22.01.2011

 

 

 

ამხანაგური მატჩი სამტრედიელებთან.

 

 

 

 

მიმდინარე წლის 22 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია” გახლდათ.

 

ორ იმერულ გუნდს შორის ამხანაგური მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც ფეხბურთს მონატრებული 500-მდე ზესტაფონელი ქომაგი დაესწრო, მასპინძლებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით კი ჩაატარეს, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.

ანგარიში 35-ე წუთზე თორნიკე აფციაურის ზუსტი დარტყმით გაიხსნა, ხოლო 39-ეზე მანვე დუბლიც გაიფორმა. მარგველთა ნახევარმცველს არც ჯაბა დვალი ჩამორჩა და პირველი ტაიმის მიწურულს (41-ე და 43-ე წუთები) ანგარიში 4-0-მდე გაზარდა. ზესტაფონელები მეორე ტაიმშიც ბევრს აქტიურობდნენ და შედეგად, სტუმართა კარი კიდევ სამჯერ დალაშქრეს - თავი საბა ლომიამ (55-ე წუთი), შოთა გრიგალაშვილმა (64-ე წუთი) და ზაალ ელიავამ (82-ე წუთი) გამოიჩინეს. ერთადერთი, რაც სამტრედიელებმა მოახერხეს, გიორგი ალავერდაშვილის მიერ შეხვედრის 67-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-1.

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

პირველი ტაიმი: მამალაძე, ალადაშვილი, გრუიცა, ონიანი, გორგიაშვილი, გაჩეჩილაძე, ბაბუნაშვილი, აფციაური, ჭანკოტაძე, დვალი, წინამღძვრიშვილი.

მეორე ტაიმი: კვასხვაძე, თ. გრიგალაშვილი, კობახიძე, გრუიცა (გაგოშიძე, 55), ელიავა, ბენაშვილი, გორგიაშვილი (სანიკიძე, 55), ჩიხლაძე, შ. გრიგალაშვილი, ლომია, სარდალიშვილი.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005