წარმატებული სტარტი ”ბენდელას თასზე”.
დაიწყო აფხაზეთის ომის გმირის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი. ჯგუფური ეტაპის მატჩებს ზესტაფონიც მასპინძლობს. დღეს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლიორები რევაზ ძოძუაშვილის საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიის გუნდს შინ დაუპირისპირდნენ.
მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. აღნიშნულმა ტურნირის სტარტმა ქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია და თამაშს დაახლოებით 300 მაყურებელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში მრავლად იყვნენ უცხოელი ფერადკანიანი ფეხბურთელები.
მიმდინარეობდა მატჩი 3-ე წუთი, როდესაც მასპინძელმა მიშიკო სარდალაშვილმა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას ბერდია შარვაძემ დაასწრო, ბურთი თავით მეტოქის კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. მალე თავად სარდალაშვილმა სცადა გოლის გატანა, თუმცა მისი შორეული დარტყმა უზუსტო აღმოჩნდა და სტუმართა კარის ხარიხას ზემოდან გადაევლო. შეხვედრის 22-ე წუთზე ზესტაფონელი ბიჭიკო ფოცხვერაშვილი ტექნიკურად გასცდა 3 მოწინააღმეგეს და შორეული დარტყმით სტუმართა კარი აიღო – 2:0. გოლიდან 5 წუთში საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელებმა მეტოქესთან ჩამორჩენა 1 ბურთამდე დაიყვანეს, ფაილოძემ საჯარიმოს გარეთ ბურთი მიიღო და ულამაზესი დარტყმით ბურთი ზესტაფონელთა კარის ცხრიანში გადაგზავნა – 2:1. ძოძუაშვილის შეგირდებს მალე გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ბერუაშვილის დარტყმული ლამაზ ნახტომში მასპინძელთა კიპერმა კუთხურზე მოიგერია. 35 წუთზე კი ზესტაფონლებმა მესამე გოლის გატანა შეძლეს, ნოდარ გაჩეჩილაძის ჩამოაწოდებული ბურთს ჯემალ ხანთაძემ მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი – 3:1.
ტაიმის ბოლოს კი ხანთაძემ დუბლიც გაიფორმა და ზესტაფონლები წინ 3 ბურთის სხვაობით გავიდნენ 4:1.
მატჩის მეორე ტაიმი პირველთან შედარებით უფრო დაბალ ტემპში წარიმართა. აქტიური იყო ზესტაფონელი გაგოშიძე რომელსაც 58-ე წუთზე მეკარემ რთული ბურთი აუღო. საერთოდ, სტუმართა მეკარემ კარგად იასპარეზა. 70-ე წუთზე აკადემიის ფეხბურთელებმა საჯარიმო დარტყის უფლება მოიპოვეს, ომანაძის დარტყმა იმერლიშვილის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. მასპინძელთაგან აქტიური იყო შეცვლაზე შემოსული გეგენავა, მისი შორეული დარტყმა ჯერ მეკარემ მოიგერია, ხოლო რამდენიმე წუთში ხარიხამ აისხლიტა. შეხვედრის ბოლო წუთზე ძოძუაშვილის შეგირდებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა კამანას დარტყმული კარს აცდა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდის პირველი გამარჯვება ”ბენდელას თასზე” - 4:1.
„ზესტაფონი“: იმერლიშვილი, სანიკიძე (რობაქიძე, 69), ფერაძე, თ.გრიგალაშვილი, ლურსმანაშვილი (ლეჟავა, 75), გაგოშიძე (ო. გრიგალაშვილი, 80), გაჩეჩილაძე (გეგენავა, 78), ხანთაძე, კიკნაველიძე, სარდალაშვილი, შარვაძე (ფოცხვერაშვილი, 10).
რევაზ ძოძუაშვილის საფეხბურთო აკადემია: ჭიჭიაშვილი, ვაჩიბერიძე, ფაილოძე, დათუნაშვილი (ნონიაშვილი). ზაქრაძე, წაქაძე, ომანაძე (კამანა), ბერუაშვილი, ხანიაშვილი, ტანო (აშლო), ზაირი (კოფი).
|