19.01.2011

 

 

 

ამბები მარგველთა ბანაკიდან.

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კვლავაც განაგრძობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას.

 

 

19 იანვარს გუნდს ზურაბ მენთეშაშვილი შეუერთდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს და ამის გამო საერთო ჯგუფში ის ჯერჯერობით ვერ ივარჯიშებს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 40 მატჩის ჩამტარებელი ქართველი ნახევარმცველის მომავალი ურთიერთობების საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

აქვე უნდა ითქვას, რომ კლუბი დატოვა ხორვატმა ფეხბურთელმა მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩმა, რომელიც ზემოიმერულ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა. რაც შეეხება მის თანამემამულე გორან გრუიცას - კლუბისა და ფეხბურთელის სამომავლო ურთიერთობების ამბავს (სიტუაციის გარკვევისთანავე) ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელი ოპერატიულად შეიტყობს.

22 იანვარს დაგეგმილია საკონტროლო მატჩის გამართვა - ზესტაფონელები თანარეგიონელ საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებენ.

როგორც მოგეხსენებათ, 25 იანვარს, სეზონის განახლებისათვის მზადების დასკვნითი, მეორე ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ესპანეთში. პირენეებზე მარგველები ჯერ ამხანაგურ მატჩებში მოსინჯავენ ძალებს (ქართველთა შესაძლო მეტოქეთა შორის პოლონური, რუმინული და უკრაინული კლუბები განიხილებიან), ხოლო 2 თებერვლიდან პრესტიჟული ”მარბელიას თასის” გათამაშებაშიც ჩაებმებიან. უნდა მოგახსენოთ, რომ გარკვეული ცვლილებები განიცადა ტურნირის მონაწილეთა სიამ. დონეცკის ”შახტარმა და მოსკოვის ”ცსკა”-მ ”ზამთრის ანტრაქტთან” დაკავშირებულ გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს და ტურნირში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამის მიუხედავად, ”მარბელიას თასის” ორგანიზატორებს სულაც არ გასჭირვებიათ ჯგუფების დაკომპლექტება და, საბოლოოდ, ზესტაფონელთა გარდა ტურნირში სტარტს აიღებენ: რუსული ”ზენიტი” (სანქტ-პეტერბურგი) და ”ყუბანი” (კრასნოდარი), უკრაინული ”დინამო” (კიევი) და ”დნიპრო” (დნეპროპეტროვსკი), პოლონური ”პოლონია” (ვარშავა), ჩეხური ”სპარტა” (პრაღა) და ბულგარული ”ლოკომოტივი” (პლოვდივი).

2 თებერვალს, ტურნირის სასტარტო შეხვედრაში, ზესტაფონელები ჩეხეთისა და ჩეხოსლოვაკიის მრავალგზის ჩემპიონს, პრაღის საფეხბურთო კლუბ ”სპარტას” დაუპირისპირდებიან, ხოლო იმერელთა მომდევნო მეტოქის ვინაობას კიევის დინამოელთა და დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” მატჩი გამოავლენს, ქართულ-უკრაინული დაპირისპირება 5 თებერვალს გაიმართება, საბოლოო სახეს კი ტურნირის სატურნირო ცხრილი 8 თებერვალს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ”მარბელიას თასზე” ყველა ადგილი (1-დან 8-ეს ჩათვლით) გათამაშდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005