ხვალ, 5 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების მეორე შეხვედრაში ზესტაფონელები კიევის ”დინამოს” დაუპირისპირდებიან. ხვალინდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონი და 9-9-გზის თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის სუპერთასის 3-ჯერ და უკრაინის 4-ჯერ მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის 2-ჯერ და ევროპის სუპერთასის მფლობელი გახლავთ. მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით კი 21:00 საათზე) დაიწყება და მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე გაიმართება.
დღევანდელი დღე ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში წარიმართა. სამწუხაროდ, არ უვარჯიშია ზურაბ მამალაძეს, რომელმაც პრაღელებთან მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს სერიოზული ტრავმა მიიღო და მისთვის ესპანური შეკრება დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. ფეხბურთელის მუხლი სერიოზულ გამოკვლევას საჭიროებს, გამოკვლევა კი გუნდის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩატარდება.
მნიშვნელოვან სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ ახლადგაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე კლუბის ღირსებას კვლავაც დაიცავენ შემდეგი ფეხბურთელები: როინ კვასხვაძე, რომელმაც თავის კარიერა ”ზესტაფონს” კიდევ 3 წლით დაუკავშირა და ზურაბ მამალაძე (2-წლიანი კონტრაქტი). თორნიკე გორგიაშვილმა კი კლუბთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება 5-წლით გაახანგრძლივა.