28.01.2011

 

 

 

ზესტაფონელებმა „ბენდელაზე“ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

 

 

 

 

გრძელდება აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტრადიციული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები. ტურნირის მეორე ტურში ცხინვალის ”სპარტაკთან” მარცხის (1-4) შემდეგ, 2011 წლის 27 იანვარს ზესტაფონელთა დუბლები “ავაზა-ვისოლის” გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

მატჩი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ზესტაფონლებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტი ნოდარ გაჩეჩილაძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

გოლიდან 10 წუთში სტუმრებმა ისევ იუხეშეს საჯარიმოს მისადგომებთან, საჯარიმო დარტყმის შესრულება ისევ გაჩეჩილაძემ ითავა და სტანდარტიდან ანგარიში ორამდე გაზარდა.

ზესტაფონლები აქტიურად უტევდნენ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კი უმეტესად თავს იცავდნენ, 20-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მიშიკო სარდალიშვილმა ჩააწოდა, საჯარიმოში ყველას ჯემალ ხანთაძემ დაასწრო და ბურთი კარისკენ გადაგზავნა, ამჯერად, სტუმართა მეკარე მამუჩაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტიდან სამ წუთში კი სტუმრებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს - ვაჩანძე მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და გოლის გატანაც არ გასჭირვებია.

მალევე ვაჩანძეს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მასპინძელთა მეკარე გიორგაძემ აჯობა, შემდეგ კი მისი დარტმული კარს ასცდა. 38-ე წუთზე კიკნაველიძემ დაარტყა ძლიერად საჯარიმოს გარედან, ბურთი ხარიხას გავლით კარს გადაცდაა. ტაიმის ბოლო ავაზელმა ჭაბუკიანმა დაარტყა სახიფათოდ, თუმცა, მისი დარტყმა უზუსტო აღმოჩნდა.

მეორე ტაიმი ზესტაფონლებმა აქტიურად დაიწყეს. 47-ე წუთზე გაჩეჩილაძეს შესრულებულ საჯარიმო დარტყმას, სანიკიძემ თავით მიმართულება შეუცვალა და ანგარიში 3:1 გახადა.

57-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ჭაბუკიანმა დაარტყა. გიორგაძემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ვაჩანძე გადმოვარდნილ ბურთზე დაამატა და ჩამორჩენა კვლავ 1 ბურთამდე დაიყვანა - 3:2.

მატჩის 75-ე წუთზე გაჩეჩილაძემ, დაახლოებით, 35 მეტრიდან დაარტყა. ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა. ზუსტად ხუთ წუთში, სტუმრებმა შეუტიეს სახიფათოდ, მაგრამ გატანის შანსი ჭაბუკიანმა და შონიამ ვერ გამოიყენეს.

შეხვედრის 86-ე წუთზე სტუმართა მცველმა, მისსავე საჯარიმოში ხელით ითამაშა, არბიტრმა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი გაჩეჩილაძემ შეასრულა,მისი დარტყმული კი ხარიხამ უკუაგდო.

მატჩის ბოლო წუთზე ზესტაფონელი გაგოშიძე საჯარიმოში შეიჭრა, კარგი გადაცემა გაუკეთა სარდალიშვილს და მანაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2. ზესტაფონლემბა მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმეს.

"ზესტაფონი": გიორგაძე, თ. გრიგალაშვილი, ფერაძე, რობაქიძე (სანიკიძე 30 ), ლურსმანაშვილი, ფოცხვერაშვილი (გეგენავა 60), გაჩეჩილაძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე, სარდალაშიშვილი, ხანთაძე (ო. გრიგალაშვილი, 75).

"ავაზა-ვისოლი": მამუჩაშვილი, ჭუმბურიძე, ჯიქია, გეგუთანაშვილი, ბარაბაქაძე (ღანიაშვილი), ჯანელიძე (მინაშვილი), კიკაბიძე, კობახიძე, შონია, ვაჩანძე, ჭაბუკიანი (ბერიძე).


დიმა ნებიერიძე და მათე მუმლაძე სპეციალურად www.fczestafoni.ge-სთვის
   
FC ZESTAFONI © 2005