03.02.2011

 

 

 

ზესტაფონელები „ბენდელას“ თასის ნახევარფინალში.

 

 

 

 

აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო ტურში, ზესტაფონში, ადგილობრივი კლუბის დუბლშემადგენლობამ პირველი ლიგის ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილის “მერანს” უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ზესტაფონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დამთავრდა.
მატჩამდე გარკვეული იყო რომ მხოლოდ ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი გააგრძელებდა ბრძოლას ტურნირის მთავარი პრიზის დასასაკუთრებლად, ამიტომ ორივე გუნდი მობილიზებული და ბრძოლისთვის განწყობილი გავიდა მოედანზე.


მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, 5-ე წუთზე ჯემალ ხანთაძე ორ მარტვილელ მცველს გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. 7-ე წუთზე საპასუხო შეტევაში მარტვილელთაგან ამბროლაძე ურტყავდა, მაგრამ უშედეგოდ. 10-ე წუთზე ნოდარ გაჩეჩილაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, სტუმართა კარის დარაჯმა შეროზიამ ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია. 15-ე წუთზე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ მარტვილელთა აფრიკელი ლეგიონერი ტაპე აღმოჩნდა, მაგრამ ალექსანდრე გიორგაძემ გატანა არ დაანება. 20-ე წუთზე, სტუმართა მცველების შეუთანხებელი მოქმედების შემდეგ, ბურთი ხანთაძეს მიუვიდა, მანაც შეუჩერებლად დაარტყა კარის მიმართულებით - შეროზია ამჯერადაც საიმედო იყო. 25-ე წუთზე მარტვილელთა შეტევისას მარჯვენა ფლანგიდან ილურიძემ ჩააწოდა ბურთი, მასპინძელთა მეკარემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, გადმოვარდნილ ბურთს დაუცველი კარის მიმართულებით კუჭუხიძე გზავნიდა, თუმცა სიტუაცია ზესტაფონელმა მცველებმა განმუხტეს. 38-ე წუთზე ტაპე ურტყავდა ხელსაყრელი პოზიციიდან კარისაკენ, მაგრამ გიორგაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის 40-ე წუთზე გაჩეჩილაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მარტვილელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ზესტაფონელმა სანიკიძემ კარგად ისარგებლა და შეხვედრაში ანგარიშიც გახსნა - 1-0. ტაიმის ბოლოს მარტვილელებს ჰქონდათ ორი საგოლე მომენტი - ჯერ კუჭუხიძეს, შემდეგ ამბროლაძეს, თუმცა ორივე შემთხვევაში გიორგაძე უშეცდომო იყო.


მეორე ტაიმი 1 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზესტაფონელებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, გაჩეჩილაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია. მალევე გაგოშიძე ურტყავდა შორიდან ძლიერად - ბურთი ხარიხას ზემოდან გადაევლო. 57-ე წუთზე მარტვილელი გიორგი თურმანიძე ურტყავდა საჯარიმოს გარედან, გიორგაძე ამჯერადაც კარგად მოქმედებდა. მალევე კუჭუხიძე ურტყავდა ახლო მანძილიდან სახიფათოდ, ისევ გიორგაძემ ივარგა. 70-ე წუთზე ხანთაძე ურტყავდა კარისკენ, მეკარე იოლად დაეუფლა ბურთს. 83-ე წუთზე მარტვილელებს ამ მატჩში ყველაზე რეალური მომენტი შეექმნათ -თურმანიძის ჩამოწოდებულ კუთხურს კუჭუხიძემ თავი დაუხვედრა და კარისკენ გადაგზავნა, ბურთი ძელმა აისხლიტა. მატჩის ბოლო წუტზე უკვე ”ზესტაფონს” შეეძლო მეორე გოლის გატანა. საბლოოდ, მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა ”ბენდელას” თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

”ზესტაფონი-2”: გიორგაძე, გრიგალაშვილი, ფერაძე, ფოცხვერაშვილი (მნათობაშვილი), სანიკიძე, ლურსმანაშვილი, გაჩეჩილაძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე, ხანთაძე, სარდალიშვილი.

”მერანი”: შეროზია, ჟვანია, იობაშვილი, სუხიშვილი, გაგოშიძე, ილურიძე, ჯოელი, ქონიავა, კუჭუხიძე, ამბროლაძე, ტაპე.

”ზესტაფონი-2”-მა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც 4 თებერვალს, რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” გაიმართება, თბილისის ”დინამოს” დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდება.

 

დიმა ნებიერიძე და მათე მუმლაძე სპეციალურად www.fczestafoni.ge-სთვის
   
FC ZESTAFONI © 2005