02.02.2011

 

 

 

მარცხი პრაღელებთან შეხვედრაში.

 

 

 

 

2 თებერვალს სტარტი აიღო ”მარბელიას თასის” 2011 წლის გათამაშებამ. პრესტიჟული ტურნირის სასტარტო შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ჩეხური ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერთან, პრაღის საფეხბურთო კლუბ ”სპარტასთან” გამართა და დიდი ანგარიშით 0-5 დამარცხდა.

 

შეხვედრა, რომელიც მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 11:30 (თბილისის დროით - 14:30) საათზე დაიწყო. ჩეხეთის ჩემპიონი, რომელიც უეფას ევროპის ლიგაზე ინგლისურ ”ლივერპულთან” ორ კვირაში გასამართი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრისათვის ემზადება, ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. აშკარად თვალშისაცემი იყო ის, რომ გუნდები მზადების სხვადასხვა ეტაპზე და, შესაბამისად, სხვადასხვა სათამაშო და ფუნქციონალურ კონდიციებში იმყოფებიან. ყველაფრის ამის მიუხედავად, ძალიან გასაკვირი იყო ის უპირატესობა, რომელიც მატჩის მიწურულს ტაბლოზე დაფიქსირდა.

არადა, შეხვედრა ქართველთა თვალშისაცემი ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ჩეხებმა კი თამაში თავიდანვე კონტრიერიშებზე ააგეს. ქართველთაგან განსხვავებით (რომელთა მზადების პროგრამა ამ ეტაპზე ორჯერად ვარჯიშებს ითვალისწინებს), ჩეხებს გუშინ განთვირთვის დღე ჰქონდათ და გარკველწილად ამაშია საძებარი მიზეზი იმისა, რომ სლავები უფრო ”ჯანიანად” გამოიყურებოდნენ და სწრაფი კონტრაქციებით პრობლემებს უქმნიდნენ ოპონენტებს.

გოლები ზესტაფონელთა კარში ”სპარტას” ორმა ფეხბურთელმა გაიტანა: კამერუნელმა ლეონარდ კვეუკემ თავი 14-ე, 40-ე და 54-ე წუთებზე გამოიჩინა, ხოლო დავიდ პაველკამ მატჩის მიწურულს (81-ე და 84-ე წუთები) ორიც დაამატა. რამდენიმე ეპიზოდში თავის გამოჩენა ქართველ ფეხბურთელებსაც შეეძლოთ, თუმცა მათი ყველა ცდა წარუმატებელი გამოდგა.

 

02.02.2011 - ”ზესტაფონი” - ”სპარტა” (პრაღა, ჩეხეთი) 0-5

”ზესტაფონი”: მამალაძე (კვასხვაძე, 46), ბენაშვილი (ალადაშვილი, 46), კობახიძე, ონიანი (გრუიცა, 46), ელიავა, დაუშვილი (ჩიხლაძე, 46), გორგიაშვილი (ძარია, 46), აფციაური (ჭანკოტაძე, 46), გრიგალაშვილი (ბაბუნაშვილი, 46), დვალი (ფიფია, 46), წინამძღვრიშვილი (ლომია, 64).

”სპარტა”: ბლაჟეკი, რჟეპკა, პამიჩი, პოდანი (ზემანი, 76), სიონკო (ჰუშეკი, 66), მატეიოვსკი (პაველკა, 76), კვეუკე (ლაჩნი, 81), კუშნირი, ბრაბეცი, ვაცეკი (სკალაკი, 86), კერიჩი (კადერაბეკი, 66).

გოლები: კვეუკე (15, 40, 54), პაველკა (81, 84).

შემდეგ მატჩს ქართული გუნდი 5 თებერვალს გამართავს. ”მარბელიას თასის” გათამაშების მეორე შეხვედრაში ზესტაფონელები კიევის ”დინამოს” დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005