა. უკრაინელებმა კი მეორე ტაიმში თამაში თავიდანვე კონტრიერიშებზე ააგეს. გოლის გატანისა და მატჩის ბედის სლავთა სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვეტის კარგი შანსები მიეცათ გილიერმეს, არტიომ კრავეცს და ანდრიი შევჩენკოს, მაგრამ ხან უკრაინელები სცოდავდნენ შეტევის დაგვირგვინების ფაზაში, ხანაც ქართველთა მცველები და გოლკიპერი მოქმედებდნენ თავგანწირვით. ბოლოს, ზესტაფონელთა აქტიურობამ მაინც გამოიღო შედეგი - 79-ე ქართველთა კიდევ ერთი გააზრებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით რატი წინამძღვრიშვილმა დაასრულა - შედეგად 2-2.

გამარჯვებულის ვინაობა 11-მეტრიანების მატჩისშემდგომმა სერიამ გამოავლინა - საფეხბურთო ”ლატარეაში” იღბალმა კიეველებს გაუღიმა.

05.02.2011 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (კიევი, უკრაინა) 2-2 (4-5 პენალტების სერიაში)

”ზესტაფონი”: კვასხვაძე, ალადაშვილი (ბენაშვილი, 80), გრუიცა (კობახიძე, 53), ონიანი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (გრიგალაშვილი, 39), აფციაური (ფიფია, 80), ბაბუნაშვილი (გორგიაშვილი, 53), დვალი (ლომია, 80), წინამძღვრიშვილი.

”დინამო”: შოვკოვსკი (კოვალი, 46), სილვა, მიხალიკი, იუსუფი, ალმეიდა (ბეტაო, 60), ჰუსევი (გილიერმე, 61), ვუკოიევიჩი, შევჩენკო, ერემენკო, იარმოლენკო (ჰარმაში, 80), მილევსკი (კრავეცი, 61).

გოლები: იარმოლენკო (15), მილევსკი (39), გორგიაშვილი (68), წინამძღვრიშვილი (79).

პენალტები გაიტანეს: გრიგალაშვილი, ელიავა, გორგიაშვილი, დაუშვილი; გილიერმე, კრავეცი, ჰარმაში, ერემენკო, ბეტაო.

ვერ გაიტანეს: ონიანი, ფიფია; სილვა.

ესპანურ შეკრებაზე დასკვნით მატჩს ქართული გუნდი 8 თებერვალს გამართავს. ”მარბელიას თასის” გათამაშების მეშვიდე ადგილისათვის შეხვედრაში ზესტაფონელები პლოვდივის ”ლოკომოტივს” დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით 14:30 საათზე) დაიწყება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005